Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1და მოახლოვდა დღესასწაული უფუარობისა, რომელსაც ჰქვია პასექი.
2და ეძიებდნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები, როგორ მოეკლათ იგი, რადგან ეშინოდათ ხალხისა.
3და შევიდა ეშმაკი იუდაში, რომელსაც ერქვა ისკარიოტელი, და იყო იგი თორმეტთა რიცხვში;
4და მივიდა და მოელაპარაკა მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და მთავრებს, როგორ გადაეცა იგი მათთვის;
5ხოლო მათ გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა.
6და დათანხმდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გადაეცა იგი მათთვის ხალხის დაუსწრებლად.
7და დადგა უფუარობის დღე, როდესაც უნდა დაკლულიყო პასექი.
8და გაგზავნა პეტრე და იოანე და უთხრა: წადით და მოგვიმზადეთ ჩვენ პასექი, რათა ვჭამოთ.
9ხოლო მათ უთხრეს მას: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ?
10ხოლო მან უთხრა მათ: აჰა, როცა შეხვალთ თქვენ ქალაქში, შეგხვდებათ თქვენ კაცი, რომელსაც დოქით წყალი მიაქვს; და გაჰყევით მას სახლში, სადაც შევა,
11და უთხარით სახლის პატრონს: გეუბნება შენ მოძღვარი: სად არის სავანე, სადაც პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად შევჭამ?
12და ის თქვენ გიჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, მოფარდაგებულს; იქ მოამზადეთ.
13და წავიდნენ და იპოვეს, როგორც უთხრა მათ, და მოუმზადეს პასექი.
14და როცა დადგა დრო, დაჯდა, და თორმეტი მოციქული — მასთან ერთად.
15და უთხრა მათ: გულისწადილით მეწადა ეს პასექი მეჭამა თქვენთან ერთად ჩემს ვნებამდე;
16ხოლო გეუბნებით თქვენ: აღარ შევჭამ ამიერიდან ამას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში.
17და აიღო სასმისი და მადლობდა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთში.
18ხოლო გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვენახის ნაყოფისგან, ვიდრე სასუფეველი ღვთისა არ მოვა.
19და აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა მათ და უთხრა: ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის მიცემული; ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად.
20და ასევე — სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემი სისხლით, რომელიც თქვენთვის არის დათხეული.
21მაგრამ, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან არის ტაბლაზე.
22ძე კაცისა კი განჩინებისამებრ მიდის, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.
23და მათ დაიწყეს გამოძიება ერთმანეთში, თუ ვინ არის მათგან, ვინც ეს უნდა გააკეთოს.
24და იყო დავაც მათ შორის, თუ ვინ არის მათ შორის უდიდესი.
25ხოლო მან უთხრა მათ: წარმართთა მეფეები ბატონობენ მათზე და ვისაც ხელმწიფება აქვს მათზე, ქველმოქმედებად იწოდებიან;
26ხოლო თქვენ ასე ნუ იქნებით, არამედ უდიდესი თქვენ შორის იყოს როგორც უმცროსი და წინამძღვარი — როგორც მსახური.
27ვინ არის უდიდესი, ვინც ინახით ზის, თუ ვინც ემსახურება? განა ის არა, ვინც ინახით ზის? ხოლო მე თქვენ შორის ვარ როგორც მსახური.
28და თქვენ ხართ, რომლებიც იყავით ჩემთან ჩემს განსაცდელში.
29და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც აღმითქვა მე მამამ ჩემმა, სასუფეველს,
30რათა ჭამოთ და სვათ ჩემს ტაბლაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ თორმეტ ტახტზე და განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
31და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ, აჰა, ეშმაკმა გამოგითხოვათ თქვენ, რომ გაგცრათ, როგორც ხორბალი;
32ხოლო მე ვევედრე ჩემს მამას შენთვის, რათა არ მოგაკლდეს შენ რწმენა და, როცა მობრუნდები შენ, განამტკიცე შენი ძმები.
33და მან უთხრა მას: უფალო, შენთან ერთად მზად ვარ საპყრობილეშიც წავიდე და სიკვდილზეც.
34ხოლო მან თქვა: გეუბნები შენ, პეტრე: არ იყივლებს დღეს მამალი, ვიდრე სამგზის არ უარმყოფ, რომ მიცნობ მე.
35და უთხრა მათ: როდესაც გაგგზავნეთ თქვენ უქისოდ და უაბგოდ და უხამლოდ, განა რამე გაკლდათ? ხოლო მათ უთხრეს: არაფერი.
