Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1უთხრა მღვდელმთავარმა: ნუთუ ეს ასეა?
2ხოლო მან თქვა: კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა ჩვენს მამას, აბრაამს, როცა იყო შუამდინარეთში, ვიდრე დამკვიდრდებოდა იგი ქარანში,
3და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ შენ (დაბ.12,1).
4მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დამკვიდრდა ქარანში. და იქიდან მისი მამის სიკვდილის შემდეგ გადმოასახლა იგი ამ ქვეყანაში, რომელშიც ახლა თქვენ მკვიდრობთ.
5და არ მისცა მას მემკვიდრეობა იქ, არც ფეხის დასადგმელი და აღუთქვა, რომ მისცემდა ამას სამფლობელოდ მას და მის თესლს მის შემდეგ; და მას არ ჰყავდა შვილი.
6და უთხრა მას ღმერთმა ასე: იქნება შენი თესლი მწირი უცხო ქვეყანაში და დაიმონებენ მას და უბოროტებენ ოთხას წელიწადს (დაბ.15,13).
7და ხალხს, რომელსაც დაემონებიან, განვსჯი მე, — თქვა ღმერთმა, — და ამის შემდეგ გამოვლენ და მემსახურებიან მე ამ ადგილას (დაბ.15,14).
8და მისცა მას აღთქმა წინადაცვეთისა; და ასე შვა ისააკი და დასცვითა მას მერვე დღეს; და ისააკმა — იაკობი და იაკობმა — თორმეტი მამამთავარი.
9და მამამთავრებს შურდათ იოსებისა და გაყიდეს იგი ეგვიპტეში და იყო ღმერთი მასთან.
10და გამოიხსნა იგი ყველა მისი გასაჭირიდან და უბოძა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინაშე და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტეზე და მთელ მის სახლზე.
11დაიწყო შიმშილი და დიდი გასაჭირი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში და ქანაანში და ვერ მოიპოვებდნენ საზრდოს ჩვენი მამები.
12ხოლო როდესაც გაიგო იაკობმა, რომ იყო საზრდო ეგვიპტეში, გაგზავნა ჩვენი მამები პირველ ჯერზე;
13და მეორე ჯერზე გამოუცხადა თავი იოსებმა თავის ძმებს და გაცხადდა ფარაონის წინაშე იოსების წარმომავლობა.
14და გაგზავნა იოსებმა და მოუხმო თავის მამას, იაკობს, და მთელ თავის სანათესაოს – სამოცდათხუთმეტ სულს.
15და ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში და აღესრულა იგი, და ჩვენი მამებიც.
16და გადმოასვენეს სიქემში და დაასვენეს საფლავში, რომელიც იყიდა აბრაამმა ვერცხლის საფასურად ემორის ძეთაგან სიქემში.
17და როცა მოახლოვდა ჟამი აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა აბრაამს, აღორძინდა ერი და გამრავლდა ეგვიპტეში,
18ვიდრე არ დადგა სხვა მეფე ეგვიპტეში, რომელიც არ იცნობდა იოსებს (გამ.1,8).
19ჩვენი მოდგმის მიმართ ვერაგული განზრახვით იგი ბოროტად ექცეოდა ჩვენს მამებს და აიძულებდა, გადაეყარათ თავისი ჩვილები, რათა არ ეცოცხლათ;
20ამ დროს იშვა მოსე და იყო მშვენიერი ღვთის წინაშე და იზრდებოდა სამ თვეს მამის სახლში;
21ხოლო როდესაც გადააგდეს იგი, აიყვანა ფარაონის ასულმა და გაზარდა თავისთვის შვილად.
22და განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი თავისი სიტყვით და საქმით.
23ხოლო როდესაც შეუსრულდა მას ორმოცი წლის ასაკი, აღიძრა მის გულში თავისი ძმების, ისრაელის ძეების, მონახულების სურვილი.
24და დაინახა ერთი, რომელსაც უსამართლოდ ექცეოდნენ, გამოესარჩლა და შური იძია დაჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი.
25და ეგონა, მიხვდებოდნენ მისი ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით აძლევს მათ ხსნას, ხოლო ისინი ვერ მიხვდნენ.
26მომდევნო დღესაც გამოჩნდა მათ შორის, როცა ჩხუბობდნენ, და არიგებდა მათ, რათა მშვიდობით ყოფილიყვნენ, და ეუბნებოდა: კაცნო, ძმები ხართ თქვენ. რად ექცევით უსამართლოდ ერთმანეთს?
27ხოლო ვინც უსამართლოდ ექცეოდა მოყვასს, ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგადგინა მთავრად და მსაჯულად ჩვენზე?
28თუ ჩემი მოკვლა გინდა, როგორც მოკალი გუშინ ეგვიპტელი (გამ.2,14)?
29და გაიქცა მოსე ამ სიტყვისთანავე და გახდა მწირი მადიამის ქვეყანაში, სადაც შვა ორი ძე.
30და როდესაც შესრულდა ორმოცი წელი, ეჩვენა მას სინას მთის უდაბნოში უფლის ანგელოზი მაყვლოვნის ცეცხლის ალში.
