Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ხოლო სავლე იწონებდა მის მკვლელობას. და იყო იმ დღეს დიდი დევნა ეკლესიისა იერუსალიმში; და ყველა, მოციქულების გარდა, გაიფანტა ჰურიასტანისა და სამარიის სოფლებში.
2და დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და გამართეს დიდი გლოვა მასზე.
3სავლე კი არბევდა ეკლესიას, სახლებში შედიოდა და თრევით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და მიჰყავდა საპყრობილეში.
4და რომლებიც გაიფანტნენ, დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
5ხოლო ფილიპე ჩავიდა სამარიის ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს.
6და ხალხი ერთსულოვნად ყურად იღებდა ფილიპეს ნათქვამს, როცა უსმენდა მას, და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც აღასრულებდა,
7რადგან მრავალთაგან, ვისთანაც იყვნენ არაწმინდა სულები, ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.
8და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.
9იყო ვიღაც კაცი, სახელად სიმონი, რომელიც მანამდე ქალაქში გრძნეულობდა და ხიბლავდა სამარიელ ხალხს და ამბობდა საკუთარ თავზე, რომ დიდი ვინმეა,
10რომლისაც სჯეროდა ყველას, პატარიდან დიდამდე, და ამბობდნენ: ეს არის ღვთის დიდი ძალა.
11და სჯეროდათ მისი იმის გამო, რომ დიდი ხანია, გრძნეულებით ხიბლავდა მათ.
12ხოლო როცა ირწმუნეს ფილიპესი, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის შესახებ, ნათელს იღებდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც.
13და თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელიღო და იყო გამუდმებით ფილიპესთან და ხედავდა სასწაულებსა და დიდ ძალებს, რომლებიც აღესრულებოდა, და გაოცებული იყო.
14გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ მიიღო სამარიამ ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,
15რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სულიწმიდა,
16რადგან ჯერ არ იყო არც ერთ მათგანზე გადმოსული, არამედ მხოლოდ განბანილნი იყვნენ უფალი იესოს სახელით.
17მაშინ დაადეს მათ ხელი, და მიიღეს სულიწმიდა.
18და როცა ნახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელის დადებით ეძლეოდათ სულიწმიდა, მიუტანა მათ ფული
19და უთხრა: მომეცით მეც ეს ძალაუფლება, რათა, ვისაც დავადებ ხელს, მიიღოს სულიწმიდა.
20ხოლო პეტრემ უთხრა მას: შენი ვერცხლი შენთან იყოს წარსაწყმედად, რადგან გეგონა, ღვთის საბოძვარს ფულით მოიპოვებდი.
21არა გაქვს შენ ნაწილი, არც წილი ამ სიტყვაში, რადგან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე.
22ამიტომ შეინანე ეს შენი უკეთურება და ევედრე უფალს, იქნებ მოგეტევოს შენი გულის ზრახვა,
23რადგან ნაღვლის სიმწარეში და სიცრუესთან შეკრულს გხედავ შენ.
24ხოლო სიმონმა მიუგო და უთხრა: ევედრეთ თქვენ ჩემთვის უფალს, რათა არაფერი მოიწიოს ჩემზე, რაც თქვენ თქვით.
25ხოლო მათ დაამოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა და როცა ბრუნდებოდნენ იერუსალიმში, სამარიელთა მრავალ დაბას ახარებდნენ.
26და ანგელოზი უფლისა ეუბნებოდა ფილიპეს და უთხრა: ადექი და წადი სამხრეთით, გზით, რომელიც ჩადის იერუსალიმიდან ღაზაში. იგი უდაბურია.
27და ადგა და წავიდა. და აჰა, კაცი ეთიოპიელი, საჭურისი, ეთიოპიელთა დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, რომელიც განაგებდა მთელ მის საგანძურს, მოსული იყო იერუსალიმში;
28ხოლო როდესაც ბრუნდებოდა და იჯდა თავის ეტლში, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.
29და უთხრა სულიწმიდამ ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.
30და მიირბინა ფილიპემ და გაიგონა, რომ იგი კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს და უთხრა: გესმის კი, რასაც კითხულობ?
31ხოლო მან უთხრა: როგორ შევძლებ გაგებას, თუ ვინმე არ მიხელმძღვანელებს? — და შეევედრა ფილიპეს, ასულიყო და დამჯდარიყო მასთან.
32ხოლო ადგილი წერილისა, რომელსაც კითხულობდა, იყო ეს: როგორც ცხვარი დასაკლავად იქნა მიყვანილი და როგორც ტარიგი თავისი მპარსველის წინაშე უხმოდ არის, ასევე არ აღებს პირს.
33თავისი სიმდაბლის გამო წაერთვა მას თავისი სამართალი, ხოლო მის მოდგმაზე ვინ მოგვითხრობს? რადგან აღიხოცა ქვეყნიდან მისი სიცოცხლე (ეს.53,7-8).
34მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: გევედრები შენ, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვა ვინმეზე?
35და გახსნა ფილიპემ პირი და დაუწყო მას ამ წერილიდან ხარება იესოს შესახებ.
36ხოლო როცა მიდიოდნენ გზაზე, მიადგნენ ერთ წყალს და უთხრა საჭურისმა: აჰა, წყალი, რაღა მაბრკოლებს მე, რომ ნათელვიღო?
37და უთხრა ფილიპემ: თუ გწამს მთელი შენი გულით, მართებულია. მიუგო და უთხრა: მწამს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა.
38და უბრძანა, გაეჩერებინათ ეტლი, და ჩავიდა ორივე წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და ნათელი სცა მას.
39და როცა ამოვიდნენ წყლიდან, სულიწმიდა გადმოვიდა საჭურისზე და უფლის ანგელოზმა წარიტაცა ფილიპე და ვეღარ იხილა იგი საჭურისმა და წავიდა თავის გზაზე გახარებული.
40ხოლო ფილიპე აღმოჩნდა აზოტში და მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.
Next