36და უთხრა მათ: არამედ ახლა, ვისაც აქვს ქისა, აიღოს, ასევე აბგაც და ვისაც არა აქვს, გაყიდოს თავისი სამოსი და იყიდოს მახვილი;
37რადგან გეუბნებით თქვენ: ეს დაწერილი უნდა აღსრულდეს ჩემზე: უსჯულოებთან შეირაცხა (ეს.53,12), — რადგან, რაც ჩემ შესახებ დაიწერა, დასასრული აქვს;
38ხოლო მათ უთხრეს: უფალო, აჰა, არის აქ ორი მახვილი; ხოლო მან უთხრა მათ: საკმარისია.
39და გამოვიდა და წავიდა, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთაზე და გაჰყვნენ მას თავისი მოწაფეებიც.
40და როცა მივიდა იმ ადგილზე, უთხრა მათ: ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში.
41და იგი გაშორდა მათ დაახლოებით ქვის სასროლზე და მოიყარა მუხლი და ლოცულობდა
42და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამარიდე ეს სასმისი მე, მაგრამ არა ჩემი ნება იყოს, არამედ შენი.
43და ეჩვენა მას ანგელოზი ზეციდან და აძლიერებდა მას.
44და იყო იგი ღვაწლში და უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა; და იყო მისი ოფლი, როგორც სისხლის წვეთები, და იღვრებოდა მიწაზე.
45და ადგა ლოცვიდან და მივიდა თავის მოწაფეებთან და ნახა ისინი მძინარენი მწუხარებისგან
46და უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში.
47და ვიდრე იგი ამას ამბობდა, აჰა, ხალხი, და ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი, წინ უძღოდა მათ; და მიუახლოვდა იესოს და ეამბორა მას, რადგან ეს ნიშანი მიეცა მათთვის: ვისაც ვეამბორები, ის არის.
48ხოლო იესომ უთხრა მას: იუდა, ამბორით გასცემ ძეს კაცისას?
49ნახეს რა მის გარშემო მყოფებმა, რაც უნდა მომხდარიყო, უთხრეს მას: არ დავკრათ უფალო, მახვილი?
50და დაჰკრა ერთმა რომელიღაც მათგანმა მღვდელმთავრის მონას და მოჰკვეთა მას მარჯვენა ყური.
51და მიუგო იესომ და უთხრა: მოუშვით აქ და შეეხო მის ყურს და განკურნა იგი.
52და უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მთავრებსა და უხუცესებს: როგორც ავაზაკზე გამოხვედით მახვილებითა და კეტებით;
53ყოველდღე ვიყავი მე თქვენთან ტაძარში და არ აღმართეთ ხელი ჩემზე, მაგრამ ეს არის თქვენი ჟამი და ხელმწიფება ბნელისა.
54და როცა შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და შეიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე მისდევდა მოშორებით.
55და დაანთეს ცეცხლი შუა ეზოში და, როცა გარს შემოუსხდნენ, დაჯდა პეტრეც მათ შორის.
56და დაინახა იგი ვიღაც მხევალმა, მჯდომი სინათლეში, და მიაჩერდა მას და თქვა: ესეც მასთან იყო.
57ხოლო მან უარყო და თქვა: დედაკაცო, არ ვიცნობ მას.
58და ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც იმათგანი ხარ. ხოლო პეტრემ თქვა: კაცო, არა ვარ.
59და როცა გავიდა დაახლოებით ერთი ჟამი, ვიღაც სხვა ამტკიცებდა და ამბობდა: ჭეშმარიტად ესეც მათთან იყო, რადგან გალილეველია;
60ხოლო პეტრემ უთხრა: კაცო, არ ვიცი, რას ამბობ. და მყისვე, ვიდრე იგი ამას ამბობდა, იყივლა მამალმა.
61და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამგზის უარმყოფ მე.
62და გამოვიდა გარეთ და ტიროდა მწარედ.
63და კაცები, რომელთაც შეიპყრეს იესო, დასცინოდნენ მას და სცემდნენ,
64და დააფარეს მას თავზე და სცემდნენ მას სახეში, ეკითხებოდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ არის, ვინც დაგარტყა შენ?
65და გმობდნენ და სხვასაც ბევრ რამეს ამბობდნენ მასზე.
66და როგორც კი გათენდა დღე, შეიკრიბნენ ერის უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები და წაიყვანეს იგი თავის საკრებულოში
67და ეუბნებოდნენ: თუ შენ ხარ ქრისტე, გვითხარი ჩვენ. ხოლო მან უთხრა მათ: რომ გითხრათ თქვენ, არ ირწმუნებთ;
68და რომ გკითხოთ, არ მიპასუხებთ, არც გამიშვებთ.
69ამიერიდან იქნება ძე კაცისა, მჯდომარე ღვთის ძალის მარჯვნივ.
70და უთხრა მას ყველამ: ნუთუ შენ ხარ ძე ღვთისა? ხოლო მან უთხრა მათ: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.
71და მათ თქვეს: რაღად გვჭირდება მოწმეები? რადგან ჩვენ თვითონ გვესმის მაგის პირიდან.
Next