თავი - 12
Previous1ხოლო იესო პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა ბეთანიაში, სადაც მოკვდა ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით.
2და გაუმართეს მას იქ სერობა და მართა ემსახურებოდა, ხოლო ლაზარე იყო მისი ერთი თანამეინახეთაგანი.
3და მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, და სცხო ფეხებზე იესოს და შეუმშრალა თავისი თმით მას ფეხები; და სახლი აივსო ნელსაცხებლის სურნელით.
4და თქვა ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა სიმონისამ, ისკარიოტელმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა მისი გაცემა:
5რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და არ მიეცა გლახაკებს?
6და ეს თქვა არა იმიტომ, რომ გლახაკებზე ზრუნავდა იგი, არამედ იმიტომ, რომ მპარავი იყო და ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ყრიდნენ მასში, თან დაჰქონდა.
7და უთხრა იესომ: აცადე მაგას, რადგან ჩემი დამარხვის დღისთვის შეინახა იგი,
8რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან, ხოლო მე ყოველთვის არა ვარ თქვენთან.
9გაიგო იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა, რომ იესო იქ არის, და მივიდნენ არა მხოლოდ იესოსთვის, არამედ რათა ლაზარეც ენახათ, რომელიც აღადგინა მკვდრეთით.
10და მოითათბირეს მღვდელმთავრებმა, რომ ლაზარეც მოეკლათ,
11რადგან იუდეველთაგან მრავალნი მივიდნენ მის გამო და ირწმუნეს იესოსი.
12მეორე დღეს დღესასწაულზე მისულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო მოდის იერუსალიმში,
13აიღო პალმის რტოები და გავიდა მის მისაგებებლად, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით (ფს.117,26), მეუფე ისრაელისა!
14და იპოვა იესომ ვირი და დაჯდა მასზე, როგორც დაწერილია:
15ნუ გეშინია, ასულო სიონისაო! აჰა, მეუფე შენი მოდის და ზის ვირის კვიცზე (ეს.62,11; ზაქ.9,9).
16და ეს ვერ გაიგეს მისმა მოწაფეებმა თავიდან, არამედ როცა განდიდდა იესო, მაშინ გაახსენდათ, რომ ეს იყო მასზე დაწერილი და ასე მოექცნენ მას.
17და მოწმობდა ხალხი, რომელიც იყო მასთან ერთად, რომ ლაზარე გამოიხმო საფლავიდან და აღადგინა იგი მკვდრეთით;
18იმიტომ მიეგება მას ხალხი, რადგან გაგონილი ჰქონდა, რომ მან აღასრულა ეს სასწაული.
19ხოლო ფარისევლებმა უთხრეს ერთმანეთს: ხედავთ, რომ არავითარი სარგებელი არა გაქვთ? აჰა, მთელი ქვეყანა მას გაჰყვა.
20და იყვნენ ამოსულთაგან ვიღაც ელინები, რათა თაყვანი ეცათ დღესასწაულზე.
21ისინი მივიდნენ ფილიპესთან, რომელიც იყო გალილეის ბეთსაიდიდან, და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: ბატონო, გვინდა იესოს ნახვა.
22მივიდა ფილიპე და უთხრა ანდრიას; და მივიდნენ ანდრია და ფილიპე და უთხრეს იესოს.
23ხოლო იესომ მიუგო მათ და უთხრა: მოვიდა ჟამი, რათა იდიდოს ძე კაცისა.
24ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: თუ ხორბლის მარცვალი არ ჩავარდება მიწაში და არ მოკვდება, ერთი დარჩება, ხოლო თუ მოკვდება, მრავალ ნაყოფს გამოიღებს.
25ვისაც უყვარს თავისი სული, ღუპავს მას და ვისაც სძულს თავისი სული ამ სოფლად, საუკუნო ცხოვრებისათვის ინახავს მას.
