თავი - 8
Previous1ხოლო იესო წავიდა ზეთისხილის მთაზე.
2და განთიადზე კვლავ მივიდა ტაძარში და მთელი ერი მიდიოდა მასთან; და დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3და მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დედაკაცი, რომელიც მრუშობისას დაეჭირათ, და დააყენეს იგი შუაში
4და უთხრეს მას, რადგან სცდიდნენ: მოძღვარო, ეს დედაკაცი დაიჭირეს მრუშობისას,
5ხოლო სჯულში მოსემ გვიბრძანა ჩვენ ასეთების ჩაქოლვა; და შენ რას იტყვი?
6და ამას ამბობდნენ და სცდიდნენ მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. ხოლო იესო დაბლა დაიხარა და თითით წერდა მიწაზე.
7და რადგან დაჟინებით ეკითხებოდნენ მას, გაიმართა და უთხრა მათ: ვინც უცოდველია თქვენგან, პირველმა ესროლოს მას ქვა.
8და კვლავ დაიხარა და წერდა მიწაზე;
9ხოლო ისინი, ვინც გაიგონა, სინდისისგან მხილებულნი, გადიოდნენ თითო-თითო, დაწყებული მოხუცებიდან; და დარჩა მარტო იესო და დედაკაცი, რომელიც იდგა შუაში.
10და გაიმართა იესო და ვერავინ დაინახა დედაკაცის გარდა და უთხრა მას: დედაკაცო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ განგსაჯა შენ?
11ხოლო მან უთხრა: არავინ, უფალო. და იესომ უთხრა მას: არც მე განგსჯი შენ; წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ.
12კვლავ ესაუბრა მათ იესო და უთხრა: მე ვარ ნათელი სოფლისა; ვინც გამომყვება მე, არ ივლის ბნელში, არამედ ექნება ნათელი ცხოვრებისა.
13უთხრეს მას ფარისევლებმა: შენ შენს თავზე მოწმობ და შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
14მიუგო იესომ და უთხრა მათ: თუნდაც მე ვმოწმობდე ჩემს თავზე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; ხოლო თქვენ არ იცით, საიდან მოვდივარ და სად მივდივარ.
15თქვენ ხორცისამებრ განსჯით, ხოლო მე არავის განვსჯი.
16და თუ განვსჯი მე, ჩემი მსჯავრი ჭეშმარიტია, რადგან მარტო არა ვარ, არამედ მე და ჩემი მომავლინებელი მამა.
17და თქვენს სჯულშიც წერია: ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია.
18მე ვარ, რომელიც ვმოწმობ ჩემზე, და მოწმობს ჩემზე ჩემი მომავლინებელი მამა.
19ეუბნებოდნენ მას: სად არის შენი მამა? მიუგო იესომ: არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას; რომ მიცნობდეთ მე, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ.
20ამ სიტყვებს ეუბნებოდა განძის საცავთან და ასწავლიდა ტაძარში; და არავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ იყო მოსული მისი ჟამი.
21კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ მე და ვერ მიპოვით, და თქვენს ცოდვებში დაიხოცებით; სადაც მე მივდივარ, თქვენ არ ძალგიძთ მოსვლა.
22ამბობდნენ იუდეველები: ნუთუ თავს მოიკლავს, რადგან ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ არ ძალგიძთ მოსვლა?
23და ეუბნებოდა მათ: თქვენ ქვეყნისგან ხართ, მე ზეცისგან ვარ; თქვენ ამ სოფლისგან ხართ, მე არა ვარ ამ სოფლისგან.
24გითხარით თქვენ, რომ დაიხოცებით თქვენს ცოდვებში; თუ არ ირწმუნებთ ჩემსას, რომ მე ვარ, დაიხოცებით თქვენს ცოდვებში.
25ეუბნებოდნენ მას: შენ ვინ ხარ? უთხრა მათ იესომ: თავიდან რასაც გეუბნებით თქვენ.
26ბევრი მაქვს თქვენზე სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და მე, რაც ვისმინე მისგან, იმას ვამბობ ამ სოფელში.
27ვერ გაიგეს, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28კვლავ უთხრა მათ იესომ: როცა აამაღლებთ ძეს კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ; და მე ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მასწავლა მე მამამ, ისე ვამბობ.
29და ვინც მომავლინა მე, ჩემთან არის; არ დამტოვა მე მარტო მამამ, რადგან რაც სათნოა მისთვის, იმას ვაკეთებ ყოველთვის.
