Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის გაღმა, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდა თვითონ, და თავისი მოწაფეები.
2და იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ის ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ;
3ამიტომ იუდამ წამოიყვანა მხედრობა და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან — მსახურები და მივიდა იქ ჩირაღდნებით და ლამპრებით და იარაღით;
4ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა მას, გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?
5მიუგეს მას: იესოს, ნაზორეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. და იდგა იუდაც, მისი გამცემი, მათთან.
6და როგორც კი უთხრა მათ: მე ვარ. — დაიხიეს უკან და დაემხნენ მიწაზე.
7კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ უთხრეს: იესოს, ნაზორეველს.
8მიუგო იესომ: გითხარით თქვენ, რომ მე ვარ. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ;
9რათა აღსრულებულიყო სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მომეცი მე, არ წარვწყმიდე მათგან არც ერთი.
10ხოლო სიმონ-პეტრეს ჰქონდა მახვილი, ამოიღო იგი და დაარტყა მღვდელმთავრის მონას და მოჰკვეთა მას მარჯვენა ყური; და იყო ამ მონის სახელი მალქოზი.
11უთხრა იესომ პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში; სასმისი, რომელიც მომცა მე მამამ, არ შევსვა იგი?
12ხოლო მხედრობამ და ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი,
13და მიიყვანეს პირველად ანასთან, რადგან იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც იყო მღვდელმთავარი იმ წელიწადისა.
14ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც ურჩია იუდეველებს: უმჯობესია ერთი კაცის სიკვდილი ერისთვის.
15და მისდევდა იესოს სიმონპეტრე და სხვა მოწაფე; ხოლო ის მოწაფე იცნობდა მღვდელმთავარს და შევიდა იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში,
16ხოლო პეტრე იდგა კართან, გარეთ გავიდა ის სხვა მოწაფე, რომელიც იცნობდა მღვდელმთავარს, და უთხრა მეკარე დედაკაცს და შეიყვანა პეტრე.
17უთხრა პეტრეს მეკარე მხევალმა: განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? უთხრა მან: არა ვარ.
18და იდგნენ მონები და მსახურები და ნაკვერჩხალი გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ; და იდგა პეტრეც მათთან ერთად და თბებოდა.
19ხოლო მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მისი მოწაფეებისა და მისი მოძღვრების შესახებ.
20მიუგო მას იესომ: მე ცხადად ვეუბნებოდი ამ სოფელს და მე ყოველთვის ვასწავლიდი შესაკრებელსა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება, და დაფარულად არაფერი მითქვამს.
21რას მეკითხები მე? ჰკითხე მათ, ვისაც ესმოდა, რას ვეუბნებოდი მათ; აჰა, ამათ იციან, რა ვუთხარი მე.
22და როცა ეს თქვა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურთაგანმა ყვრიმალში გაარტყა იესოს და უთხრა: ასე პასუხობ მღვდელმთავარს?
23მიუგო მას იესომ: თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე, რომ ცუდია; ხოლო თუ — კარგად, რატომ მცემ მე?
24და გაგზავნა იგი ანამ, შეკრული, კაიაფა მღვდელმთავართან.
25ხოლო სიმონ-პეტრე იდგა და თბებოდა; უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? უარყო მან და თქვა: არა ვარ.
26უთხრა მღვდელმთავრის ერთმა მონამ — ნათესავი იყო მისი, ვისაც მოჰკვეთა პეტრემ ყური — მე არა გნახე შენ ბაღში მასთან ერთად?
27და კვლავ უარყო პეტრემ და მყისვე მამალმა იყივლა.
28და წაიყვანეს იესო კაიაფასგან პრეტორიუმში. და იყო განთიადი. და ისინი არ შევიდნენ პრეტორიუმში, რათა არ შებილწულიყვნენ, არამედ რათა ეჭამათ პასექი.
29გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და უთხრა: რა ბრალს სდებთ ამ კაცს?
30მიუგეს და უთხრეს მას: რომ არ ყოფილიყო იგი ბოროტმოქმედი, შენ არ გადმოგცემდით მას.
31უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ იგი თქვენ და თქვენი სჯულისამებრ განსაჯეთ იგი. უთხრეს მას იუდეველებმა: ჩვენ არა გვაქვს უფლება, ვინმე მოვკლათ,
32რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა, რომ მიენიშნებინა, როგორი სიკვდილით ჰქონდა განზრახული, მომკვდარიყო.
33კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში და მოუხმო იესოს და უთხრა მას: შენა ხარ მეფე იუდეველთა?
34მიუგო იესომ: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემ შესახებ?
35მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი მე; რა გააკეთე?
36მიუგო იესომ: ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისაგან; ამ სოფლისაგან რომ ყოფილიყო ჩემი მეფობა, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ არ გადაეცათ ჩემი თავი იუდეველებისთვის; ხოლო ახლა ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა.
37უთხრა მას პილატემ: ესე იგი, მეფე ხარ შენ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე ამისთვის ვარ შობილი და ამისთვის მოვედი ამ სოფლად, რათა ვმოწმობდე ჭეშმარიტებას; ყოველი, რომელიც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემი ხმისას.
38უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? და როდესაც ეს თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
39გაქვთ თქვენ ჩვეულება, რომ ერთი გაგითავისუფლოთ თქვენ პასექზე; გინდათ, რომ გაგითავისუფლოთ თქვენ მეფე იუდეველთა?
40კვლავ აყვირდა ყველა და თქვა: ეგ არა, არამედ ბარაბა. და იყო ბარაბა ავაზაკი.
Next