Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1ვიღაც კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან, ერთად გაყიდა მამული
2და მოაკლო საფასურს — იცოდა ეს მისმა ცოლმაც — და მოიტანა რაღაც ნაწილი და დადო მოციქულთა ფეხებთან.
3ხოლო პეტრემ უთხრა: ანანია, რატომ აავსო შენი გული სატანამ, რომ გეცრუა სულიწმიდასთან და მოგეკლო მამულის საფასურისთვის?
4განა შენი არ იყო, რაც გქონდა? და რაც გაყიდე, შენს მფლობელობაში არ იყო? რად ჩაიდე შენს გულში ეს საქმე? არა ადამიანებს ეცრუე შენ, არამედ ღმერთს.
5ხოლო როცა გაიგონა ანანიამ ეს სიტყვები, დაეცა და განუტევა სული; და დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო.
6და ადგნენ ახალგაზრდები, შემოსეს იგი და გაიტანეს და დამარხეს.
7და იყო, სამიოდე საათის შემდეგ მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რაც მოხდა, შემოვიდა.
8და უთხრა მას პეტრემ: მითხარი მე, ამდენად გაყიდეთ მამული? ხოლო მან უთხრა: ჰო, მაგდენად.
9და უთხრა პეტრემ მას: რად შეითქვით თქვენ უფლის სულის გამოსაცდელად? აჰა, შენი ქმრის დამმარხველთა ფეხები კართან დგანან და გაგიტანენ შენც.
10და დაეცა მყისვე მის ფეხებთან და განუტევა სული; და როცა შემოვიდნენ ის ჭაბუკები, ნახეს იგი მკვდარი და გაიტანეს და დამარხეს თავის ქმართან.
11და დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც გაიგო ეს.
12ხოლო მოციქულთა ხელით აღესრულებოდა მრავალი სასწაული და ნიშანი ხალხში. და იყვნენ ყველანი ერთსულოვნად სოლომონის სტოაში.
13და სხვა ვერავინ კადნიერდებოდა, შედგომოდა მათ, მაგრამ ხალხი ადიდებდა მათ;
14და უფროდაუფრო ემატებოდნენ მორწმუნენი უფალს, სიმრავლე მამაკაცთა და დედაკაცთა,
15ისე რომ, ქუჩებში გამოჰყავდათ უძლურები და აწვენდნენ სარეცლებზე და საწოლებზე, რათა, როცა პეტრე გაივლიდა, ჩრდილი მაინც მისდგომოდა რომელიმე მათგანს.
16და იკრიბებოდნენ იერუსალიმში მრავალნი გარშემო ქალაქებიდან და მოჰყავდათ უძლურნი და არაწმინდა სულთაგან შეპყრობილნი და იკურნებოდნენ ყველანი.
17აღდგა მღვდელმთავარი, და ყველა, ვინც მასთან იყო სადუკეველთა მწვალებლობიდან, და აღივსნენ შურით
18და დაადეს ხელი მოციქულებს და ჩასხეს ისინი საზოგადო საკანში.
19ხოლო უფლის ანგელოზმა ღამით გაუხსნა საპყრობილის კარი და გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20მიდით და დადექით და უთხარით ტაძარში ხალხს ყოველი სიტყვა ამ ცხოვრებისა.
21ხოლო ეს რომ გაიგონეს, შევიდნენ ისინი ცისკრისას ტაძარში და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდა მღვდელმთავარი, და მასთან მყოფნი, მოიწვიეს საკრებულო და ისრაელის ძეთა მთელი უხუცესობა და გაგზავნეს საპყრობილეში მოციქულთა მოსაყვანად.
22ხოლო როცა მივიდნენ მსახურები, ვერ იპოვეს ისინი საპყრობილეში; დაბრუნდნენ და აუწყეს
23და უთხრეს: ვნახეთ საპყრობილე საგულდაგულოდ დაკეტილი და კარების წინ მდგარი მცველები, ხოლო როცა გავაღეთ, შიგნით ვერავინ ვიპოვეთ.
24როგორც კი გაიგონეს ეს სიტყვები, ტაძრის გამგებელი და მღვდელმთავრები საგონებელში ჩაცვივდნენ, თუ რა უნდა მომხდარიყო.
25და მოვიდა ვიღაც, აუწყა მათ და უთხრა: აჰა, კაცები, რომლებიც ჩასხით საპყრობილეში, ტაძარში არიან, დგანან და ასწავლიან ხალხს.
26მაშინ წავიდა გამგებელი მსახურებთან ერთად და მოიყვანა ისინი ძალდატანების გარეშე, რადგან ეშინოდათ ხალხისა, რომ არ ჩაექოლათ.
27ხოლო როცა მოიყვანეს ისინი, დააყენეს საკრებულოს წინაშე და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა
28და უთხრა: განა ბრძანებით არ გიბრძანეთ თქვენ, აღარ გესწავლებინათ ამ სახელით?! და აჰა, აგივსიათ იერუსალიმი თქვენი მოძღვრებით და გინდათ, მოაწიოთ ჩვენზე სისხლი ამ კაცისა.
29ხოლო მიუგო პეტრემ, და მოციქულებმა და უთხრეს: მორჩილება ღვთისა უფრო გვმართებს, ვიდრე კაცთა.
30ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაკიდეთ და მოკალით.
31იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა თავისი მარჯვენით, რათა მიეცა ისრაელისთვის სინანული და ცოდვათა მიტევება.
32და ამ სიტყვებით ჩვენ ვართ მისი მოწმენი და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა თავის მორჩილებს.
33ხოლო ისინი, როცა გაიგონეს ეს, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ მათი დახოცვა.
34და ადგა საკრებულოში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, სჯულისმოძღვარი, პატივცემული მთელ ერში, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები,
35და უთხრა მათ: კაცნო ისრაელელნო, ფრთხილად იყავით თქვენ ამ ადამიანებთან; რა გინდათ, რომ უყოთ?
36რადგან რამდენიმე ხნის წინ აღდგა თევდა და ამბობდა თავის თავზე, რომ დიდი ვინმეა, და მას რიცხვით ოთხასამდე კაცი მიემხრო; იგი მოკლეს და ყველა, ვინც მას ემორჩილებოდა, გაიფანტა და აღარ არის.
37ამის შემდეგ აღდგა იუდა გალილეველი აღწერის დღეებში და თან გაიყოლა დიდძალი ხალხი; ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას ემორჩილებოდა, გაიფანტა.
38და ახლა გეუბნებით თქვენ: დაეხსენით ამ კაცებს და გაუშვით ისინი, რადგან, თუ კაცთაგან არის ეს განზრახვა ან ეს საქმე, ჩაიშლება,
39ხოლო თუ ღვთისაგან არის, ვერ შეძლებთ მის ჩაშლას და ვაითუ ღვთისმბრძოლნიც აღმოჩნდეთ.
40ხოლო ისინი დაემორჩილნენ მას და მოუხმეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელის შესახებ, და გაუშვეს,
41ხოლო ისინი მიდიოდნენ გახარებულები საკრებულოდან, რადგან ღირსი გახდნენ მისი სახელის გამო შეურაცხყოფისა;
42და ყოველდღე ტაძარში და სახლებში დაუცხრომლად მოძღვრავდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს.
Next