თავი - 16
Previous1ეს გითხარით თქვენ, რათა არ დაბრკოლდეთ.
2შესაკრებლიდან განგკვეთენ თქვენ, მაგრამ მოდის ჟამი, როცა ყოველს, რომელიც დაგხოცავთ თქვენ, ეგონება, რომ მსხვერპლი შესწირა ღმერთს.
3და ამას გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ მამას, არც მე;
4არამედ ეს გითხარით თქვენ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით თქვენ. ეს თავიდანვე არ გითხარით თქვენ, რადგან თქვენთან ვიყავი,
5ხოლო ახლა მივდივარ ჩემს მომავლინებელთან და თქვენგან არავინ მეკითხება მე: სად მიდიხარ?
6არამედ ეს რომ გითხარით თქვენ, მწუხარებამ აავსო თქვენი გული;
7მაგრამ მე ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: უმჯობესია თქვენთვის, რომ მე წავიდე, რადგან, თუ მე არ წავალ, ნუგეშისმცემელი არ მოვა თქვენთან; ხოლო თუ მე წავალ, მოგივლენთ თქვენ მას.
8და მოვა იგი და ამხელს ამ სოფელს ცოდვის გამო და სიმართლის გამო და სამსჯავროს გამო;
9ცოდვის გამო, რადგან არა სწამთ ჩემი;
10და სიმართლის გამო, რადგან მამასთან მივდივარ და ვეღარ მნახავთ მე;
11და სამსჯავროს გამო, რადგან მთავარი ამ სოფლისა დასჯილია.
12კიდევ ბევრი მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ახლა არ შეგიძლიათ დატევა;
13ხოლო როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, წაგიძღვებათ თქვენ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან არ იტყვის თავისით, არამედ რასაც ისმენს, იტყვის და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
14იგი მე მადიდებს, რადგან ჩემგან მიიღებს და გაუწყებთ თქვენ.
15ყოველივე, რაც აქვს მამას, ჩემია; ამის გამო გითხარით თქვენ, რომ ჩემგან მიიღებს და გაუწყებთ თქვენ.
16ცოტაც და ვეღარ მნახავთ მე და კიდევ ცოტაც და მიხილავთ მე, რადგან მე მივდივარ მამასთან.
17უთხრეს მისმა მოწაფეებმა ერთმანეთს: რა არის ეს, რასაც გვეუბნება ჩვენ: ცოტაც და ვეღარ მნახავთ მე და კიდევ ცოტაც და მიხილავთ მე? და: რადგან მე მივდივარ მამასთან? —
18და ამბობდნენ: რა არის ეს ცოტაც? არ ვიცით, რას ამბობს.
19გულისხმაყო იესომ, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: ამის გამო იძიებთ ერთმანეთში, რომ ვთქვი: ცოტაც და ვეღარ მნახავთ მე და კიდევ ცოტაც და მიხილავთ მე?
20ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: იტირებთ და გოდებას დაიწყებთ თქვენ, ხოლო ეს სოფელი გაიხარებს; თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცევა.
21დედაკაცი, როცა შობს, მწუხარეა, რადგან მოვიდა მისი ჟამი; ხოლო როცა შობს ყრმას, აღარ ახსოვს გასაჭირი სიხარულის გამო, რადგან იშვა ადამიანი ამ სოფლად.
22და თქვენ ახლა მწუხარე ხართ და კვლავ გიხილავთ თქვენ და გაუხარდება თქვენს გულს და თქვენს სიხარულს ვერავინ წაგართმევთ თქვენ.
23და იმ დღეს მე არაფერს მკითხავთ. ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
24აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრული იყოს.
25ეს იგავით გითხარით თქვენ, ხოლო მოდის ჟამი, როცა იგავით აღარ გეტყვით თქვენ, არამედ მამის შესახებ ცხადად გაუწყებთ თქვენ.
26იმ დღეს ითხოვთ ჩემი სახელით და არ გეუბნებით თქვენ, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის,
27რადგან თვითონ მამას უყვარხართ თქვენ, ვინაიდან თქვენ მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მე ღვთისაგან გამოვედი;
28გამოვედი მამისაგან და მოვედი ამ სოფლად; კვლავ ვტოვებ ამ სოფელს და მივდივარ მამასთან.
29უთხრეს მას თავისმა მოწაფეებმა: აჰა, ახლა ცხადად გვეუბნები და არავითარ იგავს არ ამბობ.
30ახლა ვიცით, რომ იცი ყველაფერი და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს შენ; ამის გამო გვწამს, რომ ღვთისაგან გამოხვედი.
31მიუგო მათ იესომ: ახლა გწამთ?
32აჰა, მოდის ჟამი და უკვე მოსულია, რათა გაიფანტოთ თითოეული ცალ-ცალკე და მე მარტო დამტოვოთ; და არა ვარ მარტო, რადგან მამა ჩემთან არის.
33ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემ მიერ მშვიდობა გქონდეთ; ამ სოფელში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამხნევდით, რადგან მე ვძლიე ამ სოფელს.
Next