თავი - 9
Previous1და როცა მიდიოდა იესო, იხილა კაცი, ბრმადშობილი.
2და ჰკითხეს მას თავისმა მოწაფეებმა და უთხრეს: რაბი, ვინ სცოდა, ამან თუ ამისმა მშობლებმა, რადგან ბრმა იშვა?
3მიუგო იესომ: არც ამან სცოდა, არც ამისმა მშობლებმა, არამედ რათა განცხადდეს საქმე ღვთისა მასზე.
4მე უნდა ვაკეთო საქმე ჩემი მომავლინებლისა, ვიდრე დღე არის; მოდის ღამე, როცა ვერავინ შეძლებს საქმის კეთებას.
5ვიდრე ამ სოფელში ვარ, ნათელი ვარ ამ სოფლისა.
6როცა ეს თქვა, დაანერწყვა მიწაზე და გააკეთა ტალახი ნერწყვით და სცხო ტალახი ბრმის თვალებს
7და უთხრა მას: წადი და დაიბანე სილოამის საბანელში, — რაც ითარგმნება: მოვლინებული; წავიდა და დაიბანა, მოვიდა და ხედავდა.
8ხოლო მეზობლები და ვისაც ნანახი ჰყავდა იგი ადრე, რომ მათხოვარი იყო, ამბობდნენ: ეს არ არის, რომელიც იჯდა და ითხოვდა?
9სხვები ამბობდნენ: ეს არის; ზოგი ამბობდა: არა, არამედ ჰგავს მას; ხოლო ის ამბობდა: მე ვარ.
10ეუბნებოდნენ მას: როგორ აგეხილა შენ თვალები?
11მიუგო მან: კაცმა, რომელსაც ჰქვია ქრისტე, ტალახი გააკეთა და სცხო ჩემს თვალებს და მითხრა მე: წადი სილოამის საბანელში და დაიბანე; მივედი და დავიბანე და ამეხილა.
12და უთხრეს მას: სად არის იგი? უთხრა: არ ვიცი.
13მიიყვანეს ფარისევლებთან იგი, რომელიც ადრე ბრმა იყო.
14იყო შაბათი, როცა ტალახი გააკეთა იესომ და აუხილა მას თვალები.
15კვლავ ეკითხებოდნენ მას ფარისევლებიც, როგორ აეხილა, ხოლო მან უთხრა მათ: ტალახი დამადო მე თვალებზე და დავიბანე და ვხედავ.
16და ფარისეველთაგან ზოგიერთი ამბობდა: ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რადგან შაბათს არ იცავს. სხვები ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ასეთი სასწაულების ქმნა? — და ცილობა იყო მათ შორის.
17უთხრეს ბრმას კვლავ: შენ რას იტყვი მასზე, რადგან აგიხილა შენ თვალები? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.
18არ ირწმუნეს იუდეველებმა მის შესახებ, რომ იყო ბრმა და აეხილა თვალები, ვიდრე არ დაუძახეს იმის მშობლებს, ვისაც აეხილა,
19და ეკითხებოდნენ მათ და ეუბნებოდნენ: ეს არის თქვენი ძე, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ბრმა შვა? მაშ, როგორ ხედავს ახლა?
20მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ვიცით, რომ ეს არის ჩვენი ძე და რომ ბრმა იშვა,
21ხოლო ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა მას თვალები, ჩვენ არ ვიცით; მაგას ჰკითხეთ, ასაკი აქვს, თვითონ თქვას თავის თავზე.
22ეს თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან ეშინოდათ იუდეველებისა, რადგან უკვე შეთანხმებულნი იყვნენ იუდეველები, რომ ვინც მას აღიარებდა ქრისტედ, შესაკრებლიდან განეკვეთათ;
23ამიტომ თქვეს მისმა მშობლებმა: ასაკი აქვს, მაგას ჰკითხეთ.
24დაუძახეს მეორედ იმ კაცს, რომელიც იყო ბრმა, და უთხრეს მას: მიაგე დიდება ღმერთს; ჩვენ ვიცით, რომ ეს კაცი ცოდვილია.
25ხოლო მან მიუგო: თუ ცოდვილია, არ ვიცი; ერთი ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.
26კვლავ უთხრეს მას: რა გაგიკეთა შენ? როგორ აგიხილა შენ თვალები?
27მიუგო მათ: გითხარით თქვენ უკვე და არ ისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გინდათ? განა თქვენც გინდათ, მისი მოწაფეები გახდეთ?
28ხოლო მათ აგინეს მას და უთხრეს: შენ ხარ მისი მოწაფე, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
29ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ეუბნებოდა ღმერთი, ხოლო ეს არ ვიცით, საიდან არის.
30მიუგო იმ კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ თქვენ არ იცით, საიდან არის, და მე ამიხილა თვალები;
31ვიცი, რომ ცოდვილებისას ღმერთი არ ისმენს, მაგრამ ვინც ღვთისმოშიშია და მის ნებას ასრულებს, მისას ისმენს.
32საუკუნიდან არ გაგონილა, რომ აეხილოს ვინმეს თვალები ბრმადშობილისთვის;
33ეს რომ არ ყოფილიყო ღვთისაგან, ვერ შეძლებდა ვერაფრის გაკეთებას.
34მიუგეს და უთხრეს მას: ცოდვებში ხარ შენ ნაშობი სრულიად და შენ გვასწავლი ჩვენ? — და გააგდეს იგი გარეთ.
35გაიგო იესომ, რომ გააგდეს იგი გარეთ, და იპოვა იგი და უთხრა მას: შენ გწამს ძე ღვთისა?
36მიუგო მან და უთხრა: ვინ არის, უფალო, რომ ვირწმუნო იგი?
37უთხრა მას იესომ: გინახავს იგი, და ვინც შენ გესაუბრება, ის არის.
38ხოლო მან უთხრა: მწამს, უფალო — და თაყვანი სცა მას.
39და თქვა იესომ: ამ სოფლის განსასჯელად მოვედი მე, რათა ვინც ვერ ხედავს, ხედავდეს და ვინც ხედავს, დაბრმავდეს.
40მოისმინა ეს ზოგიერთმა იმ ფარისეველთაგან, რომლებიც იყვნენ მასთან, და უთხრეს მას: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?
41უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვაც არ გექნებოდათ; ხოლო ახლა ამბობთ: ვხედავთ. — და თქვენი ცოდვა თქვენთან რჩება.
Next