თავი - 10
Previous1ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: ვინც არ შედის კარით ცხვრების ეზოში, არამედ სხვა მხრიდან გადადის, ის მპარავია და ავაზაკი;
2ხოლო ვინც შედის კარით, ცხვრების მწყემსია.
3მას მეკარე უღებს და ცხვრებს მისი ხმისა ესმით და თავის ცხვრებს უხმობს სახელით და გაჰყავს ისინი.
4როცა თავისას ყველას გაიყვანს, მათ წინ მიდის და ცხვრები მას მიჰყვებიან, რადგან ცნობენ მის ხმას.
5ხოლო უცხოს არ მიჰყვებიან, არამედ გარბიან მისგან, რადგან ვერ ცნობენ უცხოს ხმას.
6ეს იგავი უთხრა მათ იესომ, ხოლო მათ არ გულისხმაყვეს, რას ეუბნებოდა მათ.
7და კვლავ უთხრა მათ იესომ: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვრებისა.
8ყველა, ვინც მოვიდა ჩემზე წინ, მპარავია და ავაზაკი და არ ისმინეს მათი ცხვრებმა;
9მე ვარ კარი; ჩემ მიერ ვინც შევა, ცხონდება; შევა და გამოვა და საძოვარს იპოვის.
10მპარავი არ მოდის, თუ არ მოიპარა, არ დაკლა და არ დაღუპა; მე მოვედი, რათა ცხოვრება ჰქონდეთ და უფრო მეტი ჰქონდეთ.
11მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს დებს ცხვრებისთვის;
12ხოლო დაქირავებული და ვინც არ არის მწყემსი, ვისიც არ არიან ცხვრები, როცა ხედავს მგელს, მომავალს, ტოვებს ცხვრებს და გარბის და მგელი იტაცებს მათ და ფანტავს,
13რადგან დაქირავებული არ ზრუნავს ცხვრებისთვის.
14მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნობ ჩემებს და მიცნობენ მე ჩემები;
15როგორც მიცნობს მე მამა, მეც ვიცნობ მამას და ჩემს სულს ვდებ ცხვრებისთვის.
16და სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც არ არიან ამ ეზოდან; ისინიც უნდა მოვიყვანო მე და ჩემს ხმას ისმენენ და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
17ამის გამო ვუყვარვარ მე მამას, რომ მე ვდებ ჩემს სულს, რათა კვლავ მივიღო იგი.
18ვერავინ წაიღებს მას ჩემგან, არამედ მე ვდებ მას თვითონ; ხელმეწიფება მისი დადება და ხელმეწიფება კვლავ მისი მიღება; ეს მცნება მივიღე ჩემი მამისგან.
19და იყო კვლავ ცილობა იუდეველთა შორის ამ სიტყვების გამო
20და ამბობდა მრავალი მათგანი: ეშმაკეულია და შეშლილი; რას უსმენთ მას?
21და სხვები ამბობდნენ: ეს სიტყვები არ არის ეშმაკეულისა; განა ეშმაკს შეუძლია ბრმისთვის თვალების ახილვა?
22და იყო მაშინ სათბურება იერუსალიმში, ზამთარი იყო.
23და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში.
24გარშემოეხვივნენ მას იუდეველები და ეუბნებოდნენ: როდემდე აწვალებ ჩვენს სულს? თუ შენ ხარ ქრისტე, გვითხარი ჩვენ ცხადად.
25მიუგო მათ იესომ: გითხარით თქვენ და არა გწამთ; საქმეები, რომელთაც მე ვაკეთებ ჩემი მამის სახელით, ესენი მოწმობენ ჩემზე;
26მაგრამ თქვენ არა გწამთ, რადგან არა ხართ ჩემი ცხვრებიდან, როგორც გითხარით თქვენ.
27ჩემი ცხვრები ჩემი ხმისას ისმენენ და მე ვიცნობ მათ და მომყვებიან მე.
28და მე ვაძლევ მათ საუკუნო ცხოვრებას და არ დაიღუპებიან უკუნისამდე და ვერავინ მოიტაცებს მათ ჩემი ხელიდან.
29მამა ჩემი, რომელმაც მომცა მე ისინი, ყველაზე დიდია და არავის შეუძლია მათი მოტაცება ჩემი მამის ხელიდან.
30მე და მამა ჩემი ერთნი ვართ.
31კვლავ აიღეს ქვები იუდეველებმა, რათა ჩაექოლათ იგი.
32მიუგო მათ იესომ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ თქვენ ჩემი მამის მიერ; მათგან რომელი საქმის გამო მქოლავთ?
33მიუგეს მას იუდეველებმა და უთხრეს: კეთილი საქმის გამო არ გქოლავთ შენ, არამედ გმობის გამო, რადგან კაცი ხარ შენ და შენს თავს ღმერთად აცხადებ.
34მიუგო მათ იესომ: განა არ არის დაწერილი სჯულში: მე ვთქვი: ღმერთნი ხართ (ფს.81,6)?
35თუ ღმერთები უწოდა იმათ, რომელთა მიმართაც იყო ღვთის სიტყვა — და არ შეიძლება წერილი დაირღვეს —
36რომელიც მამამ წმიდაყო და მოავლინა ამ სოფლად, თქვენ ამბობთ, რომ გმობს, რადგან ვთქვი: ძე ღვთისა ვარ?
37თუ არ ვაკეთებ ჩემი მამის საქმეს, ნუ გწამთ ჩემი;
38ხოლო თუ ვაკეთებ და ჩემი არა გწამთ, საქმეებისა გწამდეთ, რათა შეიცნოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემთან არის და მე — მამასთან.
39კვლავ ეძებდნენ მას შესაპყრობად და გაერიდა მათ ხელს
40და გავიდა იორდანის გაღმა, იმ ადგილას, სადაც ნათელს სცემდა პირველად იოანე, და გაჩერდა იქ.
41მრავალნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ: იოანემ არანაირი სასწაული არ აღასრულა და ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყო.
42და მრავალმა ირწმუნა მისი იქ.
Next