Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და შოლტით სცემა.
2და ჯარისკაცებმა დაწნეს გვირგვინი ეკლისგან და დაადგეს მას თავზე და ძოწეულის სამოსით შემოსეს იგი.
3და მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეფეო იუდეველთა! — და ურტყამდნენ მას ყვრიმალში.
4და კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამომყავს იგი თქვენთან გარეთ, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
5გამოვიდა იესო გარეთ ეკლის გვირგვინით და ძოწეულის სამოსით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი.
6და როცა იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ და თქვეს: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ იგი თქვენ და ჯვარს აცვით, რადგან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს.
7მიუგეს მას იუდეველებმა: ჩვენ სჯული გვაქვს და ჩვენი სჯულისამებრ უნდა მოკვდეს, რადგან თავი ძედ ღვთისად გამოაცხადა.
8როცა გაიგონა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა;
9და შევიდა კვლავ პრეტორიუმში და უთხრა იესოს: საიდან ხარ შენ? ხოლო იესომ პასუხი არ გასცა მას.
10უთხრა მას პილატემ: მე არაფერს მეუბნები? არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს, ჯვარს გაცვა შენ და ხელმწიფება მაქვს, გაგიშვა შენ?
11მიუგო მას იესომ: არ გექნებოდა ჩემზე არავითარი ხელმწიფება, რომ არ ყოფილიყო შენთვის მოცემული ზეგარდამო; ამის გამო ჩემს გამცემს შენზე უფრო დიდი ცოდვა აქვს.
12ამის შემდეგ პილატე ცდილობდა გაეშვა იგი, ხოლო იუდეველები ყვიროდნენ და ამბობდნენ: თუ მაგას გაუშვებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან ყოველი, რომელიც მეფედ აცხადებს თავს, ეწინააღმდეგება კეისარს.
13ხოლო პილატემ, როცა გაიგონა ეს სიტყვა, გამოიყვანა გარეთ იესო და დაჯდა მსაჯულის ტახტზე, ადგილზე, რომელსაც ეწოდება ქვაფენილი, ხოლო ებრაულად — გაბბათა.
14და იყო პარასკევი პასექისა, ჟამი იყო დაახლოებით მეექვსე. და უთხრა პილატემ იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე.
15ხოლო ისინი ყვიროდნენ და ამბობდნენ: წაიყვანე, წაიყვანე და ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მიუგეს მღვდელმთავრებმა: არა გვყავს მეფე გარდა კეისრისა.
16მაშინ გადასცა იგი მათ, რათა ჯვარცმულიყო, და წაიყვანეს იესო.
17და იტვირთა თვითონ თავისი ჯვარი და გავიდა თხემის ადგილზე, რომელსაც ეწოდება ებრაულად გოლგოთა,
18სადაც ჯვარს აცვეს იგი, და მასთან ერთად სხვა ორი, აქეთ და იქით, ხოლო შუაში — იესო.
19და დაწერა პილატემ წარწერა და დადო ჯვარზე; და იყო დაწერილი: იესო ნაზორეველი, მეფე იუდეველთა.
20ეს წარწერა მრავალმა იუდეველმა ამოიკითხა, რადგან ახლოს იყო ქალაქთან ის ადგილი, სადაც ჯვარს ეცვა იესო; და იყო დაწერილი ებრაულად, რომაულად, ბერძნულად.
21და ეუბნებოდნენ პილატეს იუდეველთა მღვდელმთავრები: ნუ დაწერ: მეფე იუდეველთა; არამედ როგორც მან თქვა: მეფე ვარ იუდეველთა.
22მიუგო პილატემ: რაც დავწერე, დავწერე.
23და ჯარისკაცებმა, როცა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და გაიყვეს ოთხ ნაწილად, თითოეული ჯარისკაცისთვის ნაწილი — და კვართი; ხოლო კვართი იყო უნაკერო, ზემოდან ნაქსოვი მთლიანად.
24და უთხრეს ერთმანეთს: არ გავხიოთ იგი, არამედ წილი ვყაროთ მასზე, ვისი იქნება, — რათა აღსრულებულიყო წერილი: გაიყვეს სამოსი ჩემი ერთმანეთში და ჩემს კვართზე იყარეს წილი (ფს.21,19), — და ჯარისკაცებმა აღასრულეს ეს.
25ხოლო იდგნენ იესოს ჯვართან მისი დედა და მისი დედის და, მარიამ კლეოპასი, და მარიამ მაგდალელი.
26და იესომ, როცა დაინახა თავისი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, წინ მდგომნი, უთხრა თავის დედას: დედაკაცო, აჰა, ძე შენი.
27შემდეგ უთხრა მოწაფეს: აჰა, დედა შენი. და იმ დროიდან წაიყვანა იგი მოწაფემ თავისთან.
28ამის შემდეგ იხილა იესომ, რომ უკვე ყველაფერი აღსრულდა; და რათა აღსრულებულიყო წერილი, თქვა: მწყურია.
29იდგა ჭურჭელი ძმრით სავსე; და მათ აავსეს ღრუბელი ძმრით და დააგეს უსუპზე და მიუტანეს მას პირთან (ფს.68,22).
30და როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: აღსრულდა; და დახარა თავი და განუტევა სული.
31ხოლო იუდეველებმა, რადგან პარასკევი იყო, რომ არ დარჩენილიყო ჯვარზე გვამები შაბათს — რადგან დიდი დღე იყო ის შაბათი — სთხოვეს პილატეს, რომ გადაემტვრიათ მათთვის წვივები და გადმოეხსნათ.
32მივიდნენ ჯარისკაცები და პირველსაც გადაუმტვრიეს წვივები და მეორესაც, მასთან ერთად ჯვარცმულებს;
33ხოლო როცა მივიდნენ იესოსთან და ნახეს, რომ იგი უკვე მკვდარი იყო, არ გადაუმტვრიეს მას წვივები,
34არამედ ერთმა ჯარისკაცთაგანმა შუბი უგმირა მას გვერდში და მყისვე გადმოვიდა სისხლი და წყალი.
35და რომელმაც იხილა, დაამოწმა და ჭეშმარიტია მისი მოწმობა და მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ;
36რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: მისი ძვალი არ დაიმტვრევა (გამ.12,45).
37და კიდევ სხვა წერილი ამბობს: იხილავენ, ვისაც უგმირეს (ზაქ.12,10).
38ამის შემდეგ სთხოვა პილატეს იოსებმა, რომელიც იყო არიმათიიდან — რადგან იყო იესოს მოწაფე ფარულად იუდეველთა შიშის გამო — რათა წაეღო გვამი იესოსი; და ნება დართო პილატემ; მივიდა და წაიღო მისი გვამი,
39და მოვიდა ნიკოდიმოსიც, რომელიც ადრე მისული იყო იესოსთან ღამით, და მოიტანა შერეული მური და ალოე, დაახლოებით ასი ლიტრა.
40და აიღეს იესოს გვამი და გაახვიეს იგი ტილოებში ნელსაცხებლებით, როგორც არის ჩვეულება იუდეველთა დასაფლავებისა.
41და იყო იმ ადგილას, სადაც ჯვარს ეცვა, ბაღი და ბაღში ახალი საფლავი, რომელშიც ჯერ არავინ იყო დასვენებული.
42იქ დაასვენეს იესო იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო ის საფლავი.
Next