თავი - 11
Previous1იყო ვინმე სნეული ლაზარე ბეთანიიდან, მარიამისა და მართას, მისი დის, დაბიდან;
2ეს იყო მარიამი, რომელმაც სცხო უფალს ნელსაცხებელი და შეუმშრალა მას ფეხები თავისი თმით და რომლის ძმა, ლაზარე, სნეული იყო.
3გაგზავნეს იესოსთან მისმა დებმა და უთხრეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, სნეულია.
4და როგორც კი გაიგონა იესომ, თქვა: ეს სნეულება არ არის სასიკვდილო, არამედ ღვთის დიდებისთვის არის, რათა იდიდოს ძე ღვთისა ამით.
5და უყვარდა იესოს მართა და მისი და, და ლაზარე.
6როცა გაიგო, რომ სნეულია, მაშინ გაჩერდა, სადაც იყო, იმ ადგილას ორი დღე:
7მერე, ამის შემდეგ უთხრა მოწაფეებს: წავიდეთ კვლავ ჰურიასტანში.
8უთხრეს მას მოწაფეებმა: რაბი, ახლახანს გეძებდნენ შენ იუდეველები ჩასაქოლად და კვლავ იქ მიდიხარ?
9მიუგო იესომ: განა თორმეტი ჟამი არ არის დღეში? ვინც დადის დღისით, არ ბორძიკობს, რადგან ამ სოფლის ნათელს ხედავს;
10ხოლო ვინც დადის ღამით, ბორძიკობს, რადგან ნათელი არ არის მასში.
11ეს თქვა და ამის შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მივდივარ, რომ გავაღვიძო იგი.
12უთხრეს მას მოწაფეებმა: უფალო, თუ დაიძინა, იცოცხლებს.
13ხოლო იესომ თქვა მის სიკვდილზე და მათ ეგონათ, რომ ძილით დაძინებაზე თქვა.
14მაშინ უთხრა მათ იესომ ცხადად: ლაზარე მოკვდა.
15და მიხარია თქვენ გამო, რომ ირწმუნებთ, რადგან არ ვიყავი იქ; მაგრამ წავიდეთ მასთან.
16უთხრა თომამ, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, თანამოწაფეებს: წავიდეთ ჩვენც, რათა დავიხოცოთ მასთან ერთად.
17და როცა მივიდა იესო ბეთანიაში, ნახა, რომ იგი უკვე ოთხი დღე იყო საფლავში.
18და იყო ბეთანია იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით თხუთმეტ უტევანზე.
19და იუდეველთაგან მრავალი იყო მოსული მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი მათი ძმის გამო.
20და როგორც კი მართამ გაიგო, რომ იესო მოდის, მიეგება მას, ხოლო მარიამი სახლში იჯდა.
21უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა;
22მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.
23უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა.
24უთხრა მას მართამ: ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს.
25უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრება; ვინც ირწმუნებს ჩემსას, რომც მოკვდეს, იცოცხლებს,
26და ყველა, ვინც ცოცხალია და სწამს ჩემი, არ მოკვდება იგი უკუნისამდე. გწამს ეს?
27უთხრა მას: ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა, მომავალი ამ სოფლად.
28და როგორც კი ეს თქვა, წავიდა და მოუხმო მარიამს, თავის დას, ფარულად და უთხრა: მოძღვარი მოვიდა და გიხმობს შენ.
29ხოლო როგორც კი გაიგონა მან, სწრაფად ადგა და წავიდა მასთან,
30რადგან ჯერ არ იყო მოსული იესო დაბაში, არამედ იყო კვლავ იმ ადგილას, სადაც მიეგება მას მართა;
31ხოლო იუდეველები, რომლებიც იყვნენ მასთან სახლში და ანუგეშებდნენ მას, როცა დაინახეს, რომ მარიამი სწრაფად ადგა და გავიდა, გაჰყვნენ მას; ეგონათ, რომ მიდიოდა საფლავზე, რათა ეტირა იქ.
