Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1ამის შემდეგ დადიოდა იესო გალილეაში და არ უნდოდა წასვლა ჰურიასტანში, რადგან ეძებდნენ მას იუდეველები მოსაკლავად.
2და იყო მოახლოებული იუდეველთა დღესასწაული, კარვობა.
3უთხრეს მას თავისმა ძმებმა: გადადი აქედან და წადი ჰურიასტანში, რათა შენმა მოწაფეებმაც ნახონ შენი საქმეები, რომელთაც აღასრულებ,
4რადგან არავინ აკეთებს ფარულად რამეს, თუ ეძიებს თავის გამოჩენას. თუ ამას აკეთებ, გამოუცხადე შენი თავი ამ სოფელს.
5რადგან არც მის ძმებს სწამდათ მისი.
6უთხრა მათ იესომ: ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, ხოლო თქვენი ჟამი ყოველთვის მზად არის.
7არ შეუძლია ამ სოფელს თქვენი მოძულება, ხოლო მე ვძულვარ, რადგან მე ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.
8თქვენ ადით დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავდივარ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.
9ეს უთხრა მათ და გაჩერდა გალილეაში.
10და როგორც კი ავიდნენ მისი ძმები დღესასწაულზე, მაშინ თავადაც ავიდა არა განცხადებულად, არამედ ფარულად.
11ხოლო იუდეველები ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ: სად არის იგი?
12და ბევრს დავობდნენ მასზე ხალხში; ზოგი ამბობდა: კეთილია, ხოლო სხვები ამბობდნენ: არა, არამედ აცდუნებს ხალხს. —
13თუმცა არავინ ლაპარაკობდა განცხადებულად მასზე იუდეველთა შიშის გამო.
14და როცა უკვე შუა დღესასწაული იყო, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: როგორ იცის ამან წერილი უსწავლელად?
16მიუგო მათ იესომ და უთხრა: ჩემი მოძღვრება არ არის ჩემი, არამედ ჩემი მომავლინებლისა;
17ვისაც სურს მისი ნება აღასრულოს, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ, ღვთისაგან არის თუ მე ჩემით ვამბობ.
18ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც ეძებს თავისი მომავლინებლის დიდებას, იგი ჭეშმარიტია და სიცრუე არ არის მასთან.
19განა მოსემ არ მოგცათ თქვენ სჯული? და თქვენგან არავინ აღასრულებს სჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად?
20მიუგო ხალხმა და უთხრა: ეშმაკი არის შენთან; ვინ გეძებს შენ მოსაკლავად?
21მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22იმისთვის მოგცათ თქვენ მოსემ წინადაცვეთა თუმცა არა მოსესგან არის, არამედ მამათაგან რომ შაბათსაც წინადასცვითოთ კაცს.
23თუ წინადაცვეთას იღებს კაცი შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს სჯული, ჩემზე რატომ მრისხანებთ, რომ კაცი მთლიანად გამოვაჯანმრთელე შაბათს?
24ნუ განსჯით გარეგნულად, არამედ სამართლიანი მსჯავრით განსაჯეთ.
25ამბობდა ზოგიერთი იერუსალიმელთაგანი: განა ეს არ არის, რომელსაც ეძებენ მოსაკლავად?
26და აჰა, განცხადებულად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან მას. ნუთუ ჭეშმარიტად შეიცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ქრისტე?
27მაგრამ ეს ვიცით, საიდან არის; ხოლო ქრისტე როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.
28ღაღადყო იესომ ტაძარში, როცა ასწავლიდა და ეუბნებოდა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, საიდან ვარ; და ჩემით არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია, ვინც მომავლინა მე, რომელსაც თქვენ არ იცნობთ;
29ხოლო მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა მე.
30ეძებდნენ მას შესაპყრობად და არავინ დაადო მას ხელი, რადგან ჯერ არ იყო მოსული მისი ჟამი.
31და ხალხიდან მრავალმა ირწმუნა მისი და ამბობდნენ: ქრისტე როცა მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს აღასრულებს, ვიდრე ამან აღასრულა?
32გაიგონეს ფარისევლებმა, რომ ხალხი დრტვინავდა მასზე, და გაგზავნეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები, რათა შეეპყროთ იგი.
33და თქვა იესომ: კიდევ ცოტა ხანს ვარ თქვენთან და მივდივარ ჩემს მომავლინებელთან;
34მომძებნით მე და ვერ მიპოვით; და სადაც ვარ მე, თქვენ არ შეგიძლიათ მოსვლა.
35თქვეს იუდეველებმა თავისთვის: სად აპირებს ეს წასვლას, რომ ჩვენ ვერ ვიპოვოთ იგი? ნუთუ განთესილ წარმართებთან უნდა, რომ წავიდეს და ასწავლოს წარმართებს?
36რას ნიშნავს ეს სიტყვა, რომელიც თქვა: მომძებნით მე და ვერ მიპოვით; და მე სადაც ვარ, თქვენ არ შეგიძლიათ მოსვლა?
37და დიდი დღესასწაულის ბოლო დღეს დადგა იესო, ღაღადყო და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38და ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა: მისი მუცლიდან მოედინებიან მდინარეები ცოცხალი წყლისა (ეს.12,3).
39და ეს თქვა სულზე, რომელიც უნდა მიეღოთ იმათ, ვინც ირწმუნა მისი, ვინაიდან ჯერ არ იყო სულიწმიდა მოცემული, რადგან იესო ჯერ არ იყო განდიდებული.
40ხალხიდან მრავალმა მოისმინა ეს სიტყვა და ამბობდა: ეს არის ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი.
41სხვები ამბობდნენ: ეს არის ქრისტე, ხოლო სხვები ამბობდნენ: ნუთუ გალილეიდან მოდის ქრისტე?
42განა წერილმა არ თქვა, რომ დავითის თესლიდან და დაბა ბეთლემიდან, საიდანაც იყო დავითი, მოდის ქრისტე?
43და ცილობა იყო ხალხში მის გამო.
44და ზოგიერთ მათგანს უნდოდა მისი შეპყრობა, მაგრამ ვერავინ დაადო მას ხელი.
45მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან; და მათ უთხრეს ამათ: რატომ არ მოიყვანეთ იგი?
46მიუგეს მსახურებმა: არასდროს ულაპარაკია კაცს ისე, როგორც ამ კაცს.
47მიუგეს მათ ფარისევლებმა: ნუთუ თქვენც შემცდარნი ხართ?
48ნუთუ ვინმე მთავართაგანმა ირწმუნა მისი ან ფარისეველთაგანმა?
49და ეს ხალხი, რომელმაც არ იცის სჯული, დაწყევლილია.
50უთხრა მათ ნიკოდიმოსმა, რომელიც მისული იყო მასთან ღამით და იყო ერთი მათგანი:
51ნუთუ ჩვენი სჯული განსჯის კაცს, ვიდრე ჯერ არ მოუსმენს მას და არ გაიგებს, რას აკეთებს?
52მიუგეს და უთხრეს მას: ნუთუ შენც გალილეიდან ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღმდგარა.
53და წავიდა თითოეული თავის სახლში.
Next