Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1მის შემდეგ კვლავ გამოუცხადა თავისი თავი. იესომ მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე; და გამოუცხადა ასე:
2იყვნენ ერთად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, და ნათანაელი, რომელიც იყო გალილეის კანიდან, და ზებედეს ძეები და მის სხვა მოწაფეთაგან ორნი.
3უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: მივდივარ სათევზაოდ. უთხრეს მას: მოვდივართ ჩვენც შენთან ერთად. გავიდნენ და ავიდნენ ნავზე და იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.
4და როცა გათენდა, იდგა იესო ნაპირზე და არ იცოდნენ მოწაფეებმა, რომ იესოა.
5უთხრა მათ იესომ: ყრმებო, არა გაქვთ რამე საჭმელი? მიუგეს მას: არა.
6ხოლო მან უთხრა მათ: ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით; და ისროლეს და ვეღარ შეძლეს მოზიდვა თევზის სიმრავლის გამო.
7უთხრა იმ მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს: უფალია; ხოლო სიმონ-პეტრემ, როცა გაიგონა, რომ უფალია, შემოისარტყლა სამოსი, რადგან შიშველი იყო, და გადაეშვა ზღვაში;
8ხოლო სხვა მოწაფეები ნავით მივიდნენ, რადგან არ იყვნენ შორს ხმელეთიდან, არამედ დაახლოებით ორას წყრთაზე, და გამოათრიეს ბადე თევზით.
9და როგორც კი გადმოვიდნენ მიწაზე, დაინახეს გაშლილი ნაკვერჩხალი და ზედ დადებული თევზი და პური.
10უთხრა მათ იესომ: მოიტანეთ იმ თევზებიდან, ახლა რომ დაიჭირეთ.
11ავიდა სიმონ-პეტრე და ამოათრია ბადე მიწაზე, სავსე დიდი თევზებით, ას ორმოცდაცამეტი იყო; ამდენი იყო და არ გასკდა ბადე.
12უთხრა მათ იესომ: მოდით, ისადილეთ. და ვერავინ გაბედა მოწაფეთაგან, ეკითხა მისთვის: შენ ვინ ხარ? იცოდნენ, რომ უფალია.
13მივიდა იესო და აიღო პური და მისცა მათ, და თევზიც ასევე.
14ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო მოწაფეებს, რაც აღდგა მკვდრეთით.
15და როცა ისადილეს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: სიმონ იონასო, გიყვარვარ მე ამათზე მეტად? უთხრა მას პეტრემ: ჰო, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ შენ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები.
16უთხრა მას კვლავ მეორედ: სიმონ იონასო, გიყვარვარ მე? უთხრა მას პეტრემ: ჰო, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ შენ. უთხრა მას იესომ: დამწყემსე ჩემი ცხვრები.
17უთხრა მას მესამედ იესომ: სიმონ იონასო, გიყვარვარ მე? შეწუხდა პეტრე, რადგან უთხრა მას მესამედ: გიყვარვარ მე? და უთხრა მას: უფალო, შენ ყოველივე უწყი, შენ იცი, რომ მიყვარხარ შენ. უთხრა მას იესომ: დამწყემსე ჩემი ცხვრები.
18ამინ, ამინ გეუბნები შენ: როცა იყავი ჭაბუკი, თვითონ შემოისარტყლავდი თავს და დადიოდი, სადაც გინდოდა, ხოლო როცა დაბერდები, გაშლი შენს ხელებს და სხვა შემოგსარტყლავს შენ და წაგიყვანს, სადაც არ გინდა.
19და ეს თქვა და მიანიშნებდა, როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. და როცა ეს თქვა, უთხრა მას: გამომყევი მე.
20მობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ მისდევდა მას მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს და რომელიც მიეყრდნო სერობისას მის მკერდს და უთხრა მას: უფალო, ვინ არის, ვინც გაგცემს შენ?
21ეს რომ დაინახა პეტრემ, უთხრა იესოს: უფალო, ეს რა?
22უთხრა მას იესომ: თუ მინდა, რომ იყოს იგი, ვიდრე მოვალ, შენ რა? შენ მე გამომყევი.
23და გავრცელდა ეს სიტყვა ძმათა შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა; და არ უთქვამს მისთვის იესოს: არ მოკვდება, არამედ: თუ მინდა, რომ იყოს იგი, ვიდრე მოვალ, შენ რა?
24ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამაზე და რომელმაც დაწერა ეს, და ვიცით, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა.
25და არის სხვა მრავალიც, რაც აღასრულა იესომ, რომლებიც სათითაოდ რომ დაწერილიყო, არა მგონია, ამ სოფელს დაეტია დაწერილი წიგნები. ამინ.
Next