Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1როგორც კი გაიგო უფალმა, რომ შეიტყვეს ფარისევლებმა, რომ იესომ უფრო მეტი დაიმოწაფა, ვიდრე იოანემ, და ნათელს სცემს —
2თუმცა იესო თვითონ არ სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები —
3დატოვა ჰურიასტანი და წავიდა კვლავ გალილეაში.
4და მას უნდა გაევლო სამარია.
5და მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ეწოდება სუქარი, იმ ადგილის მახლობლად, რომელიც მისცა იაკობმა იოსებს, თავის ძეს;
6და იყო იქ იაკობის წყარო; ხოლო იესო, დამაშვრალი გზაზე სვლით, იჯდა წყაროსთან. იყო დაახლოებით მეექვსე ჟამი.
7მოვიდა დედაკაცი სამარიიდან წყლის ასავსებად. უთხრა მას იესომ: დამალევინე მე, —
8რადგან მისი მოწაფეები წასულები იყვნენ ქალაქში, რომ საზრდო ეყიდათ.
9უთხრა მას სამარიელმა დედაკაცმა: როგორ, შენ იუდეველი ხარ და ჩემგან, სამარიელი დედაკაცისგან, ითხოვ, რომ დაგალევინო? — რადგან არ ურთიერთობენ იუდეველები სამარიელებთან.
10მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე საბოძვარი ღვთისა და ვინ არის, ვინც გეუბნება შენ: დამალევინე მე, — შენ სთხოვდი მას და მოგცემდა შენ ცოცხალ წყალს.
11უთხრა მას დედაკაცმა: ბატონო, არც ამოსაღები გაქვს და ჭაც ღრმა არის; საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12ნუთუ შენ უფრო დიდი ხარ ჩვენს მამაზე, იაკობზე, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს ჭა? და თვითონ აქედან სვამდა და მისი ძეებიც და მისი საქონელიც?
13მიუგო იესომ და უთხრა მას: ყოველს, რომელიც დალევს ამ წყლიდან, კვლავ მოსწყურდება;
14ხოლო რომელიც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელსაც მივცემ მას, იქცევა მასში წყლის წყაროდ, რომელიც იდინებს საუკუნო ცხოვრებად.
15უთხრა მას დედაკაცმა: ბატონო, მომეცი მე ეგ წყალი, რომ არ მწყუროდეს, აღარც მოვიდე აქ ასავსებად.
16უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ.
17მიუგო დედაკაცმა და უთხრა: არა მყავს ქმარი. უთხრა მას იესომ: კარგად თქვი: ქმარი არა მყავს;
18რადგან ხუთი ქმარი გყავდა და ახლა რომელიც გყავს, არ არის შენი ქმარი; ეს მართალი თქვი.
19უთხრა მას დედაკაცმა: ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ შენ.
20ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს და თქვენ ამბობთ, რომ იერუსალიმში არის ადგილი, სადაც თაყვანი უნდა ვცეთ.
21უთხრა მას იესომ: დედაკაცო, გწამდეს ჩემი, რომ მოდის დრო, როცა არც ამ მთაზე, არც იერუსალიმში არ სცემთ თაყვანს მამას.
22თქვენ თაყვანს სცემთ იმას, ვისაც არ იცნობთ; ჩვენ თაყვანს ვცემთ იმას, ვისაც ვიცნობთ, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.
23მაგრამ მოდის ჟამი და ახლავე არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც ასეთებს ეძებს, თავის თაყვანისმცემლებს.
24სულია ღმერთი და მის თაყვანისმცემლებს სულით და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა.
25უთხრა მას დედაკაცმა: ვიცი, რომ მესია მოდის, რომელსაც ჰქვია ქრისტე; როცა მოვა იგი, გვაუწყებს ჩვენ ყოველივეს.
26უთხრა მას იესომ: მე ვარ, რომელიც გეუბნები შენ.
27და ამასობაში მოვიდნენ მისი მოწაფეები და უკვირდათ, რომ დედაკაცთან საუბრობდა; თუმცა ვერავინ უთხრა მას: რას ეძებ ან რას ესაუბრები მას?
