Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1პასექის დღესასწაულამდე იცოდა იესომ, რომ მოვიდა მისი ჟამი, რათა გავიდეს ამ სოფლიდან მამასთან, რადგან შეიყვარა თავისიანები ამ სოფელში და ბოლომდე შეიყვარა ისინი.
2და როდესაც სერობა იყო, ეშმაკს უკვე ჩაედო იუდას, სიმონ ისკარიოტელისას, გულში, რომ გაეცა იგი.
3იცოდა იესომ, რომ ყველაფერი მისცა მას მამამ ხელში და რომ ღვთისაგან გამოვიდა და ღმერთთან მიდის;
4და ადგა სერობიდან და დადო თავისი სამოსი და აიღო არდაგი და შემოირტყა,
5შემდეგ აიღო წყალი, ჩაასხა საბანელში და დაიწყო თავისი მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა და გამშრალება არდაგით, რომელიც შემორტყმული ჰქონდა;
6და მივიდა სიმონ-პეტრესთან. უთხრა მას პეტრემ: უფალო, შენ მბან მე ფეხებს?
7მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც მე ვაკეთებ, არ იცი ახლა, ხოლო ამის შემდეგ გაიგებ.
8უთხრა მას პეტრემ: არა, არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუ არ დაგბან შენ, არა გაქვს წილი ჩემთან.
9უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, არა მხოლოდ ფეხები, არამედ ხელებიც და თავიც.
10უთხრა მას იესომ: განბანილს არ სჭირდება დაბანა გარდა ფეხებისა, რადგან წმინდაა მთლიანად; და თქვენც წმინდა ხართ, მაგრამ არა ყველა. —
11რადგან იცოდა თავისი გამცემი, ამიტომ თქვა: ყველა არა ხართ წმინდა.
12და როცა დაბანა მათ ფეხები, აიღო თავისი სამოსი და ინახით დაჯდა კვლავ და უთხრა მათ: იცით, რა გაგიკეთეთ თქვენ?
13თქვენ მეძახით მე: მოძღვარო და უფალო, — და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.
14თუ მე დაგბანეთ თქვენ ფეხები, უფალმა და მოძღვარმა, თქვენც გმართებთ ერთმანეთისთვის ფეხების დაბანა;
15რადგან მაგალითი მოგეცით თქვენ, რომ როგორც მე გაგიკეთეთ თქვენ, თქვენც ისე აკეთოთ.
16ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი, არც მოციქული — თავის მომავლინებელზე დიდი.
17ეს თუ იცით, ნეტარნი ხართ, თუ აკეთებთ ამას.
18არა ყველა თქვენგანზე ვამბობ, რადგან მე ვიცი, ვინ გამოვირჩიე, არამედ რათა წერილი აღსრულებულიყო: რომელიც ჭამდა ჩემთან პურს, აღმართა ჩემზე თავისი ქუსლი (ფს.40,9).
19ამიერიდან გეუბნებით თქვენ, ვიდრე აღსრულდება, რათა, როცა იქნება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
20ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს, რომელსაც მე მივავლენ, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
21ეს თქვა იესომ და შეძრწუნდა სულით და დაამოწმა და თქვა: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ერთი თქვენგანი გამცემს მე.
22უყურებდნენ ერთმანეთს მოწაფეები და ვერ გაეგოთ, ვის შესახებ ამბობდა.
23და ინახით იჯდა იესოს გვერდით ერთი მისი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.
24ანიშნა მას სიმონ-პეტრემ, რომ ეკითხა, ვინ არის, ვის შესახებაც ამბობს.
25და მიეყრდნო იგი იესოს მკერდს და უთხრა მას: უფალო, ვინ არის?
26მიუგო იესომ და უთხრა: ის არის, ვისაც მე ჩავუწობ ლუკმას და მივცემ. და ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელისას.
27და ლუკმის მიღების შემდეგ შევიდა მასში სატანა და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, გააკეთე მალე.
28მეინახეთაგან ვერავინ გაიგო, რისთვის უთხრა ეს მას,
29რადგან ზოგიერთს ეგონა, ვინაიდან ყულაბა ჰქონდა იუდას, ამიტომ უთხრა მას იესომ: იყიდე, რაც გვჭირდება დღესასწაულისთვის; ან გლახაკებისთვის რომ რაიმე მიეცა.
30და მიიღო მან ლუკმა და მაშინვე გავიდა; და იყო ღამე.
31და როცა გავიდა, თქვა იესომ: ახლა იდიდა ძე კაცისა და ღმერთი იდიდა მასში.
32თუ ღმერთი იდიდა მასში, ღმერთიც ადიდებს მას თავის თავში, და მყისვე ადიდებს მას.
33შვილებო, კიდევ ცოტა ხანს თქვენთან ვარ; მომძებნით მე და როგორც ვუთხარი იუდეველებს, რომ, სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლას, თქვენც გეუბნებით ახლა.
34ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
35ამით მიხვდება ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი.
36უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიდიხარ? მიუგო მას იესომ: სადაც მე მივდივარ, არ შეგიძლია ახლა გამომყვე, ხოლო მერე გამომყვები მე.
37უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ არ შემიძლია გამოგყვე შენ ახლა? ჩემს სულს დავდებ შენთვის.
38მიუგო იესომ და უთხრა მას: შენს სულს ჩემთვის დადებ? ამინ, ამინ გეუბნები შენ: არ იყივლებს მამალი, ვიდრე არ უარმყოფ მე სამგზის.
Next