თავი - 20
Previous1და ერთშაბათს მივიდა მარიამ მაგდალელი საფლავზე განთიადისას, ჯერ კიდევ სიბნელე იყო, და დაინახა ლოდი, აღებული საფლავიდან;
2გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: აიღეს უფალი საფლავიდან და არ ვიცი, სად დადეს იგი.
3გამოვიდა პეტრე, და სხვა მოწაფე და წავიდნენ საფლავზე;
4და მირბოდა ორივე ერთად; ხოლო სხვა მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა წინ და პირველი მივიდა საფლავზე;
5და დაიხარა და დაინახა, რომ ტილოები ეწყო, მაგრამ არ შევიდა.
6მივიდა სიმონ-პეტრეც, რომელიც მისდევდა მას, და შევიდა საფლავში და დაინახა, რომ ტილოები ეწყო,
7და სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა მას, იდო არა ტილოებთან, არამედ ცალკე, შეკეცილი ერთ ადგილას.
8მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, რომელიც პირველი მივიდა საფლავზე, და იხილა და ირწმუნა,
9რადგან ჯერ არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
10და წავიდნენ კვლავ თავისთან მოწაფეები.
11ხოლო მარიამი იდგა საფლავთან, გარეთ და ტიროდა. და როცა ტიროდა, შეიხედა საფლავში
12და დაინახა ორი ანგელოზი, თეთრით შემოსილი, რომლებიც ისხდნენ ერთი თავთან და ერთი ფეხებთან, სადაც ესვენა გვამი იესოსი,
13და უთხრეს მათ მას: დედაკაცო რას ტირი? უთხრა მათ: აიღეს ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დადეს იგი.
14როცა ეს თქვა, მიბრუნდა უკან და დაინახა იესო, რომელიც იდგა, და ვერ იცნო, რომ იესოა.
15უთხრა მას იესომ: დედაკაცო, რას ტირი? ვის ეძებ? — მას ეგონა, რომ მებაღეა, და უთხრა მას: ბატონო, თუ შენ აიღე იგი, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ მას.
16უთხრა მას იესომ: მარიამ! მიბრუნდა იგი და უთხრა მას ებრაულად: რაბბუნი! — რაც ნიშნავს: მოძღვარო — და გაიქცა, რომ შეხებოდა მას.
17უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ ავსულვარ ჩემს მამასთან; წადი ჩემს ძმებთან და უთხარი მათ: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.
18მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მის მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას.
19და როცა მოსაღამოვდა იმ ერთშაბათ დღეს და კარები დაკეტილი იყო, სადაც იყვნენ მოწაფეები შეკრებილნი იუდეველთა შიშის გამო, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
20და ეს რომ თქვა, უჩვენა მათ თავისი ხელები და გვერდი; და გაიხარეს მოწაფეებმა, იხილეს რა უფალი.
21და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ.
22და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა;
23ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან.
24ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, არ იყო მათთან, როცა მივიდა იესო.
25ეუბნებოდნენ მას სხვა მოწაფეები: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან უთხრა მათ: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე სამსჭვალთა კვალს და არ დავადებ ჩემს თითს სამსჭვალთა ადგილს და არ დავადებ ჩემს ხელს მის გვერდს, არ ვირწმუნებ.
26და რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მისი მოწაფეები და თომაც — მათთან ერთად. და მოვიდა იესო, როცა კარები დაკეტილი იყო, და დადგა შუაში და უთხრა: მშვიდობა თქვენდა.
27შემდეგ უთხრა თომას: გამოიწოდე შენი თითი აქ და იხილე ჩემი ხელები; და გამოიწოდე შენი ხელი და დაადე ჩემს გვერდს; და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ იყავი მორწმუნე.
28მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.
29უთხრა მას იესომ: რადგან მიხილე, ირწმუნე; ნეტარნი არიან, რომელთაც არ იხილეს და ირწმუნეს.
30მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა იესომ თავისი მოწაფეების წინაშე, რომელიც არ არის დაწერილი ამ წიგნში;
31ხოლო ეს დაიწერა, რათა გწამდეთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და რათა ვისაც გწამთ, საუკუნო ცხოვრება გქონდეთ მისი სახელით.
Next