თავი - 6
Previous1ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა.
2და მისდევდა მას დიდძალი ხალხი, რადგან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც აღასრულებდა უძლურებზე.
3და ავიდა იესო მთაზე და იქ დაჯდა თავის მოწაფეებთან ერთად.
4და იყო მოახლოებული პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
5აახილა თვალები იესომ და დაინახა, რომ მრავალი ხალხი მოდის მასთან, და უთხრა ფილიპეს: სად ვიყიდოთ პური, რომ ჭამონ ამათ?
6ამას რომ ეუბნებოდა, ცდიდა მას, რადგან თვითონ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
7მიუგო მას ფილიპემ: ორასი დინარის პური არ ეყოფათ ამათ, რომ თითოეულმა ცოტაოდენი მიიღოს.
8უთხრა მას ერთმა თავისმა მოწაფეთაგანმა, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ:
9არის აქ ყმაწვილი, რომელსაც აქვს ქერის ხუთი პური და ორი თევზი, მაგრამ ეს რა არის ამდენისთვის?
10უთხრა იესომ: დასხით კაცები. და იყო ბევრი ბალახი იმ ადგილას. და დასხდნენ კაცები, რიცხვით დაახლოებით ხუთი ათასი.
11და აიღო პურები იესომ და მადლობდა და აძლევდა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეები — იმათ, ვინც ისხდა, ასევე — თევზსაც, რამდენიც უნდოდათ.
12და როგორც კი გაძღნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: მოაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი დაიკარგოს.
13და მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი ქერის ხუთი პურის ნატეხებით, რაც დარჩათ მათ, ვინც ჭამა.
14ხოლო კაცები, რომლებმაც ნახეს სასწაული, რომელიც აღასრულა იესომ, ამბობდნენ: ეს არის ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი, რომელიც მოვიდა ამ ქვეყნად.
15და იესომ გულისხმაყო, რომ უნდა მოსულიყვნენ და მოეტაცათ იგი, რათა გაემეფებინათ, და გაშორდა და კვლავ წავიდა იგი მთაში მარტო.
16და როგორც კი მოსაღამოვდა, ჩავიდნენ მისი მოწაფეები ზღვასთან
17და ავიდნენ ნავზე და გავიდნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმში. და უკვე ბნელდებოდა, ხოლო იესო ჯერ კიდევ არ იყო მისული მათთან;
18და ზღვა დიდი ქარის ქროლვისგან ღელავდა.
19და როცა გაცურეს დაახლოებით ოცდახუთი ან ოცდაათი უტევანი, დაინახეს იესო, ზღვაზე მავალი, უახლოვდებოდა ნავს, და შეეშინდათ;
20ხოლო მან უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ.
21უნდოდათ აეყვანათ იგი ნავში, და მყისვე აღმოჩნდა ნავი მიწაზე, სადაც მიდიოდნენ.
22მეორე დღეს ხალხი, რომელიც იდგა ზღვის გაღმა, ხედავდა, რომ სხვა ნავი არ იყო იქ, გარდა იმ ერთისა, რომელშიც ავიდნენ იესოს მოწაფეები, და რომ არ ასულა იესო თავის მოწაფეებთან ერთად ნავში, არამედ მხოლოდ მისი მოწაფეები წავიდნენ.
23და მოვიდნენ სხვა ნავებიც ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური და მადლობდნენ უფალს.
24და როცა ნახა ხალხმა, რომ იესო არ არის იქ, არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ისინი ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმში და ეძებდნენ იესოს.
25და იპოვეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ?
26მიუგო მათ იესომ და უთხრა: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: მეძებთ მე არა იმიტომ, რომ იხილეთ სასწაულები, არამედ იმიტომ, რომ ჭამეთ პური და გაძეხით.
27გაისარჯეთ არა იმ საზრდოსთვის, რომელიც იკარგება, არამედ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო ცხოვრებად, რომელსაც ძე კაცისა თქვენ მოგცემთ, რადგან იგი ბეჭდით დაამოწმა მამა ღმერთმა.
28უთხრეს მას: რა ვქნათ, რომ ვაკეთოთ ღვთის საქმე?
29მიუგო იესომ და უთხრა მათ: ეს არის საქმე ღვთისა, რომ გწამდეთ, ვინც მოავლინა მან.
30და უთხრეს მას: რა სასწაულს აღასრულებ, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ შენი? რას აღასრულებ?
31ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც არის დაწერილი: პური ზეციდან მისცა მათ საჭმელად (გამ.16,15; ფს.77,24).
32უთხრა მათ იესომ: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: არა მოსემ მოგცათ თქვენ პური ზეციდან, არამედ ჩემმა მამამ მოგცათ თქვენ პური ჭეშმარიტი ზეციდან,
33რადგან პური ღვთისა არის ის, ვინც გარდამოვიდა ზეციდან და ცხოვრება მისცა ამ სოფელს.
34უთხრეს მას: უფალო, ყოველთვის მოგვეცი ჩვენ ეს პური.
35უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური ცხოვრებისა; ვინც მოვა ჩემთან, არ მოშივდება და ვინც ირწმუნებს ჩემსას, არ მოსწყურდება არასდროს;
36არამედ გითხარით თქვენ: მიხილეთ მე და არა გწამთ.
