Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1დასაბამად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
2იგი იყო დასაბამად ღმერთთან.
3ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შეიქმნა, რაც შეიქმნა.
4მასში ცხოვრება იყო და ცხოვრება იყო ნათელი კაცთა;
5და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.
6იყო კაცი, მოვლენილი ღვთის მიერ, და სახელი მისი — იოანე;
7იგი მოვიდა დასამოწმებლად, რომ დაამოწმოს ნათლის შესახებ, რათა ყველამ ირწმუნოს მის მიერ.
8არ იყო იგი ნათელი, არამედ რათა დაამოწმოს ნათლის შესახებ.
9იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველ კაცს, მომავალს ამ სოფლად.
10ამ სოფლად იყო და ეს სოფელი მის მიერ შეიქმნა და ამ სოფელმა იგი ვერ შეიცნო.
11თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა იგი არ შეიწყნარეს;
12ხოლო რომლებმაც შეიწყნარეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება, ყოფილიყვნენ ღვთის შვილები, რომელთაც სწამთ სახელი მისი,
13რომლებიც არც სისხლისგან, არც ხორცის წადილისგან, არც მამაკაცის წადილისგან, არამედ ღვთისაგან იშვნენ.
14და სიტყვა ხორციელ იქმნა და დამკვიდრდა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება, როგორც მხოლოდშობილისა მამის მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით.
15იოანე მოწმობს მის შესახებ — იღაღადა და თქვა: ეს იყო, რომელზეც ვთქვი: რომელიც ჩემ შემდეგ მოდის, ჩემზე უპირატესია, რადგან ჩემზე წინ იყო.
16და მისი სისავსისგან ჩვენ ყველამ მივიღეთ, და მადლი — მადლის წილ;
17რადგან სჯული მოსეს მიერ მოგვეცა, მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
18ღმერთი არავის არასდროს უხილავს; მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, მან გამოთქვა.
19და ეს არის მოწმობა იოანესი, როცა გაგზავნეს მასთან იუდეველებმა იერუსალიმიდან მღვდლები და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: შენ ვინ ხარ?
20და აღიარა და არ უარყო; აღიარა: მე არა ვარ ქრისტე.
21და ჰკითხეს მას: მაშ, ვინ ხარ შენ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ შენ? და მიუგო: არა.
22და უთხრეს მას: გვითხარი ჩვენ, ვინ ხარ შენ, რათა პასუხი გავცეთ, ვინც გამოგვგზავნა ჩვენ: რას იტყვი შენ შესახებ?
23და თქვა: მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: გამართეთ გზა უფლისა, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა (ეს.40,3).
24და იყვნენ გამოგზავნილები ფარისეველთაგან
25და ჰკითხეს მას და უთხრეს: რატომ სცემ ნათელს, თუ შენ არა ხარ ქრისტე, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?
26მიუგო მათ იოანემ და უთხრა: მე ნათელს ვცემ წყლით; ხოლო თქვენ შორის დგას, რომელსაც თქვენ არ იცნობთ,
27რომელიც ჩემ შემდეგ მოდის, ჩემზე უპირატესია, რომლის ხამლთა თასმების გახსნის ღირსიც არა ვარ.
28ეს ბეთაბრაში იყო, იორდანის გაღმა, სადაც იყო იოანე და ნათელს სცემდა.
29მომდევნო დღეს დაინახა იოანემ იესო, მომავალი მასთან, და თქვა: აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელმაც აიღო ცოდვები სოფლისა.
30ეს არის, რომელზეც მე ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, რადგან ჩემზე წინ იყო.
31და მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რომ გამოეცხადოს ისრაელს, ამის გამო მოვედი წყლით ნათლის საცემად.
32და დაამოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, როგორც მტრედი, გადმომავალი ზეციდან, და დაადგა მას.
33და მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა მე წყლით ნათლის საცემად, მან მითხრა მე: ვისზეც იხილავ სულს, გადმომავალს და დამდგარს მასზე, ის არის, ვინც ნათელს გცემთ სულიწმიდით.
34და მე ვიხილე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა.
35მომდევნო დღეს კვლავ იდგა იოანე, და მის მოწაფეთაგან ორი.
36და შეხედა იესოს, მომავალს, და თქვა: აჰა, ტარიგი ღვთისა.
37და გაიგონა მისმა ორმა მოწაფემ, როცა ამბობდა ამას, და გაჰყვა იესოს.
38და მობრუნდა იესო და იხილა ისინი, რომ მისდევდნენ მას, და უთხრა მათ: რას ეძებთ? ხოლო მათ უთხრეს მას: რაბი, — რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო, — სად იმყოფები?
39უთხრა მათ: მოდით და იხილეთ. მივიდნენ და იხილეს, სად იმყოფებოდა, და მასთან დარჩნენ იმ დღეს; ჟამი იყო დაახლოებით მეათე.
40იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგან, რომლებმაც მოისმინეს იოანესგან და გაჰყვნენ მას.
41და იპოვა ამან პირველად თავისი ძმა, სიმონი, და უთხრა მას: ვიპოვეთ მესია, რაც ითარგმნება: ქრისტე.
42ამან მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: შენ ხარ სიმონი, ძე იონასი, შენ გეწოდოს კეფა, რაც ითარგმნება: კლდე.
43მომდევნო დღეს მოინდომა იესომ გასვლა გალილეაში და იპოვა ფილიპე და უთხრა მას იესომ: გამომყევი მე.
44და იყო ფილიპე ბეთსაიდიდან, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან.
45იპოვა ფილიპემ ნათანაელი და უთხრა მას: ვისზეც დაწერა მოსემ სჯულში და წინასწარმეტყველებმა, ვიპოვეთ — იესო, ძე იოსებისა, ნაზარეთიდან.
46და უთხრა მას ნათანაელმა: ნაზარეთიდან შესაძლებელია რამე კეთილი იყოს? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და იხილე.
47დაინახა იესომ ნათანაელი, მისკენ მომავალი, და თქვა მასზე: აჰა, ჭეშმარიტად ისრაელელი, რომელშიც მზაკვრობა არ არის.
48უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა მას: ვიდრე შენ ფილიპე მოგიხმობდა, როცა იყავი ლეღვის ხის ქვეშ, გიხილე შენ.
49მიუგო მას ნათანაელმა და უთხრა: რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა!
50მიუგო იესომ და უთხრა მას: რადგან გითხარი შენ, რომ გიხილე შენ ლეღვის ხის ქვეშ, და გწამს, ამაზე მეტს იხილავ.
51და უთხრა მას: ამინ, ამინ გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ ცას გახსნილს და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ ძეზე კაცისა.
Next