Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღვთისა და გწამდეთ ჩემი.
2ჩემი მამის სახლში სავანე მრავალია; ასე რომ არა, გეტყოდით თქვენ: მივდივარ, რომ გაგიმზადოთ თქვენ ადგილი.
3და თუ წავალ და გაგიმზადებთ თქვენ ადგილს, კვლავ მოვალ და წაგიყვანთ თქვენ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4და სადაც მე მივდივარ, იცით და გზაც იცით.
5უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და როგორ შეგვიძლია გზა ვიცოდეთ?
6უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემ მიერ.
7თუ მიცნობთ მე, ჩემს მამასაც იცნობთ. და ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი.
8უთხრა მას ფილიპემ: უფალო, გვიჩვენე ჩვენ მამა და საკმარისია ჩვენთვის.
9უთხრა მას იესომ: ამდენ ხანს თქვენთან ვარ და ვერ შემიცანი მე, ფილიპე? ვინც მიხილა მე, იხილა მამაც; და შენ როგორ ამბობ: გვიჩვენე ჩვენ მამა?
10არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომლებსაც მე გეუბნებით თქვენ, ჩემით არ ვამბობ, არამედ მამა, რომელიც ჩემშია, იგი აკეთებს საქმეს.
11გწამდეთ ჩემი, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია, ხოლო თუ არა, ამ საქმეებით ირწმუნეთ ჩემი.
12ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, საქმეებს, რომელთაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს და ამაზე მეტს გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, იმას გავაკეთებ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ;
14რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ მე.
15თუ გიყვარვართ მე, ჩემი მცნებები დაიცავით;
16და მე ვთხოვ მამას და სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ თქვენ, რათა თქვენთან იყოს უკუნისამდე,
17სულს ჭეშმარიტებისას, რომლის მიღებაც ამ სოფელს არ ძალუძს, რადგან ვერ ხედავს მას, არც იცნობს, ხოლო თქვენ იცნობთ მას, რადგან თქვენთან არის და თქვენში იქნება.
18არ დაგტოვებთ თქვენ ობლად, მოვალ თქვენთან.
19კიდევ ცოტაც და ეს სოფელი ვეღარ მნახავს მე, ხოლო თქვენ მნახავთ მე, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც ცოცხლები იქნებით.
20იმ დღეს შეიცნობთ თქვენ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ — ჩემში და მე თქვენში.
21ვისაც აქვს ჩემი მცნებები და იცავს მათ, ის არის, ვისაც ვუყვარვარ მე; ხოლო ვისაც ვუყვარვარ მე, მას შეიყვარებს ჩემი მამაც, და მეც შევიყვარებ მას და გამოვუცხადებ მას ჩემს თავს.
22უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტელმა: უფალო, რა არის, რომ განიზრახე, ჩვენ გამოგვიცხადო შენი თავი და არა ამ სოფელს?
23მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ მე, ჩემს სიტყვებს დაიცავს და მამა ჩემი შეიყვარებს მას და მივალთ მასთან და მასთან დავივანებთ;
24ვისაც არ ვუყვარვარ მე, ჩემს სიტყვებს არ იცავს; და სიტყვა, რომელიც გესმით, არ არის ჩემი, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
25ეს გითხარით თქვენ, რადგან თქვენთან ვარ.
26ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც მოავლენს მამა ჩემი სახელით, იგი გასწავლით თქვენ ყოველივეს და გაგახსენებთ თქვენ ყოველივეს, რაც გითხარით თქვენ.
27მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ; როგორც ეს სოფელი აძლევს, მე ისე არ გაძლევთ თქვენ. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული, ნურც შეშინდება.
28გაგონილი გაქვთ თქვენ, რომ ვთქვი: მივდივარ და მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით მე, გაგიხარდებოდათ, რომ მივდივარ მამასთან, რადგან მამა დიდია ჩემზე.
29და ახლა გითხარით თქვენ, ვიდრე მოხდება, რათა, როცა მოხდება, ირწმუნოთ.
30ბევრს აღარ გეტყვით თქვენ, რადგან მოდის ამ სოფლის მთავარი და ჩემში ვერ იპოვის ვერაფერს,
31არამედ რათა გაიგოს ამ სოფელმა, რომ მიყვარს მამა, როგორც მამცნო მე მამამ, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.
Next