თავი - 1
Previous1პრველი სიტყვა დავწერე ყოველივე იმის შესახებ, ჰოი, თეოფილე, რისი კეთებაც და სწავლებაც დაიწყო იესომ
2იმ დღემდე, როდესაც ამაღლდა. იგი ამცნებდა სულიწმიდით მოციქულებს, რომლებიც გამოირჩია
3და რომელთაც წარუდგინა საკუთარი თავი ცოცხალი თავისი ვნების შემდეგ მრავალი სარწმუნო სახით; და ორმოცი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ და ესაუბრებოდა ღვთის სასუფევლის შესახებ,
4და თანამეინახეობდა მათთან და ამცნებდა: იერუსალიმს ნუ განეშორებით, არამედ ელოდეთ მამის აღთქმას, რომელიც ისმინეთ ჩემგან;
5რადგან იოანე ნათელსცემდა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმიდით არცთუ მრავალი დღის შემდეგ;
6ხოლო შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: უფალო, ნუთუ ამჟამად აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
7ხოლო მან უთხრა მათ: არ არის თქვენი საცოდნელი დრო და ჟამი, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით,
8არამედ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში და მთელ ჰურიასტანში და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.
9და როდესაც ეს თქვა, ვიდრე ისინი უყურებდნენ, ამაღლდა და ღრუბელმა დაფარა იგი მათ თვალთაგან.
10და როცა შეჰყურებდნენ მის ზეცად აღსვლას, აჰა, ორი კაცი წარმოუდგა მათ თეთრი სამოსით
11და უთხრა: კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც ამაღლდა თქვენგან ზეცად, ისევე მოვა, როგორი სახითაც იხილეთ იგი აღმავალი ზეცად.
12მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში მთიდან, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა და რომელიც არის იერუსალიმთან ახლოს, შაბათის გზის მანძილზე.
13და როცა შევიდნენ, ავიდნენ ზედა ოთახში, სადაც დარჩნენ პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა.
14ესენი ყველანი გულმოდგინედ ერთსულოვან ლოცვასა და ვედრებაში იყვნენ დედებთან და მარიამთან, იესოს დედასთან, და მის ძმებთან ერთად.
15და იმ დღეებში ადგა პეტრე მოწაფეთა შორის (ხოლო იყო რიცხვი ხალხისა ერთად ასოცამდე) და თქვა:
16კაცნო ძმანო, უნდა აღსრულებულიყო წერილი, სადაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდას შესახებ, რომელიც გახდა წინამძღოლი იესოს შემპყრობთა,
17რადგან შერაცხილი იყო ჩვენ შორის და წილი ხვდა ამ მსახურებისა.
18ხოლო ამან შეიძინა მიწა სიცრუის საზღაურით და პირქვე დაეცა და გასკდა შუაზე და გადმოიყარა მთელი მისი შიგნეულობა;
19და ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ისე რომ, ეწოდა იმ მიწას მათ საკუთარ ენაზე აკელდამა, ესე იგი, სისხლის მიწა;
20რადგან წერია ფსალმუნთა წიგნში: დარჩეს მისი სამკვიდრებელი ოხრად და ნუ იქნება მკვიდრი მასში; და: მისი განსაგებელი სხვამ მიიღოს (ფს.68,26; 108,8).
21ამიტომ გვმართებს ამ კაცთაგან, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მოვიდა და გავიდა ჩვენგან უფალი იესო,
22დაწყებული იოანეს ნათლისცემიდან დღემდე ჩვენგან მისი ამაღლებისა, ერთი ამათგანი გახდეს ჩვენთან ერთად მოწმე მისი აღდგომისა.
23და დააყენეს ორნი: იოსები, რომელსაც ერქვა ბარსაბა და ეწოდა იოსტოსი, და მატათია.
24და ილოცეს და თქვეს: შენ უფალო, ყოველთა გულთმეცნიერო, გამოაჩინე ამ ორთაგან ერთი, რომელიც გამოირჩიე,
25რათა მიიღოს წილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც განუდგა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.
26და უყარეს წილი მათ და შეხვდა წილი მატათიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.
Next