Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამა ჩემი მიწათმოქმედია.
2ყოველ რტოს, რომელიც არის ჩემთან და არ გამოიღებს ნაყოფს, მოჰკვეთს მას; და ყოველს, რომელიც გამოიღებს ნაყოფს, გაწმენდს მას, რათა უფრო მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3ხოლო თქვენ უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელსაც გეუბნებოდით თქვენ;
4იყავით ჩემთან და მე — თქვენთან. როგორც რტოს არ შეუძლია ნაყოფის გამოღება თავისით, თუ არ არის ვაზზე, ასევე არც თქვენ — თუ არ იქნებით ჩემთან.
5მე ვარ ვაზი და თქვენ — რტოები ვინც იქნება ჩემთან და მე — მასთან, ის გამოიღებს მრავალ ნაყოფს, რადგან ჩემ გარეშე არ შეგიძლიათ არაფრის კეთება.
6ვინც არ იქნება ჩემთან, გადაყრიან გარეთ, როგორც ნასხლევს, და გახმება და შეაგროვებენ მათ და ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.
7თუ იქნებით ჩემთან და ჩემი სიტყვები თქვენში იქნება, რაც გინდათ ითხოვეთ, და გექნებათ თქვენ.
8ამით იდიდება მამა ჩემი, რომ მრავალ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფეები.
9როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც შეგიყვარეთ თქვენ; იყავით ჩემს სიყვარულში.
10თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, იქნებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ჩემი მამის მცნებები დავიცავი და ვარ მის სიყვარულში.
11ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში იყოს და თქვენი სიხარული სრული იყოს.
12ეს არის ჩემი მცნება, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13ამაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, რომ თავისი სული დადოს თავისი მეგობრებისთვის.
14თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ, რასაც გამცნებთ თქვენ.
15აღარ გიწოდებთ თქვენ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; ხოლო თქვენ გიწოდეთ მეგობრები, რადგან ყოველივე, რაც გავიგე ჩემი მამისგან, გაუწყეთ თქვენ.
16არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ თქვენ, რათა თქვენ წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი იყოს ის, რომ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ.
17ამას გამცნებთ თქვენ, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
18თუ ამ სოფელს სძულხართ თქვენ, იცოდეთ, რომ ჯერ მე შემიძულა.
19ამ სოფლისაგანნი რომ ყოფილიყავით, სოფელი თავისიანებს შეიყვარებდა; ხოლო რადგან ამ სოფლისაგანნი არა ხართ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ ამ სოფლიდან, ამის გამო სძულხართ თქვენ ამ სოფელს.
20გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც მე გითხარით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნეს, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21მაგრამ ამ ყველაფერს გაგიკეთებენ თქვენ ჩემი სახელის გამო, რადგან არ იციან მომავლინებელი ჩემი.
22რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, ცოდვა არ ექნებოდათ; ხოლო ახლა გამართლება არა აქვთ თავისი ცოდვებისა.
23ვისაც მე ვძულვარ, ჩემი მამაც სძულს.
24რომ არ გამეკეთებინა საქმეები მათ შორის, რომელიც სხვამ ვერავინ გააკეთა, ცოდვა არ ექნებოდათ; ხოლო ახლა მიხილეს და შემიძულეს მეც და ჩემი მამაც;
25რათა აღსრულებულიყო სიტყვა, რომელიც მათ სჯულშია დაწერილი: შემიძულეს მე უმიზეზოდ (ფს.34,19).
26ხოლო როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ თქვენ ჩემი მამისგან, სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისგან გამოდის, იგი დაამოწმებს ჩემზე;
27და თქვენც მოწმობთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.
Next