თავი - 3
Previous1და იყო ერთი კაცი ფარისეველთაგანი, სახელად ნიკოდიმოსი, იუდეველთა მთავარი.
2იგი მივიდა იესოსთან ღამე და უთხრა მას: რაბი, ვიცით, რომ ღვთისაგან ხარ მოსული მოძღვრად, რადგან არავის შეუძლია ამ სასწაულთა ქმნა, რომელთაც შენ იქმ, თუ არ იქნება ღმერთი მასთან.
3მიუგო იესომ და უთხრა მას: ამინ, ამინ გეუბნები შენ: ვინც არ იშვება ზეგარდამო, არ შეუძლია ღვთის სასუფევლის ხილვა.
4უთხრა მას ნიკოდიმოსმა: როგორ შეუძლია მოხუც კაცს შობა? განა შეუძლია თავისი დედის მუცელში მეორედ შესვლა და შობა?
5მიუგო იესომ და უთხრა მას: ამინ, ამინ გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისგან და სულისგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლა.
6შობილი ხორცისგან ხორცია და შობილი სულისგან სულია.
7ნუ გიკვირს, რომ გითხარი შენ: გმართებთ თქვენ ზეგარდამო შობა.
8სულს, სადაც ნებავს, ქრის და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის; ასეა ყოველი შობილი სულისგან.
9მიუგო ნიკოდიმოსმა და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
10მიუგო იესომ და უთხრა მას: შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ეს არ იცი?
11ამინ, ამინ გეუბნები შენ: რაც ვიცით, ვამბობთ და რაც ვიხილეთ, ვმოწმობთ და ჩვენს მოწმობას არ იღებთ.
12თუ ქვეყნისა გითხარით თქვენ და არა გწამთ, ზეცისას თუ გეტყვით, როგორ ირწმუნებთ?
13არავინ ასულა ზეცად, გარდა იმისა, რომელიც ზეციდან გარდამოვიდა, ძე კაცისა, რომელიც არის ზეცაში;
14და როგორც მოსემ აამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,
15რათა ყოველი, რომელიც ირწმუნებს მას, არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო;
16რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სოფელი, რომ თავისი ძე, მხოლოდშობილი, მისცა, რათა ყოველი, რომელიც ირწმუნებს მას, არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო;
17რადგან არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ამ სოფლად, რომ დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხონოს სოფელი მის მიერ.
18ვინც ირწმუნებს მას, არ დაისჯება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა.
19და ეს არის სასჯელი, რომ ნათელი მოვიდა ამ სოფლად და შეიყვარეს ადამიანებმა უფრო მეტად ბნელი, ვიდრე ნათელი, რადგან იყო მათი საქმეები ბოროტი;
20რადგან ყოველ ბოროტისმოქმედს სძულს ნათელი და არ მოდის ნათელთან, რომ არ იმხილოს მისი საქმეები;
21ხოლო სიმართლისმოქმედი მოდის ნათელთან, რომ გაცხადდეს მისი საქმეები, რადგან ღვთის მიერ არის ქმნილი.
22ამის შემდეგ მივიდა იესო, და მისი მოწაფეები ჰურიასტანის ქვეყანაში და იქ იმყოფებოდა მათთან ერთად და ნათელს სცემდა.
23და იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან,
24ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო ჩასმული საპყრობილეში.
25და ჰქონდათ დავა იოანეს მოწაფეებს იუდეველებთან განწმენდის შესახებ
26და მივიდნენ იოანესთან და უთხრეს მას: რაბი, ვინც იყო შენთან იორდანის გაღმა, ვისზეც შენ დაამოწმე, აჰა, იგი ნათელს სცემს და ყველანი მიდიან მასთან.
27მიუგო იოანემ და უთხრა: არ შეუძლია კაცს, აიღოს თავის თავზე რამე, თუ არ არის მოცემული მისთვის ზეციდან.
28თქვენ თვითონ მემოწმებით მე, რომ ვთქვი: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებული ვარ მასზე წინ.
29ვისაც ჰყავს სარძლო, სიძეა; ხოლო მეგობარი სიძისა ის არის, ვინც დგას და ესმის მისი და სიხარულით ხარობს სიძის ხმით. ასე რომ ეს ჩემი სიხარული აღსრულებულია.
30იგი უნდა აღორძინდეს, ხოლო მე — მოვაკლდე.
31ზეგარდამო მომავალი ყველაზე მაღლა დგას; და ვინც ქვეყნიდან არის, ქვეყნისაგანია და ქვეყნისას ამბობს; ხოლო ზეციდან მომავალი ყველაზე მაღლა დგას;
32და რაც იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ იღებს.
33ვინც მიიღო მისი მოწმობა, ბეჭდით დაამოწმა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34და ვინც მოავლინა ღმერთმა, ღვთის სიტყვებს ამბობს, რადგან ზომით არ მისცა ღმერთმა სული.
35მამას უყვარს ძე და ყველაფერი მისცა მას ხელში.
36ვისაც სწამს ძე, აქვს ცხოვრება საუკუნო, ხოლო ვინც ეურჩება ძეს, ვერ იხილავს ცხოვრებას, არამედ ღვთის რისხვა არის მასზე.
Next