Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1და ადგა მთელი მათი სიმრავლე და მიიყვანეს იგი პილატესთან.
2და დაუწყეს მას ბრალის დადება და ამბობდნენ: ვნახეთ ეს, რომ აცდუნებდა ჩვენს მოდგმას და უშლიდა, ხარკი მიეცათ კეისრისთვის, და ამბობდა, რომ თვითონ არის ქრისტე მეფე.
3ხოლო პილატემ ჰკითხა მას და უთხრა: შენა ხარ მეფე იუდეველთა? და მან მიუგო და უთხრა მას: შენ ამბობ.
4და პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე ამ კაცში.
5ხოლო ისინი დაჟინებით ამბობდნენ: აქეზებს ერს და ასწავლის მთელ ჰურიასტანს, დაწყებული გალილეიდან აქამდე.
6ხოლო პილატემ, როცა გაიგონა გალილეა, ჰკითხა მათ: განა გალილეიდან არის ეს კაცი?
7და მიხვდა, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან არის, და გაგზავნა იგი ჰეროდესთან, რადგან იყო ისიც იერუსალიმში იმ დღეებში;
8ხოლო ჰეროდემ ნახა რა იესო, გაიხარა ძლიერ, რადგან დიდი ხანია, უნდოდა მისი ნახვა, ვინაიდან ესმოდა მის შესახებ და იმედი ჰქონდა, რომ იხილავდა რაიმე სასწაულს, მის მიერ აღსრულებულს;
9და ეკითხებოდა მას ბევრს, ხოლო იგი არაფერს მიუგებდა მას.
10და იდგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას.
11და დაამცირა იგი ჰეროდემ თავის ჯარისკაცებთან ერთად და დასცინა და შემოსა იგი ბრწყინვალე სამოსით და გაუგზავნა იგი პილატეს.
12და გახდნენ ერთმანეთის მეგობრები პილატე და ჰეროდე იმ დღეს, რადგან მანამდე მტრობა იყო მათ შორის.
13ხოლო პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს და მთავრებს და ერს
14და უთხრა მათ: მომიყვანეთ მე ეს კაცი, როგორც მაცდუნებელი ერისა და, აჰა, მე თქვენ წინაშე დავკითხე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი ბრალი, რაშიც ბრალს სდებდით მას,
15ვერც ჰეროდემ, რადგან გავუგზავნე იგი მას; და აჰა, არაფერი ღირსი სიკვდილისა არ გაუკეთებია მას,
16დავსჯი მას და გავათავისუფლებ, —
17რადგან აუცილებლად უნდა გაეთავისუფლებინა მათთვის დღესასწაულზე ერთი.
18და შეჰყვირა მთელმა სიმრავლემ და ამბობდა: სიკვდილი მაგას და გაგვითავისუფლე ჩვენ ბარაბა! —
19რომელიც ქალაქში მომხდარი რაღაც ამბოხებისთვის და მკვლელობისთვის იყო ჩაგდებული საპყრობილეში.
20კვლავ მოუხმო მათ პილატემ და უნდოდა იესოს განთავისუფლება;
21ხოლო ისინი ყვიროდნენ და ამბობდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!
22და მან მესამედ უთხრა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა ამან? ვერავითარი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში; დავსჯი მას და გავათავისუფლებ.
23ხოლო ისინი უტევდნენ და დიდი ხმით მოითხოვდნენ, ჯვარს ეცვათ იგი; და ძლიერდებოდა მათი და მღვდელმთავრების ხმები.
24და პილატემ გადაწყვიტა, აესრულებინა მათი თხოვნა,
25და გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ამბოხებისა და მკვლელობისათვის ჩაგდებული საპყრობილეში, რომელსაც ითხოვდნენ, ხოლო იესო გადასცა მათ ნებას.
26და როგორც კი წაიყვანეს იგი, შეიპყრეს ვიღაც სიმონ კვირინელი, მომავალი მინდვრიდან, და დაადეს მას ჯვარი, რომ წაეღო და გაჰყოლოდა იესოს უკან.
27და მისდევდა მას სიმრავლე ერისა და დედაკაცებისა, რომლებიც გლოვობდნენ და გოდებდნენ მასზე.