26ვინც მე მემსახურება, მე გამომყვეს და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება; ვინც მე მემსახურება, პატივს სცემს მას მამა ჩემი.
27ახლა სული ჩემი შეძრწუნებულია და რა ვთქვა: მამაო, მიხსენი მე ამ ჟამისგან? მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
28მამაო, ადიდე სახელი შენი. მოვიდა ხმა ზეციდან: და ვადიდე და კვლავ ვადიდებ.
29ხოლო ხალხი, რომელიც იდგა და ესმოდა, ამბობდა: ქუხილი იყო; სხვები ამბობდნენ: ანგელოზი ელაპარაკებოდა მას.
30მიუგო იესომ და უთხრა: არა ჩემთვის იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
31ახლა არის სამსჯავრო ამ სოფლისა, ახლა მთავარი ამ სოფლისა განიდევნება გარეთ.
32და მე, როცა ავმაღლდები ქვეყნიდან, ყველას მოვიზიდავ ჩემთან.
33ხოლო ამას რომ ამბობდა, მიანიშნებდა, როგორი სიკვდილით ჰქონდა განზრახული, რომ მომკვდარიყო.
34მიუგო მას ხალხმა: ჩვენ გვსმენია სჯულიდან, რომ ქრისტე იქნება უკუნისამდე; და როგორ ამბობ შენ, რომ უნდა ამაღლდეს ძე კაცისა? ვინ არის ეს ძე კაცისა?
35უთხრა მათ იესომ: კიდევ ცოტა ხანს ნათელი თქვენთან არის. იარეთ, ვიდრე ნათელი გაქვთ, რათა არ მოგიცვათ თქვენ ბნელმა; და ვინც დადის ბნელში, არ იცის, სად მიდის.
36ვიდრე ნათელი გაქვთ, ირწმუნეთ ნათელი, რათა ნათლის ძეები იყოთ. ეს უთხრა იესომ და წავიდა და მიეფარა მათ თვალს.
37და ამდენი სასწაული აღასრულა მან მათ წინაშე და არ ირწმუნეს მისი,
38რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც თქვა: უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და მკლავი უფლისა ვის გამოეცხადა (ეს.53,1)?
39იმიტომ ვერ შეძლეს ერწმუნათ, რადგან კვლავ თქვა ესაიამ:
40დაიბრმავეს მათ თვალები და გაიქვავეს მათ გულები, რათა არ იხილონ თვალით და არ გულისხმაყონ გულით და არ მოიქცნენ და არ განვკურნო ისინი (ეს.6,10).
41ეს თქვა ესაიამ, იხილა რა მისი დიდება, და ამბობდა მასზე.
42თუმცა მთავართაგანაც მრავალმა ირწმუნა მისი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარა, რათა შესაკრებლიდან არ განკვეთილიყო,
43რადგან შეიყვარეს დიდება კაცთა უფრო, ვიდრე დიდება ღვთისა.
44ხოლო იესომ ღაღადყო და თქვა: ვისაც სწამს ჩემი, არა ჩემი სწამს, არამედ ჩემი მომავლინებლისა;
45და ვინც მხედავს მე, ხედავს ჩემს მომავლინებელს.
46მე, ნათელი, ამ სოფლად მოვედი, რათა არავინ, ვისაც სწამს ჩემი, ბნელში არ დარჩეს.
47და ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვსჯი მას, რადგან მოვედი არა ამ სოფლის განსასჯელად, არამედ რათა ვიხსნა ეს სოფელი.
48ვინც უარმყოფს მე და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს მას მსაჯული: სიტყვა, რომელსაც ვამბობდი, ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს;
49რადგან მე ჩემით არ ვამბობდი, არამედ რომელმაც მომავლინა მე, მამამ, მან მომცა მე მცნება, რა ვთქვა და რა გითხრათ.
50და ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო ცხოვრებაა. და რასაც ვამბობ მე, როგორც მითხრა მე მამამ, ისე ვამბობ.
Next