Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1ამას ამბობდა იესო და აღაპყრო თავისი თვალები ზეცად და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი, ადიდე ძე შენი, რათა ძემაც გადიდოს შენ,
2რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყოველ ხორციელზე, რათა ყოველს, რომელიც მიეცი მას, მისცეს ცხოვრება საუკუნო.
3და ეს არის ცხოვრება საუკუნო, რათა შეგიცნონ შენ, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ვინც მოავლინე — იესო ქრისტე.
4მე გადიდე შენ ქვეყანაზე, საქმე აღვასრულე, რომელიც მომეცი მე გასაკეთებლად.
5და ახლა შენ მადიდე მე, მამაო, შენთან დიდებით, რომელიც მქონდა შენთან, ვიდრე ეს სოფელი იქნებოდა.
6გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ამ სოფლიდან. შენი იყვნენ და მე მომეცი ისინი და შენი სიტყვა დაიცვეს.
7ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი მე, შენგან არის,
8რადგან სიტყვები, რომლებიც მომეცი მე, მივეცი მათ და მათ მიიღეს და შეიცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე მე.
9მე მათთვის გთხოვ, არა ამ სოფლისთვის გთხოვ, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, რადგან შენი არიან,
10და ჩემი ყველაფერი შენია და შენი ჩემია და განდიდებული ვარ მათში.
11და აღარა ვარ ამ სოფელში და ესენი ამ სოფელში არიან და მე შენთან მოვდივარ. მამაო წმიდაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც მომეცი მე, რათა იყვნენ ერთნი, როგორც ჩვენ.
12როცა ვიყავი მათთან ამ სოფელში, მე შენი სახელით ვიცავდი მათ, რომლებიც მომეცი მე, და დავიცავი; და არც ერთი მათგანი არ წარწყმდა, გარდა წარწყმედის ძისა, რათა წერილი აღსრულდეს;
13ხოლო ახლა შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ამ სოფელში, რათა ჰქონდეთ ჩემი სიხარული თავის თავში სრულად.
14მე მივეცი მათ შენი სიტყვა და ამ სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ამ სოფლისაგანნი, როგორც მე არა ვარ ამ სოფლისაგანი.
15არა გთხოვ, რომ წაიყვანო ისინი ამ სოფლიდან, არამედ რათა დაიცვა ისინი ბოროტისაგან.
16ამ სოფლისაგანნი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამ სოფლისაგანი.
17განწმიდე ესენი ჭეშმარიტებით, რადგან შენი სიტყვა ჭეშმარიტია.
18როგორც მე მომავლინე ამ სოფლად, მეც მივავლინე ისინი ამ სოფლად;
19და მათთვის განვწმედ ჩემს თავს, რათა იყვნენ ისინიც განწმედილნი ჭეშმარიტებით.
20არა მხოლოდ ამათთვის გთხოვ, არამედ მათთვისაც, ვისაც სწამს ჩემი მათი სიტყვებით,
21რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ, მამაო, ჩემში და მე — შენში, რათა ისინიც ჩვენში ერთნი იყვნენ, რათა ამ სოფელს სწამდეს, რომ შენ მომავლინე მე.
22და დიდება, რომელიც მომეცი მე, მივეცი მათ, რათა იყვნენ ერთნი, როგორც ჩვენ ერთი ვართ.
23მე მათში ვარ და შენ — ჩემში, რათა იყვნენ სრულნი ერთობით და რათა იცოდეს ამ სოფელმა, რომ შენ მომავლინე მე და შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24მამაო, ვინც მომეცი მე, მნებავს, რომ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, რომელიც მომეცი მე, რადგან შემიყვარე მე ქვეყნის შექმნამდე;
25მამაო მართალო, სოფელმა შენ ვერ გიცნო, ხოლო მე გიცანი შენ და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე მე.
26და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე მე, მათ შორის იყოს და მე — მათში.
Next