28მიუბრუნდა მათ იესო და უთხრა: იერუსალიმის ასულნო, ნუ ტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავზე იტირეთ და თქვენს შვილებზე,
29რადგან, აჰა, მოვა დღეები, როცა იტყვიან: ნეტარნი არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ გაუზრდიათ.
30მაშინ დაუწყებენ თქმას მთებს: დაგვეცით ჩვენ, და ბორცვებს: დაგვფარეთ ჩვენ;
31რადგან თუ ნედლ ხეს ამას უკეთებენ, ხმელს რაღა დაემართება?
32და მოჰყავდათ სხვა ორი ბოროტმოქმედიც, მასთან ერთად რომ მოეკლათ.
33და როდესაც მივიდნენ ადგილზე, რომელსაც ჰქვია თხემი, იქ ჯვარს აცვეს იგი და ბოროტმოქმედები მასთან ერთად, ერთი — მარჯვნივ და ერთი — მარცხნივ;
34ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე მაგათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ. და როცა იყოფდნენ მის სამოსს, იყარეს წილი.
35და იდგა ერი და უყურებდა და დასცინოდნენ მთავრებიც მათთან ერთად და ამბობდნენ: სხვები იხსნა, იხსნას თავისი თავიც, თუ ეგ არის ქრისტე, რჩეული ღვთისა.
36და შეურაცხყოფდნენ მას ჯარისკაცებიც და მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მისთვის
37და ეუბნებოდნენ: თუ შენ ხარ მეფე იუდეველთა, იხსენი შენი თავი.
38და იყო წარწერაც, რომელიც მის ზემოთ იყო დაწერილი ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით: ეს არის იესო, მეფე იუდეველთა.
39ხოლო ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედთაგანი გმობდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი თავი შენი და ჩვენც.
40მიუგო მეორემ და გაკიცხა იგი და უთხრა: აღარც ღვთისა გეშინია შენ, რადგან იმავე სასჯელში ხარ;
41ჩვენ სამართლიანად, ღირსი იმისა, რაც გავაკეთეთ, მოგვეგება, ხოლო ამას უჯერო არაფერი გაუკეთებია.
42და ეუბნებოდა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში.
43ხოლო იესომ უთხრა მას: ამინ გეუბნები შენ: დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში.
44და იყო დაახლოებით მეექვსე ჟამი და სიბნელე იყო მთელ ქვეყანაზე მეცხრე ჟამამდე.
45და დაბნელდა მზე და გაიპო კრეტსაბმელი ტაძრისა შუაზე.
46და შეჰყვირა დიდი ხმით და თქვა: მამაო, შენს ხელთ შევვედრებ ჩემს სულს. და ეს თქვა და განუტევა სული.
47და იხილა რა ასისთავმა, რაც მოხდა, ადიდებდა ღმერთს და ამბობდა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო.
48და მთელი ხალხი, მასთან მოსული ამის სახილველად, ხედავდა, რაც მოხდა, და იცემდნენ მკერდში და უკან ბრუნდებოდნენ.
49და იდგა მოშორებით ყველა, ვინც იცნობდა მას, და დედაკაცები, რომლებიც გაჰყვნენ გალილეიდან, და უყურებდნენ მას.
50და, აჰა, კაცი, სახელად იოსები, მრჩეველი, კაცი კეთილი და მართალი
51იგი არ იყო თანამზრახველი მათი განზრახვისა და საქმისა — იყო არიმათიიდან, იუდეველთა ქალაქიდან, და მოელოდა ღვთის სასუფეველს.
52იგი მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი
53და გადმოხსნა და გაახვია იგი სუდარაში და დადო იგი კლდეში გამოკვეთილ საფლავში, სადაც არავინ იყო დასვენებული.
54და იყო პარასკევი დღე და შაბათი თენდებოდა.
55და გაჰყვნენ მას დედაკაცები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მოსულნი გალილეიდან, და იხილეს საფლავი და როგორ დადეს მისი გვამი,
56და დაბრუნდნენ და მოამზადეს სურნელება და ნელსაცხებელი და მდუმარედ იყვნენ შაბათს მცნებისამებრ.
Next