Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1პეტრე და იოანე ადიოდნენ ტაძარში მეცხრე ჟამის ლოცვაზე.
2და ვიღაც კაცი, კოჭლი თავისი დედის მუცლიდან, მოჰყავდათ და ყოველდღე სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც ეწოდებოდა მშვენიერი, ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალების სათხოვნელად,
3რომელმაც იხილა პეტრე და იოანე, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, და სთხოვა მოწყალება.
4დააკვირდა მას პეტრე იოანესთან ერთად და უთხრა: შემოგვხედე ჩვენ.
5ხოლო იგი შეჰყურებდა მათ და ელოდა, რომ რამეს მიიღებდა მათგან.
6უთხრა პეტრემ: ვერცხლი და ოქრო არა მაქვს მე, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ შენ: იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით ადექი და იარე! —
7და მოჰკიდა ხელი მის მარჯვენას და ააყენა; და მყისვე გაუმაგრდა მას ტერფები და კოჭები;
8და წამოხტა და გაიარა და შევიდა მათთან ერთად ტაძარში და დადიოდა და ხტოდა და აქებდა ღმერთს.
9და იხილა იგი მთელმა ხალხმა, რომ დადიოდა და აქებდა ღმერთს,
10და იცნეს იგი, რომ ის იყო, ვინც მოწყალებისთვის იჯდა ტაძრის მშვენიერ კარიბჭესთან, და აღივსნენ შიშითა და განცვიფრებით იმის გამო, რაც მასზე აღსრულდა.
11და როცა განკურნებული კოჭლი აკავებდა პეტრეს და იოანეს, მთელმა განცვიფრებულმა ხალხმა მიირბინა მათთან სტოაში, რომელსაც ეწოდება სოლომონისა.
12როდესაც იხილა პეტრემ, უთხრა ხალხს: კაცნო ისრაელელნო, რად გიკვირთ ეს? ან ჩვენ რად შემოგვყურებთ, თითქოს საკუთარი ძალით ანდა ღვთისმოსაობით შევაძლებინეთ მაგას სიარული?
13ღმერთმა აბრაამისამ და ისააკისამ და იაკობისამ, ჩვენი მამების ღმერთმა ადიდა თავისი ძე, იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, რომელმაც განაჩინა მისი განთავისუფლება;
14თქვენ კი წმიდა და მართალი უარყავით და ითხოვეთ, კაცი, მკვლელი, ებოძებინა თქვენთვის;
15ხოლო წინამძღვარი ცხოვრებისა მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16და მისი სახელის რწმენით ეს, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა და მისმიერმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე თქვენ ყველას წინაშე.
17და ახლა, ძმანო, ვიცი, რომ უმეცრებით მოიმოქმედეთ ეს, როგორც თქვენმა მთავრებმა.
18ხოლო ღმერთმა, რომელმაც წინასწარ აუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით ვნება ქრისტესი, ასე აღასრულა.
19ამიტომ შეინანეთ და მოიქეცით, რათა აღიხოცოს თქვენი ცოდვები,
20რათა, როცა მოიწევა ჟამი შვებისა უფლის პირისგან, მოავლინოს თქვენთვის წინასწარ განჩინებული ქრისტე იესო,
21რომელიც ზეცამ უნდა შეიწყნაროს იმ დრომდე, ვიდრე არ აღდგება ყოველივე, რასაც ამბობდა ღმერთი ყველა თავისი წმიდა წინასწარმეტყველის პირით დასაბამიდან;
22რადგან მოსემ უთხრა მამებს: წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენ უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან, ჩემს მსგავსს; მისი ისმინეთ იმ ყველაფრისამებრ, რასაც გეტყვით თქვენ.
23და იქნება, ყოველი სული, რომელიც არ შეისმენს იმ წინასწარმეტყველისას, მოიკვეთება ერიდან (2სჯ,18,15-20).
24და ყველა წინასწარმეტყველი სამუელიდან მოყოლებული და შემდგომნი, რომლებიც ამბობდნენ, წინასწარ იუწყებოდნენ ამ დღეებს.
25თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: შენი თესლით იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი (დაბ.22,18).
26პირველად თქვენ აღგიდგინათ ღმერთმა თავისი ძე, იესო, და მოგივლინათ იგი თქვენს მაკურთხევლად, რათა მოიქცეთ თითოეული თქვენი უკეთურებისგან.
Next