თავი - 2
Previous1და როცა შესრულდა მეერგასე დღე, იყვნენ ყველანი ერთსულოვნად ერთად.
2და იყო უეცრად ზეციდან ხმაური, როგორც ძლიერი ქარის ქროლვა, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.
3და ეჩვენა მათ გაყოფილი ენები, ცეცხლის მსგავსი, და დაადგა სათითაოდ, თითოეულ მათგანს.
4და აღივსნენ ყველანი სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენაზე ისე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5ხოლო იერუსალიმში იმყოფებოდნენ იუდეველები, ღვთისმოშიში კაცები ყველა იმ ხალხიდან, რომელიც არის ცის ქვეშ.
6და როცა ეს ხმა იყო, შეიკრიბნენ მრავალნი და შეშფოთდნენ, რადგან თითოეულს ესმოდა საკუთარ ენაზე, რასაც ისინი ამბობდნენ.
7გაოგნდა ყველა, და უკვირდათ და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ესენი ყველანი, რომლებიც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8და როგორ გვესმის ჩვენ, თითოეულს ჩვენს საკუთარ ენაზე, რომელშიც ნაშობნი ვართ?
9პართელნი, მიდიელნი და ელამელნი, მკვიდრნი შუამდინარეთისა და ჰურიასტანისა, კაპადოკიისა, პონტოსი და ასიისა,
10ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კირენესთან მდებარე ლიბიის მხარეთა, ჩამოსული რომაელები, იუდეველები და პროზელიტები,
11კრეტელნი და არაბნი ვისმენთ, რომ ისინი ჩვენს ენებზე ღვთის დიდებულებათა შესახებ მეტყველებენ.
12გაოგნდნენ ყველანი და საგონებელში ჩაცვივდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა უნდა იყოს ეს?
13ხოლო სხვები დასცინოდნენ და ამბობდნენ: მაჭრით არიან მთვრალნი;
14ხოლო პეტრე დადგა თერთმეტთან ერთად, აიმაღლა ხმა და მიმართა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველნო მკვიდრნო, იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყურად იღეთ ჩემი სიტყვები:
15რადგან არ არიან ესენი მთვრალნი, როგორც თქვენ გგონიათ, ვინაიდან დღის მესამე ჟამია,
16არამედ ეს არის თქმული იოელ წინასწარმეტყველის მიერ:
17და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს უფალი ღმერთი, — მივფენ ჩემი სულისგან ყოველ ხორციელს და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძეები და თქვენი ასულები, და თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრებით განეცხადებათ.
18და ჩემს მონებს და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივფენ ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
19და მოვავლენ ნიშნებს ცაში, ზემოთ, და სასწაულებს — ქვეყანაზე, ქვემოთ, სისხლს და ცეცხლს და კვამლის ალმურს;
20მზე გადაიქცევა სიბნელედ და მთვარე — სისხლად, ვიდრე არ მოიწევა დღე უფლისა, დიდი და ჩინებული.
21და იქნება: ყოველი, რომელიც მოუხმობს უფლის სახელს, ცხონდება (იოელ.3,1-5).
22კაცნო ისრაელელნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი, მოვლინებული ღვთის მიერ თქვენთვის ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, რომელნიც აღასრულა ღმერთმა მის მიერ თქვენ შორის, როგორც თავადაც იცით,
23იგი, ღვთის განჩინებული განზრახვით და წინასწარცნობით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით დამსჭვალეთ და მოკალით,
24რომელიც ღმერთმა აღადგინა და განაქარვა სიკვდილის ტკივილები, რადგან შეუძლებელი იყო მისი დაკავება სიკვდილის მიერ;
25ვინაიდან დავითი ამბობს მის შესახებ: წინასწარ ვხედავ უფალს, ჩემ წინაშეა მარადის, რადგან ჩემ მარჯვნივ არის, რათა არ შევიძრა;
26ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გალობდა ჩემი ენა, და მეტიც, ჩემი ხორციც დამკვიდრდება სასოებით;
27რადგან არ დატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და არ მისცემ შენს წმიდას, იხილოს ხრწნა;
28მაუწყე მე გზები ცხოვრებისა და აღმავსე მე შენი პირის სიხარულით (ფს.15,8-11).
29კაცნო ძმანო, მართებულია, ცხადად გითხრათ თქვენ მამამთავარ დავითის შესახებ, რომ აღესრულა და დაიმარხა და მისი საფლავი არის ჩვენთან ამ დღემდე.
30ვინაიდან წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი მუცლის ნაყოფისგან ხორციელად აღადგენდა ქრისტეს და დასვამდა მის ტახტზე.
31წინასწარ იხილა და ამბობდა ქრისტეს აღდგომის შესახებ, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში, არც მისმა ხორცმა იხილა ხრწნა.
32ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.
33ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა იგი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და გესმით,
34რადგან არა დავითი ამაღლდა ზეცად, როგორც თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
35ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენ ფეხთქვეშ (ფს.109,1).
36მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ უფლად და ცხებულად ქმნა იგი ღმერთმა — ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.
37ხოლო ეს რომ გაიგონეს, მოულბათ გული და უთხრეს პეტრეს და დანარჩენ მოციქულებს: რა ვქნათ, კაცნო ძმანო?
38ხოლო პეტრემ უთხრა მათ: შეინანეთ და ნათელიღეთ თითოეულმა თქვენგანმა იესო ქრისტეს სახელით მოსატევებლად ცოდვათა და მიიღებთ ნიჭს სულიწმიდისას,
39რადგან თქვენია აღთქმა და თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც მოუწოდებს უფალი ღმერთი ჩვენი.
40და სხვა მრავალი სიტყვითაც მოწმობდა, ევედრებოდა მათ და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ უკუღმართი მოდგმისგან.
41ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს მისი სიტყვა და ნათელიღეს; და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.
42და იყვნენ გამუდმებით მოციქულთა მიერ დამოძღვრასა და ერთობაში, პურის განტეხასა და ლოცვაში.
43და შიშმა მოიცვა ყოველი სული და მრავალი ნიშანი და სასწაული აღესრულებოდა მოციქულთა მიერ.
44ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ;
45და მამულებსა და ქონებას ყიდდნენ და უყოფდნენ მას ყველას, ვისაც რა სჭირდებოდა.
46და ყოველდღე გამუდმებით, ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, განტეხდნენ სახლებში პურს და იღებდნენ საზრდოს მხიარული და წრფელი გულით,
47აქებდნენ ღმერთს და მადლმოსილნი იყვნენ მთელი ხალხის წინაშე, ხოლო უფალი ყოველდღე ჰმატებდა ეკლესიას გამოხსნილებს.
Next