თავი - 24
Previous1და ერთშაბათს, ცისკარზე ადრიანად მივიდნენ საფლავზე და მიიტანეს გამზადებული სურნელება; და ვიღაც სხვებიც იყვნენ მათთან ერთად.
2და იპოვეს ლოდი გადაგორებული საფლავიდან
3და შევიდნენ და ვერ იპოვეს გვამი უფლისა იესოსი.
4და იყვნენ რა ისინი საგონებელში ამის გამო, აჰა, ორი კაცი ზედ დაადგა მათ ელვარე სამოსით;
5ხოლო ისინი შეშინებულნი იყვნენ და სახეები მიწისკენ დაეხარათ; და უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებთან?
6არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, როგორ გეუბნებოდათ თქვენ, ვიდრე იყო გალილეაში,
7და გითხრათ: მართებს ძეს კაცისას გადაცემა ცოდვილ კაცთა ხელში და ჯვარცმა და მესამე დღეს აღდგომა;
8და გაახსენდათ მისი სიტყვები
9და დაბრუნდნენ საფლავიდან და აუწყეს ეს ყოველივე იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს.
10და იყვნენ მაგდალელი მარიამი და იოანა და მარიამ იაკობისა და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებიც ეუბნებოდნენ მოციქულებს ამას.
11და გამოჩნდა მათი სიტყვები მათ წინაშე, როგორც სისულელე, და არ ირწმუნეს მათი;
12ხოლო პეტრე ადგა და გაიქცა საფლავზე და შეიხედა და დაინახა მხოლოდ ტილოები და წავიდა თავისთან, გაკვირვებული მომხდარით.
13და აჰა, ორი მათგანი მიდიოდა იმავე დღეს დაბაში, რომელიც დაშორებულია იერუსალიმიდან სამოც უტევანზე და რომლის სახელია ემაოსი;
14და ესენი საუბრობდნენ ერთმანეთთან იმ ყველაფერზე, რაც მოხდა.
15და იყო, მათი საუბრისას და ძიებისას თვით იესო მიუახლოვდა და მიდიოდა მათთან ერთად;
16ხოლო მათ თვალები აებათ, რომ ვერ ეცნოთ იგი.
17და უთხრა მათ: რას ნიშნავს ეს სიტყვები, რაზეც ერთმანეთთან საუბრობთ სიარულისას და ხართ მწუხარენი?
18და მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, და უთხრა მას: იერუსალიმში მარტო შენ ხარ მწირი, რომელმაც არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?
19და უთხრა მათ: რა? ხოლო მათ უთხრეს მას: იესო ნაზარეველის შესახებ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ერის წინაშე,
20როგორ გადასცეს იგი მღვდელმთავრებმა და ჩვენმა მთავრებმა, რომ დაესაჯათ სიკვდილით, და ჯვარს აცვეს იგი,
21ხოლო ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ის არის, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი, და ამ ყველაფერთან ერთად, ეს მესამე დღეა, რაც ეს მოხდა,
22მაგრამ ზოგიერთმა დედაკაცმა, ჩვენგანმა, გაგვაოგნა ჩვენ, როცა მივიდნენ დილაადრიან საფლავზე
23და ვერ იპოვეს მისი გვამი, მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომლებმაც უთხრეს: ცოცხალია იგი.
24და მივიდა ზოგიერთი ჩვენგანი საფლავზე და ნახა ისე, როგორც დედაკაცებმა თქვეს, ხოლო იგი ვერ იხილეს.
25და მან უთხრა მათ: ო, უგუნურნო და გულით მძიმენო, რომ გერწმუნათ ყველაფერი, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი,
26განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?
27და დაიწყო მოსედან და წინასწარმეტყველთაგან და განუმარტავდა მათ ყველაფერს, დაწერილს, თავის შესახებ.
28და მიუახლოვდნენ დაბას, სადაც მიდიოდნენ, და მან მოიმიზეზა, რომ უფრო შორს უნდა წასულიყო.
29და აიძულებდნენ მას და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, რადგან შემწუხრდა და მიწურულია დღე. და შევიდა მათთან დასარჩენად.
30და იყო, ინახით იჯდა რა იგი მათთან, აიღო პური, აკურთხა და გატეხა და აძლევდა მათ;
31ხოლო მათ აეხილათ თვალები და იცნეს იგი. და იგი უჩინარი გახდა მათთვის;
32ხოლო ისინი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ჩვენი გული ანთებული არ იყო, როცა გვეუბნებოდა ჩვენ გზაში, როცა გვიხსნიდა ჩვენ წერილს?
33და ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში და ნახეს შეკრებილნი — თერთმეტნი და ვინც მათთან იყვნენ,
34რომლებიც ამბობდნენ: ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს.
35და ისინი უამბობდნენ, რაც გზაში მოხდა, და როგორ გამოეცხადა იგი მათ პურის გატეხისას;
36ხოლო როცა ისინი ამას ამბობდნენ, თავად იესო დადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
37და შეძრწუნდნენ და შეეშინდათ, ეგონათ, რომ სული იხილეს;
38ხოლო მან უთხრა მათ: რად ხართ შეძრწუნებულნი და რატომ აღიძვრებიან გულისსიტყვები თქვენს გულში?
39ნახეთ ჩემი ხელები და ფეხები, რადგან თავად მე ვარ; ხელი შემახეთ მე და ნახეთ, რადგან სულს ხორცი და ძვალი არა აქვს, ხოლო ხედავთ, რომ მე მაქვს.
40და ეს თქვა და უჩვენა მათ ხელები და ფეხები.
41და როცა კიდევ ვერ ირწმუნეს მათ სიხარულისგან და უკვირდათ, უთხრა მათ იესომ: გაქვთ რამე საჭმელი აქ?
42ხოლო მათ მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლიანი ფიჭა.
43და ჭამა მათ წინაშე და რაც დარჩა, მისცა მათ
44და უთხრა: ეს არის სიტყვები, რომლებსაც გეუბნებოდით თქვენ, ვიდრე ვიყავი თქვენთან: უნდა აღსრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია მოსეს სჯულში და წინასწარმეტყველებებში და ფსალმუნებში ჩემ შესახებ.
45მაშინ გაუხსნა მათ გონება, რომ გაეგოთ წერილი,
46და უთხრა მათ: ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე და აღმდგარიყო მკვდრეთით მესამე დღეს
47და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული და ცოდვათა მიტევება ყველა წარმართისათვის. დაიწყეთ იერუსალიმიდან,
48რადგან თქვენ ხართ მოწმე ამისი.
49და, აჰა, მე მოვავლენ აღთქმას ჩემი მამისას თქვენზე, ხოლო თქვენ დასხედით ქალაქ იერუსალიმში, ვიდრე არ შეიმოსებით მაღლიდან ძალით.
50და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები და აკურთხა ისინი.
51და იყო, როცა იგი აკურთხებდა მათ, გაშორდა მათ და ადიოდა ზეცაში.
52და მათ თაყვანი სცეს მას და მიბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით
53და იყვნენ მუდამ ტაძარში, აქებდნენ და აკურთხებდნენ ღმერთს.
Next