თავი - 6
Previous1იმ დღეებში, როდესაც გამრავლდნენ მოწაფეები, დრტვინავდნენ ელინისტები ებრაელებზე, რადგან უგულებელყოფილნი იყვნენ მათი ქვრივები ყოველდღიური მომსახურებისას.
2მაშინ თორმეტმა მოუხმო მოწაფეთა სიმრავლეს და უთხრა: არ არის კარგი ჩვენთვის ღვთის სიტყვის დატოვება და ტაბლების მსახურება;
3ამიტომ გამოარჩიეთ, ძმებო, თქვენგან სარწმუნო კაცები, შვიდნი, სავსე სულიწმიდითა და სიბრძნით, რომელთაც დავადგენთ ამ საქმიანობისთვის,
4ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებაში ვიქნებით გამუდმებით.
5და მოსაწონი აღმოჩნდა ეს სიტყვა მთელი სიმრავლისთვის და გამოარჩიეს სტეფანე, კაცი აღსავსე რწმენითა და სულიწმიდით, და ფილიპე და პროხორე და ნიკანორი და ტიმონი და პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი;
6და დააყენეს მოციქულთა წინაშე და ილოცეს და ხელი დაასხეს მათ.
7და სიტყვა ღვთისა აღორძინდებოდა და ძლიერ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და იუდეველ მღვდელთაგან ბევრი ემორჩილებოდა რწმენას
8ხოლო სტეფანე, სავსე მადლითა და ძალით, აღასრულებდა დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ხალხში.
9ადგნენ ზოგიერთები შესაკრებლიდან, რომელსაც ეწოდება ლიბერტინელთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა, და ასევე, რომლებიც იყვნენ კილიკიიდან და ასიიდან, და ეკამათებოდნენ სტეფანეს,
10და ვერ შეძლეს, წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც მეტყველებდა იგი.
11მაშინ წააქეზეს ვიღაც კაცები, რომლებიც ამბობდნენ: გავიგონეთ მის მიერ ნათქვამი გმობის სიტყვები მოსეზე და ღმერთზე;
12და აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები და მიადგნენ და შეიპყრეს იგი და წაიყვანეს საკრებულოში.
13და წარადგინეს ცრუ მოწმეები, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი განუწყვეტლივ ამბობს გმობის სიტყვებს ამ წმიდა ადგილსა და სჯულზე,
14რადგან გავიგონეთ, რომ იგი ამბობდა: ეს იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც გადმოგვცა ჩვენ მოსემ.
15და შეხედა მას ყველამ, ვინც იჯდა საკრებულოში, და იხილეს მისი პირი, როგორც პირი ანგელოზისა.
Next