Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იყო იესოს დედა იქ.
2და მიიწვიეს იესო და მისი მოწაფეები ქორწილში.
3და როცა შემოაკლდათ ღვინო, უთხრა იესოს მისმა დედამ: ღვინო არ აქვთ.
4უთხრა მას იესომ: რა არის ჩემი და შენი საზრუნავი, დედაკაცო? ჯერ არ მოსულა ჩემი ჟამი.
5უთხრა მისმა დედამ მსახურებს: რასაც გეტყვით თქვენ, გააკეთეთ.
6და იყო იქ ქვის ექვსი სარწყული იუდეველთა განწმენდის წესისამებრ და იტევდა ორ ან სამ საწყაოს.
7და უთხრა მათ იესომ: აავსეთ სარწყულები წყლით. და აავსეს ისინი პირამდე.
8და უთხრა მათ: ამოიღეთ ახლა და მიუტანეთ სუფრის გამგეს; და მათ მიუტანეს.
9და როდესაც იგემა სუფრის გამგემ წყალი, რომელიც ღვინოდ იქცა — არ იცოდა, საიდან იყო, ხოლო მსახურებმა, რომლებმაც აავსეს წყალი, იცოდნენ — მოუხმო სიძეს სუფრის გამგემ
10და უთხრა მას: ყოველი კაცი ჯერ კარგ ღვინოს დგამს და, როცა დათვრებიან, მაშინ — ურიგოს, ხოლო შენ შეინახე კარგი ღვინო აქამდე.
11ასე დაიწყო სასწაულთა ქმნა იესომ გალილეის კანაში და გამოუცხადა თავისი დიდება და ირწმუნეს მისი მისმა მოწაფეებმა.
12ამის შემდეგ ჩავიდა კაპერნაუმში იგი, და მისი დედა და მისი ძმები და მისი მოწაფეები და იქ გაჩერდნენ რამდენიმე დღე.
13და მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და ავიდა იესო იერუსალიმში;
14და ნახა ტაძარში ხარების და ცხვრების და მტრედების გამყიდვლები და მეკერმეები, მსხდომარენი,
15და გააკეთა შოლტი საბლისგან და გამოყარა ტაძრიდან ყველა: ცხვრები და ხარები, და მეკერმეებს დაუბნია კერმა და მაგიდები გადაუყირავა
16და მტრედების გამყიდვლებს უთხრა: აიღეთ ეს აქედან და ნუ აქცევთ ჩემი მამის სახლს სავაჭრო სახლად.
17და გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შურმა შენი სახლისამ შემჭამა მე (ფს.68,10).
18მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულს გვიჩვენებ ჩვენ, ამას რომ აკეთებ?
19მიუგო იესომ და უთხრა მათ: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.
20უთხრეს მას იუდეველებმა: ორმოცდაექვსი წელი შენდებოდა ეს ტაძარი და შენ სამ დღეში აღადგენ მას?
21ხოლო იგი ამბობდა თავისი სხეულის ტაძრის შესახებ.
22და როცა აღდგა მკვდრეთით, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილისა და სიტყვისა, რომელიც უთხრა იესომ.
23და როცა იყო იერუსალიმში პასექზე, დღესასწაულზე, მრავალმა ირწმუნა მისი სახელით, რადგან ხედავდნენ მის სასწაულებს, რომლებსაც აღასრულებდა;
24ხოლო თვით იესო არ ცდილობდა, რომ ერწმუნათ მათ მისი, იმის გამო რომ თვითონ იცნობდა ყველას,
25და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში.
Next