Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1ხოლო ვიდრე ისინი ხალხს ესაუბრებოდნენ, მოადგნენ მათ მღვდლები და ტაძრის გამგებელი და სადუკევლები,
2განრისხებულები იმის გამო, რომ ისინი ასწავლიდნენ ხალხს და აუწყებდნენ იესოს მიერ მკვდრეთით აღდგომას,
3და დაადეს მათ ხელი და ჩასხეს საკანში მეორე დღემდე, რადგან უკვე მწუხრი იყო.
4ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა მათი სიტყვა, ირწმუნა; და იყო მამაკაცთა რიცხვი ხუთი ათასამდე.
5და იყო, მეორე დღეს შეიკრიბნენ მათი მთავრები და უხუცესები მწიგნობრები იერუსალიმში,
6და ანა მღვდელმთავარი, კაიაფა, იოანე და ალექსანდრე და ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან;
7და დააყენეს ისინი შუაში და ეკითხებოდნენ: რა ძალით ან ვისი სახელით მოიმოქმედეთ თქვენ ეს?
8მაშინ პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ: ერის მთავარნო და ისრაელის უხუცესნო,
9თუ ჩვენ დღეს განვისჯებით უძლური კაცისთვის აღსრულებული კეთილი საქმის გამო, რომლითაც იგი განიკურნა,
10იცოდეთ თქვენ ყველამ და ისრაელის მთელმა ხალხმა, რომ იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ, დგას იგი თქვენ წინაშე ჯანმრთელი.
11ეს არის ლოდი, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, და რომელიც იქცა თავკიდურად.
12და სხვა არავის მიერ არის ცხონება, არც არის სხვა სახელი ცის ქვეშ მოცემული კაცთათვის, რომლითაც გვმართებს ჩვენ ცხონება.
13და ისინი, ხედავდნენ რა პეტრესა და იოანეს გაბედულებას, ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბრალო კაცები არიან, და უკვირდათ; თან იცოდნენ, რომ ისინი, იესოსთან იყვნენ,
14მაგრამ ხედავდნენ იმ კაცს, მათთან მდგომს, განკურნებულს, და ვერაფერს ამბობდნენ საწინააღმდეგოს;
15და უბრძანეს მათ საკრებულოდან გარეთ გასვლა და ბჭობდნენ ერთმანეთში
16და ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ კაცებს? რადგან მათ მიერ ცხადი სასწაული აღსრულდა, რომელიც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცნობილია, და ვერ შევძლებთ უარყოფას,
17მაგრამ უფრო მეტად რომ არ გავრცელდეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ ამ სახელის შესახებ კაცთაგან არავის აღარ ელაპარაკონ.
18და მოუხმეს მათ და უბრძანეს, რომ აღარაფერი ეთქვათ, აღარც ესწავლებინათ იესოს სახელის შესახებ.
19ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: განა სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ თქვენ უფრო გისმინოთ, ვიდრე ღმერთს? განსაჯეთ,
20რადგან ჩვენ არ შეგვიძლია არ ვთქვათ, რაც ვიხილეთ და ვისმინეთ.
21ხოლო ისინი კვლავ დაემუქრნენ და, რადგან ვერ იპოვეს საბაბი მათ დასასჯელად, გაათავისუფლეს ხალხის გამო, რადგან ყველანი ადიდებდნენ ღმერთს იმისთვის, რაც მოხდა;
22რადგან ორმოც წელზე მეტის იყო ის კაცი, ვისზეც აღსრულდა განკურნების ეს სასწაული.
23ხოლო ისინი, განთავისუფლებულნი, მივიდნენ თავისიანებთან და აუწყეს, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ.
24ხოლო მათ, ეს რომ გაიგონეს, ერთსულოვნად აიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და თქვეს: მეუფეო, შენ, რომელმაც შექმენი ცა და ქვეყანა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია,
25რომელმაც დავითის, ჩვენი მამის და შენი მსახურის, პირით თქვი სულიწმიდის მიერ: რად აღიძრნენ წარმართნი და ერმა განიზრახა ამაო?
26მოადგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავარნი შეიკრიბნენ ერთად უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ (ფს.2,1–2);
27რადგან ჭეშმარიტად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა ძის, იესოს, წინააღმდეგ, რომელსაც შენ სცხე, ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ერთან ერთად
28აღსასრულებლად იმისა, რაც შენმა ხელმა და შენმა ზრახვამ წინასწარ განაგო, რომ მომხდარიყო.
29და ახლა, უფალო, მოხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს, მთელი გამბედაობით თქვან შენი სიტყვა,
30როდესაც გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად და სასწაულებისა და ნიშნების აღსასრულებლად შენი წმიდა ძის, იესოს, სახელით.
31და მათი ლოცვისას შეიძრა ის ადგილი, სადაც იყვნენ შეკრებილნი, და აღივსნენ ყველანი სულიწმიდით და გაბედულად ამბობდნენ ღვთის სიტყვას.
32ხოლო მრავალს, ვინც ირწმუნა, ერთი გული და სული ჰქონდა და არავინ ამბობდა თავის ქონებაზე, რომ თავისი იყო, არამედ მათ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
33და დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესო ქრისტეს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე,
34და არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, რადგან, ვინც იყო მფლობელი მამულებისა ან სახლებისა, ყიდდნენ და მოჰქონდათ გაყიდულის საფასური
35და დებდნენ მოციქულთა ფეხებთან; და ეძლეოდა თითოეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.
36ხოლო იოსიამ, რომელსაც მოციქულთა მიერ ეწოდა ბარნაბა, რაც ითარგმნება: ძე ნუგეშისცემისა, ლევიანმა, წარმოშობით კვიპრელმა,
37რომელსაც ჰქონდა მამული, გაყიდა იგი და მოიტანა ფული და დადო მოციქულთა ფეხებთან.
Next