Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1მის შემდეგ იყო იუდეველთა დღესასწაული და ავიდა იესო იერუსალიმში.
2და არის იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან საბანელი, რომელსაც ჰქვია ებრაულად ბეთეზდა, და ხუთი სტოა ჰქონდა.
3იქ იწვა სიმრავლე უძლურთა, ბრმათა, კოჭლთა, გამხმართა, რომლებიც ელოდნენ წყლის ამოძრავებას;
4რადგან უფლის ანგელოზი დროდადრო გადმოდიოდა საბანელში და ამღვრევდა წყალს; და ვინც პირველი ჩავიდოდა წყლის ამღვრევისას, იკურნებოდა, რა სნეულებითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.
5და იყო იქ ვიღაც კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იყო უძლურებაში.
6ნახა იგი იესომ მწოლიარე და გულისხმაყო, რომ მრავალი წელი იყო უძლურებაში, და უთხრა მას: გინდა გამოჯანმრთელდე?
7მიუგო მას უძლურმა: ბატონო, კაცი არა მყავს, რომ, როცა აიმღვრევა წყალი, ჩამაგდოს მე საბანელში; და ვიდრე მივალ მე, სხვა ჩემზე წინ ჩადის.
8უთხრა მას იესომ: ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე!
9და მყისვე გამოჯანმრთელდა ის კაცი და აიღო თავისი საწოლი და წავიდა. და იყო შაბათი იმ დღეს.
10ეუბნებოდნენ იუდეველები განკურნებულს: შაბათია და არ არის მართებული შენთვის, რომ აიღო შენი საწოლი;
11ხოლო მან მიუგო მათ: ვინც განმკურნა მე, მან მითხრა: აიღე შენი საწოლი და ირე.
12ეკითხებოდნენ მას: ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა შენ: აიღე შენი საწოლი და იარე?
13ხოლო განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო მიეფარა ხალხს, რომელიც იყო იმ ადგილას.
14ამის შემდეგ ნახა იგი იესომ ტაძარში და უთხრა მას: აჰა, გამოჯანმრთელდი, ნუღარ სცოდავ, რათა რამე უარესი არ შეგემთხვეს შენ.
15წავიდა ის კაცი და აუწყა იუდეველებს, რომ იესოა, ვინც განკურნა იგი.
16და ამის გამო დევნიდნენ იუდეველები იესოს და ეძებდნენ მას მოსაკლავად, რადგან ამას აკეთებდა შაბათს.
17ხოლო იესომ მიუგო მათ: მამა ჩემი აქამდე მოქმედებს და მეც ვმოქმედებ;
18იმის გამო უფრო ეძებდნენ მას იუდეველები მოსაკლავად, რომ არა მხოლოდ შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს თავის მამად აღიარებდა და თავს ღვთის სწორად აცხადებდა.
19მიუგო იესომ და უთხრა მათ: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: არ შეუძლია ძეს კაცისას თავისით არაფრის კეთება, თუ არ იხილავს რამეს, მამის გაკეთებულს, რადგან, რასაც ის აკეთებს, იმას ძეც მსგავსადვე აკეთებს;
20რადგან მამას უყვარს ძე და ყოველივეს უჩვენებს მას, რასაც იგი აკეთებს, და ამაზე მეტ საქმესაც უჩვენებს მას, რათა თქვენ გიკვირდეთ;
21რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც, ვისაც უნდა, აცოცხლებს;
22რადგან არ განსჯის მამა არავის, არამედ მთელი მსჯავრი გადასცა ძეს,
23რათა ყველა პატივს სცემდეს ძეს, როგორც პატივს სცემს მამას. ვინც პატივს არ სცემს ძეს, პატივს არ სცემს მამას, რომელმაც მოავლინა იგი.
24ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს მომავლინებელი ჩემი, აქვს ცხოვრება საუკუნო და სამსჯავროზე არ მიდის, არამედ გადასულია სიკვდილიდან ცხოვრებაში.
25ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი და ახლავე არის, როცა მკვდრები გაიგონებენ ხმას ძისა ღვთისას და ვინც გაიგონებს, გაცოცხლდება;
26რადგან როგორც მამას აქვს ცხოვრება თავის თავში, ასევე ძესაც მისცა რომ ჰქონდეს ცხოვრება თავის თავში.
27და ხელმწიფება მისცა მას მსჯავრის აღსასრულებლად, რადგან ძე კაცისა არის.
28ნუ გიკვირთ ეს, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველა, ვინც საფლავებშია, გაიგონებს მის ხმას.
29და გამოვლენ კეთილისმოქმედნი აღდგომისათვის ცხოვრებისა, ხოლო ბოროტისმოქმედნი — აღდგომისათვის სასჯელისა.
30არ შემიძლია მე ჩემით არაფრის კეთება; როგორც მესმის, განვსჯი და ჩემი მსჯავრი სამართლიანია, რადგან არ ვეძებ ჩემს ნებას, არამედ ნებას ჩემი მომავლინებელი მამისას.
31თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემზე, და ვიცი, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა, რომელიც მოწმობს ჩემზე.
33თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და დაამოწმა ჭეშმარიტება;
34ხოლო მე კაცისგან არ ვიღებ მოწმობას, არამედ ამას ვამბობ, რათა თქვენ ცხონდეთ.
35ის იყო სანთელი, რომელიც ენთო და ანათებდა, და თქვენ ისურვეთ გეხარათ ერთ ხანს მის ნათელში.
36ხოლო მე მაქვს მოწმობა იოანეზე მეტი, რადგან საქმეები, რომლებიც მომცა მე მამამ აღსასრულებლად, ეს საქმეები, რომელთაც მე ვასრულებ, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა მე.
37და ვინც მე მომავლინა — მამამ, მან დაამოწმა ჩემზე; თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ არასდროს, არც მისი სახე გიხილავთ;
38და მისი სიტყვა არ არის თქვენ შორის დამკვიდრებული, რადგან ვინც მან მოავლინა, იგი თქვენ არა გწამთ.
39იკვლევთ წერილს, რადგან თქვენ გგონიათ, რომ გაქვთ საუკუნო ცხოვრება მის მიერ, და ის არის, რომელიც მოწმობს ჩემზე;
40და თქვენ არ გსურთ მოსვლა ჩემთან, რომ საუკუნო ცხოვრება გქონდეთ.
41დიდებას კაცთაგან არ ვიღებ;
42არამედ გიცნობთ თქვენ — ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.
43მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიწყნარებთ მე; თუ სხვა მოვა თავისი სახელით, იმას შეიწყნარებთ.
44როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ თქვენ, რომლებიც დიდებას ერთმანეთისგან იღებთ, და დიდებას, რომელიც მხოლოდ ღვთისგან არს, არ ეძებთ?
45ნუ გგონიათ, რომ მე ბრალს დაგდებთ თქვენ ჩემს მამასთან; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, რომლის სასოებაც გაქვთ თქვენ.
46თუ ირწმუნეთ მოსესი, ირწმუნეთ ჩემიც, რადგან მან ჩემზე დაწერა,
47ხოლო თუ მისი დაწერილის არა გწამთ, ჩემი სიტყვებისას როგორ ირწმუნებთ?
Next