28დატოვა თავისი სარწყული დედაკაცმა და წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს:
29მოდით და ნახეთ კაცი, რომელმაც მითხრა მე ყველაფერი, რაც გამიკეთებია, ნუთუ ეს არის ქრისტე?
30გამოდიოდნენ ქალაქიდან და მიდიოდნენ მასთან.
31ამასობაში სთხოვეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რაბი, ჭამე.
32ხოლო მან უთხრა მათ: მე მაქვს საჭმელად საზრდო, რომელიც თქვენ არ იცით.
33ეუბნებოდნენ მოწაფეები ერთმანეთს: ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?
34უთხრა მათ იესომ: ჩემი საზრდოა, რათა ვყო ნება ჩემი მომავლინებლისა და აღვასრულო მისი საქმე.
35განა თქვენ არ ამბობთ: ოთხი თვეღა და მკა მოდის? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თქვენი თვალები და იხილეთ ყანები, რადგან გათეთრებულია სამკალად უკვე.
36და მომკელი საზღაურს იღებს და აგროვებს ნაყოფს საუკუნო ცხოვრებისათვის, რათა მთესველსაც და მომკელსაც ერთად უხაროდეთ;
37რადგან ეს სიტყვა ამით არის ჭეშმარიტი, რომ სხვა არის მთესველი და სხვა მომკელი.
38მე გაგგზავნეთ თქვენ სამკალად, რისთვისაც თქვენ არ გიშრომიათ; სხვებმა იშრომეს და თქვენ მათ ნაშრომში შეხვედით.
39და იმ ქალაქიდან მრავალმა სამარიელთაგანმა ირწმუნა მისი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც მოწმობდა: მითხრა მე ყველაფერი, რაც გამიკეთებია.
40და როცა მივიდნენ მასთან სამარიელები, ევედრებოდნენ მას, რომ გაჩერებულიყო მათთან, და გაჩერდა იქ ორი დღე.
41და ბევრად მეტმა ირწმუნა მისი სიტყვით,
42ხოლო დედაკაცს ეუბნებოდნენ: შენი სიტყვით კი აღარ გვწამს, არამედ თვითონ გავიგონეთ მისგან და ვიცით, რომ ეს არის ჭეშმარიტად მხსნელი სოფლისა, ქრისტე.
43ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და წავიდა გალილეაში;
44რადგან თვითონ იესომ დაამოწმა, რომ წინასწარმეტყველს საკუთარ მამულში პატივი არა აქვს.
45და როცა მივიდა გალილეაში, შეიწყნარეს იგი გალილეველებმა, რომლებმაც ყველაფერი იხილეს, რაც გააკეთა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც მისულები იყვნენ იმ დღესასწაულზე.
46მივიდა იესო კვლავ გალილეის კანაში, სადაც გადააქცია წყალი ღვინოდ. და იყო ვიღაც, მეფის კაცი, რომლის ძე სნეული იყო კაპერნაუმში.
47ამან გაიგო, რომ იესო მოვიდა ჰურიასტანიდან გალილეაში, მივიდა მასთან და ევედრებოდა, რათა ჩასულიყო და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48უთხრა მას იესომ: თუ სასწაულებს და ნიშნებს არ იხილავთ, არ ირწმუნებთ.
49უთხრა მას მეფის კაცმა: ბატონო, ჩამოდი, ვიდრე მოკვდება ჩემი ძე.
50უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. და ირწმუნა კაცმა სიტყვა, რომელიც უთხრა მას იესომ, და წავიდა.
51და როცა უკვე ჩავიდა იგი, თავისი მონები მიეგებნენ მას და უთხრეს: შენი ძე ცოცხალია.
52და გამოიკითხა მათგან, რა დროს მიეცა შვება; უთხრეს მას: გუშინ, მეშვიდე ჟამზე დატოვა იგი ცხელებამ.
53გულისხმაყო მისმა მამამ, რომ ეს იყო იმ ჟამს, როცა უთხრა მას იესომ: შენი ძე ცოცხალია. და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54ეს უკვე მეორე სასწაული აღასრულა იესომ, მივიდა რა ჰურიასტანიდან გალილეაში.
Next