31ხოლო იხილა რა მოსემ, გაუკვირდა ეს ხილვა და, როცა მიდიოდა იგი სანახავად, იყო ხმა უფლისა მის მიმართ:
32მე ვარ ღმერთი შენი მამებისა, ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა (გამ.3,6). და შეძრწუნდა მოსე და ვერ გაბედა შეხედვა.
33და უთხრა მას უფალმა: გაიხადე ხამლი შენი ფეხებიდან, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა (გამ.3,5).
34ხილვით ვიხილე გაჭირვება ჩემი ერისა, რომელიც არის ეგვიპტეში, და მათი გმინვა ვისმინე და გარდამოვედი, რათა ვიხსნა ისინი (გამ.3,7-8); და ახლა მოდი გაგგზავნი შენ ეგვიპტეში.
35ეს მოსე, რომელიც უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად (გამ.2,14)? — იგი ღმერთმა მთავრად და მხსნელად მოუვლინა ანგელოზის ხელით, რომელიც ეჩვენა მას მაყვლოვანში.
36ამან გამოიყვანა ისინი და აღასრულა ნიშნები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში და მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წელი.
37ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეებს: წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენ უფალი ღმერთი თქვენი თქვენს ძმათაგან ჩემ მსგავსად; მისი ისმინეთ (2სჯ.18,16).
38ეს არის, რომელიც იყო კრებულთან უდაბნოში, ანგელოზთან, რომელიც ესაუბრებოდა მას სინას მთაზე, და ჩვენს მამებთან ერთად; ეს არის, რომელმაც შეიწყნარა სიტყვები ცხოვრებისა, რათა მოეცა ჩვენთვის;
39რომლის მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და მიბრუნდნენ თავისი გულებით ეგვიპტისაკენ
40და უთხრეს აარონს: გაგვიკეთე ჩვენ ღმერთები, რომლებიც წაგვიძღვებიან ჩვენ, რადგან ამ მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა მას (გამ.32,1).
41და გააკეთეს ხბო იმ დღეებში და შესწირეს მსხვერპლი კერპს და ხარობდნენ თავისი ხელით ქმნილით.
42და პირი იბრუნა ღმერთმა და მიუშვა ისინი, რომ ემსახურათ ციური ძალებისთვის, როგორც დაწერილია წინასწარმეტყველთა წიგნში: საკლავსა და მსხვერპლს განა მე მწირავდით ორმოცი წელი უდაბნოში, სახლო ისრაელისაო?
43და მიიღეთ კარავი მოლოქისა და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის, რემფანისა, კერპები, რომლებიც შექმენით მათი თაყვანისცემისათვის; და გადაგასახლებთ თქვენ ბაბილონის იქით (ამოს.5,25-27).
44მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც უბრძანა იმან, ვინც ეუბნებოდა მოსეს, რათა გაეკეთებინა იგი იმ სახით, რომელიც იხილა,
45და რომელიც მიიღეს ჩვენმა მამებმა ისოსთან ერთად და შემოიტანეს სამფლობელოში წარმართებისა, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების პირისგან დავითის დღეებამდე,
46რომელმაც პოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა სამყოფელი იაკობის ღმერთისთვის,
47ხოლო სოლომონმა აუშენა მას სახლი.
48მაგრამ უზენაესი ხელით ქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
49ცა ტახტია ჩემი, ხოლო ქვეყანა — კვარცხლბეკი ფეხთა ჩემთა; როგორ სახლს ამიშენებთ მე, ამბობს უფალი, — ან რომელია ადგილი ჩემი განსვენებისა?
50განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე (ეს.66,1)?
51ქედფიცხელნო და წინადაუცვეთელნო გულით და ყურით, თქვენ მუდამ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას როგორც თქვენი მამები, ასევე, თქვენც.
52რომელი წინასწარმეტყველთაგანი არ დევნეს თქვენმა მამებმა? დახოცეს, რომელნიც წინასწარ აუწყებდნენ მართლის მოსვლის შესახებ, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით,
53რომლებმაც მიიღეთ სჯული ანგელოზთა განწესებისამებრ და არ დაიცავით.
54ხოლო ისინი, ესმოდათ რა ეს, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭენდნენ მასზე.
55ხოლო მან, სულიწმიდით აღვსილმა, ახედა ცას და იხილა ღვთის დიდება და იესო, მდგომარე ღვთის მარჯვნივ,
56და თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცებს და ძეს კაცისას, ღვთის მარჯვნივ მდგომარეს.
57ხოლო მათ შეჰყვირეს დიდი ხმით, დაიხშეს ყურები და ერთად მისცვივდნენ მას
58და გაიყვანეს ქალაქის გარეთ და ქვები დაუშინეს და მოწმეებმა თავისი სამოსი დააწყვეს ფეხებთან ვიღაც ჭაბუკისა, რომელსაც ერქვა სავლე.
59და ქვებს უშენდნენ სტეფანეს, რომელიც ლოცულობდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიღე სული ჩემი.
60და მუხლი მოიყარა და შეჰყვირა დიდი ხმით: უფალო, ნუ შეურაცხავ მათ ამას ცოდვად. და ეს რომ თქვა, განისვენა.
Next