32და როგორც კი მარიამი მივიდა, სადაც იყო იესო, და დაინახა იგი, ჩაუვარდა მას ფეხებში და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.
33ხოლო როგორც კი დაინახა იესომ, რომ იგი ტიროდა და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და შეძრწუნდა
34და უთხრა: სად დადეთ იგი? უთხრეს მას: უფალო, მოდი და ნახე.
35და ცრემლები წამოუვიდა იესოსაც.
36და ამბობდნენ იუდეველები: ნახე, როგორ უყვარდა იგი;
37ხოლო ზოგმა მათგანმა თქვა: განა არ შეეძლო ამას, ვინც აუხილა თვალები ბრმას, გაეკეთებინა რამე, რომ ესეც არ მომკვდარიყო?
38და იესო, კვლავ შეძრული შინაგანად, მივიდა საფლავთან; და იყო გამოქვაბული და ლოდი ედო მას.
39უთხრა იესომ: აიღეთ ლოდი. უთხრა მას გარდაცვლილის დამ, მართამ: უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა.
40უთხრა მას იესომ: განა არ გითხარი შენ, რომ, თუ ირწმუნებ, იხილავ ღვთის დიდებას?
41აიღეს ლოდი იქიდან, სადაც მკვდარი იყო დასვენებული; ხოლო იესომ აღაპყრო თვალები ზეცად და თქვა: მამაო, გმადლობ შენ, რომ ისმინე ჩემი.
42და მე ვიცი, რომ ყოველთვის ისმენ ჩემსას, მაგრამ გარშემო მდგომი ხალხისთვის ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე.
43და ეს თქვა და დიდი ხმით ღაღადყო: ლაზარე, გამოდი გარეთ!
44და გამოვიდა მკვდარი, რომელსაც შეკრული ჰქონდა ფეხები და ხელები სახვევით და მისი სახე სუდარით იყო შეხვეული. უთხრა მათ იესომ: გახსენით იგი და გაუშვით, გაიაროს.
45და იუდეველთაგან მრავალმა, რომლებიც მოსული იყვნენ მარიამთან და იხილეს, რაც გააკეთა იესომ, ირწმუნა მისი;
46ხოლო ზოგი მათგანი წავიდა ფარისევლებთან და უთხრა მათ, რაც გააკეთა იესომ.
47და შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა საკრებულო და ამბობდნენ: რა ვქნათ, რადგან ეს კაცი მრავალ სასწაულს აღასრულებს?
48თუ დავტოვებთ მას ასე, ყველა ირწმუნებს მისას და მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენ ადგილსაც და ხალხსაც.
49ერთმა ვიღაც მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადისა, უთხრა მათ: თქვენ არ იცით არაფერი,
50არც ფიქრობთ, რომ უმჯობესია ჩვენთვის, რათა ერთი კაცი მოკვდეს ერისთვის და არა მთელი ხალხი დაიღუპოს.
51და ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადისა და იწინასწარმეტყველა, რადგან განზრახული ჰქონდა იესოს, მომკვდარიყო ხალხისთვის,
52და არა მხოლოდ ხალხისთვის, არამედ რათა ღვთის გაბნეული შვილები შეეკრიბა ერთად.
53იმ დღიდან მოითათბირეს იუდეველებმა, რათა მოეკლათ იგი.
54ხოლო იესო აღარ დადიოდა ცხადად იუდეველთა შორის, არამედ წავიდა იქიდან უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იქ გაჩერდა თავის მოწაფეებთან ერთად.
55და მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი; და მრავალნი ავიდნენ ყოველი მხრიდან იერუსალიმში პასექის წინ, რათა განეწმინდათ თავი.
56და ეძებდნენ იესოს და ეუბნებოდნენ ერთმანეთს ტაძარში მდგომნი: რას ფიქრობთ თქვენ, არ მოვა დღესასწაულზე?
57ხოლო მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა გასცეს ბრძანება, რათა, ვინც გაიგებდა, სად იყო, ეუწყებინა, რომ შეეპყროთ იგი.
Next