37ყოველი, რომელიც მომცა მე მამამ, ჩემთან მოვა და რომელიც მოვა ჩემთან, არ გავაგდებ გარეთ,
38რადგან გარდამოვედი ზეციდან არა იმიტომ, რომ აღვასრულო ჩემი ნება, არამედ ნება ჩემი მომავლინებელი მამისა.
39და ეს არის ნება ჩემი მომავლინებელი მამისა, რათა ვინც მომცა მე, არ დავკარგო მათგან არავინ, არამედ აღვადგინო ისინი უკანასკნელ დღეს;
40რადგან ეს არის ნება ჩემი მომავლინებლისა, რათა ყოველს, რომელიც ხედავს ძეს და სწამს მისი, ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო; და მე აღვადგინო იგი უკანასკნელ დღეს.
41დრტვინავდნენ იუდეველები მასზე, რადგან თქვა: მე ვარ პური, ზეციდან გარდამოსული,
42და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, ძე იოსებისა, რომლის მამასა და დედას ჩვენ ვიცნობთ? როგორ ამბობს ახლა: ზეციდან გარდამოვედი?
43მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთთან.
44არავის შეუძლია მოსვლა ჩემთან, თუ ჩემი მომავლინებელი მამა არ მოიყვანს მას ჩემთან; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
45წერია წინასწარმეტყველებთან: და იქნებიან ყველანი განსწავლულნი ღვთისაგან (ეს.54,13), ყოველი, რომელიც მოისმენს ჩემი მამისგან და ისწავლის, მოვა ჩემთან;
46რადგან მამა არავის უხილავს, არამედ ვინც ღვთისაგან არის, იმან იხილა მამა.
47ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს ცხოვრება საუკუნო.
48მე ვარ პური ცხოვრებისა.
49თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ.
50ეს არის პური, რომელიც გარდამოვიდა ზეციდან, რათა ვინც შეჭამს მისგან, არ მოკვდეს.
51მე ვარ პური ცოცხალი, ზეციდან გარდამოსული; ვინც ჭამს ამ პურს, იცოცხლებს უკუნისამდე. და პური, რომელსაც მე მივცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც მე მივცემ ამ სოფლის ცხოვრებისთვის.
52დავობდნენ ერთმანეთთან იუდეველები და ამბობდნენ: როგორ შეუძლია ამას, მოგვცეს ჩვენ თავისი ხორცი საჭმელად?
53უთხრა მათ იესომ: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ ხორცს ძისა კაცისას და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ ცხოვრება თქვენში.
54ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, აქვს ცხოვრება საუკუნო და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს,
55რადგან ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელია და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელია.
56ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ჩემშია და მე — მასში.
57როგორც მომავლინა მე ცოცხალმა მამამ, მეც ცოცხალი ვარ მამის მიერ და ვინც ჭამს ჩემგან, ისიც იცოცხლებს ჩემ მიერ.
58ეს არის პური, ზეციდან გარდამოსული, არა ისეთი, როგორიც ჭამეს თქვენმა მამებმა, მანანა, და დაიხოცნენ. ვინც შეჭამს ამ პურს, იცოცხლებს უკუნისამდე.
59ეს თქვა შესაკრებელში, როცა ასწავლიდა კაპერნაუმში.
60მრავალმა მისმა მოწაფეთაგანმა მოისმინა და თქვა: მკაცრია ეს სიტყვა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?
61და იცოდა იესომ თვითონ, რომ დრტვინავდნენ ამის გამო მისი მოწაფეები და უთხრა მათ: ეს გაბრკოლებთ თქვენ?
62და თუ იხილავთ ძეს კაცისას, აღმავალს, სადაც იყო პირველად?
63სული განმაცოცხლებელია, ხორცი — უსარგებლო; სიტყვები, რომელთაც მე გეუბნებით თქვენ, სულია და ცხოვრება;
64არამედ არიან თქვენგან ზოგიერთები, რომელთაც არა სწამთ; — რადგან იცოდა თავიდანვე იესომ, ვინ არიან ისინი, რომელთაც არა სწამთ, და ვინ არის გამცემი მისი,
65და ეუბნებოდა: ამის გამო გითხარით თქვენ: არავის შეუძლია მოსვლა ჩემთან, თუ არ არის მიცემული მისთვის ჩემი მამისგან.
66ამიერიდან მრავალი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ დადიოდა მასთან ერთად.
67უთხრა იესომ იმ თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?
68მიუგო მას სიმონ-პეტრემ: უფალო, ვისთან წავიდეთ? რადგან სიტყვები საუკუნო ცხოვრებისა შენ გაქვს
69და ჩვენ ვირწმუნეთ და გავიგეთ, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.
70მიუგო მათ იესომ და უთხრა: განა მე არ გამოგირჩიეთ თქვენ, თორმეტნი? და თქვენგან ერთი ეშმაკია.
71და ამბობდა სიმონ ისკარიოტელის იუდაზე, რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი, რადგან იგი აპირებდა მის გაცემას.
Next