30როცა იგი ამას ამბობდა, მრავალმა ირწმუნა მისი.
31ეუბნებოდა იესო იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს მისი: თუ თქვენ ჩემს სიტყვაზე იდგებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ
32და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ.
33მიუგეს მას: აბრაამის მოდგმა ვართ და არავის ვემონებოდით არასდროს; როგორ ამბობ შენ: განთავისუფლდებით?
34მიუგო მათ იესომ: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, რომელიც სჩადის ცოდვას, მონაა ცოდვისა.
35და მონა არ მკვიდრობს სახლში უკუნისამდე, ხოლო ძე მკვიდრობს უკუნისამდე.
36თუ ძე განგათავისუფლებთ თქვენ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37ვიცი, რომ აბრაამის მოდგმა ხართ, მაგრამ მეძებთ მე მოსაკლავად, რადგან ჩემს სიტყვას ვერ იტევთ თქვენ.
38რაც მე ვიხილე ჩემს მამასთან, იმას ვამბობ; და თქვენ რაც იხილეთ თქვენს მამასთან, იმას აკეთებთ.
39მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ ყოფილიყავით, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით;
40და ახლა მეძებთ მე მოსაკლავად, კაცს, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რომელიც ვისმინე ღვთისაგან; ეს აბრაამს არ გაუკეთებია,
41ხოლო თქვენ თქვენი მამის საქმეებს აკეთებთ. უთხრეს მას: ჩვენ სიძვით არ ვშობილვართ, ერთი მამა გვყავს — ღმერთი.
42უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ თქვენი მამა ყოფილიყო, გეყვარებოდით მე, რადგან მე ღვთისაგან გამოვედი და მოვედი; რადგან ჩემით არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა მე.
43რატომ არ გულისხმაყოფთ ჩემს ნათქვამს? რადგან არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა.
44თქვენი მამისგან, ეშმაკისგან, ხართ და თქვენი მამის გულისთქმების აღსრულება გსურთ. ის კაცისმკვლელი იყო დასაბამიდან და ჭეშმარიტებაზე არ დადგა, რადგან ჭეშმარიტება არ არის მასში. როცა ამბობს ტყუილს, თავისი გულიდან ამბობს, რადგან მატყუარაა და მამა ტყუილისა;
45ხოლო მე რადგან ჭეშმარიტებას გეუბნებით, არა გწამთ ჩემი.
46რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვის გამო? თუ ჭეშმარიტებას გეუბნებით, რატომ არა გწამთ ჩემი?
47ვინც ღვთისაგან არის, ღვთის სიტყვას ისმენს, იმიტომ არ ისმენთ თქვენ, რომ არა ხართ ღვთისაგან.
48მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ გითხარით ჩვენ, რომ სამარიელი ხარ შენ და ეშმაკი არის შენთან?
49მიუგო იესომ: ჩემთან ეშმაკი არ არის, არამედ პატივს ვცემ ჩემს მამას და თქვენ შეურაცხმყოფთ მე.
50და მე არ ვეძიებ ჩემს დიდებას; არის, რომელიც ეძიებს და განსჯის.
51ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას დაიმარხავს, სიკვდილს არ იხილავს უკუნისამდე.
52უთხრეს მას იუდეველებმა: ახლა გავიგეთ, რომ ეშმაკეული ხარ. აბრაამი მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, და შენ ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას დაიმარხავს, არ იხილავს სიკვდილის გემოს უკუნისამდე.
53ნუთუ შენ უფრო დიდი ხარ ჩვენს მამაზე, აბრაამზე, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?
54მიუგო იესომ: თუ მე ვადიდებ ჩემს თავს, ჩემი დიდება არაფერია; არის მამა ჩემი, რომელიც მადიდებს მე, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ღმერთია;
55და ვერ შეიცანით იგი; ხოლო მე ვიცი იგი და თუ ვიტყვი, რომ არ ვიცი იგი, ვიქნები თქვენსავით მატყუარა; არამედ ვიცი იგი და მის სიტყვას ვიმარხავ.
56აბრაამს, თქვენს მამას, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს, და იხილა და გაიხარა.
57უთხრეს იუდეველებმა მას: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გიხილავს?
58უთხრა მათ იესომ: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ, ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.
59აიღეს ქვები, რათა ესროლათ მისთვის; ხოლო იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან, გაიარა მათ შორის და ასე წავიდა.
Next