თავი - 21
Previous1შეხედა და დაინახა, როგორ დებდნენ განძის საცავში თავის შესაწირავს მდიდრები.
2და დაინახა ვიღაც გლახაკი ქვრივი, რომელმაც დადო ორი ლეპტა,
3და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ გლახაკმა ქვრივმა ყველაზე მეტი დადო,
4რადგან ამათ, ყველამ, თავისი მომეტებულიდან დადეს შესაწირად ღვთისთვის, ხოლო მან თავისი ნაკლულევანებიდან მთელი საცხოვრებელი, რაც ჰქონდა, დადო.
5და ზოგიერთებს, რომლებიც ამბობდნენ ტაძარზე, რომ ძვირფასი ქვებით და შემოწირულობებით არის გამშვენებული, უთხრა:
6ხედავთ ამას? მოვა დღეები, როცა არ დარჩება ქვა ქვაზე, რომელიც არ დაირღვევა.
7ჰკითხეს მას მოწაფეებმა: მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა არის ნიშანი, როცა ეს უნდა მოხდეს?
8ხოლო მან უთხრა: გაფრთხილდით, არ ცდუნდეთ, რადგან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ და ჟამი მოახლოებულია, — ნუ გაჰყვებით მათ.
9ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ამბოხებებზე, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე არ იქნება აღსასრული.
10მაშინ ეუბნებოდა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;
11და იქნება დიდი მიწისძვრები ადგილ-ადგილ, შიმშილი და ჭირი; და საშინელებანი და ზეციდან დიდი ნიშნები იქნება.
12ხოლო უწინარეს ამ ყველაფრისა დაგადებენ თქვენ ხელს და დევნას დაგიწყებენ და გადაგცემენ შესაკრებლებსა და საპყრობილეებს და მიგიყვანენ მეფეთა და მთავართა წინაშე ჩემი სახელის გამო.
13და მოხდება ეს თქვენთვის დასამოწმებლად.
14ჩაიდეთ ეს თქვენს გულში, წინასწარ ნუ მოემზადებით, რა სიტყვა მიუგოთ,
15რადგან მე მოგცემთ თქვენ პირს და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვერ აღუდგება, ვერც საწინააღმდეგოს იტყვის ვერავინ, ვინც თქვენ წინააღმდეგ იქნება.
16და გადაგცემენ მშობლებიც და ძმებიც და ნათესავებიც და მეგობრებიც და დახოცავენ ზოგიერთ თქვენგანს.
17და იქნებით მოძულებულნი ყველასგან ჩემი სახელის გამო.
18და თქვენი თავიდან თმაც არ დაიკარგება.
19თქვენი მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
20ხოლო როდესაც იხილავთ ჯარით გარშემორტყმულ იერუსალიმს, მაშინ გულისხმაყავით, რომ მოახლოებულია მოოხრება მისი.
21მაშინ ვინც ჰურიასტანში იქნება, გაიქცეს მთაში და ვინც იერუსალიმში იქნება, გავიდეს და ვინც სოფლად იქნება, ნუ შევა იქ;
22რადგან ეს არის შურისგების დღეები, რათა აღსრულდეს ყველაფერი, რაც არის დაწერილი.
23ხოლო ვაი ორსულებს და ვინც აწოვებს იმ დღეებში, რადგან იქნება მაშინ დიდი უბედურება ქვეყანაზე ამ ერზე. და რისხვა
24და დაეცემიან მახვილის პირით და ტყვედ წაიყვანენ წარმართთა ყველა ერში; და იერუსალიმი გაითელება წარმართთაგან, ვიდრე არ დასრულდება წარმართთა ჟამი.
25და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე; და ქვეყანაზე ხალხთა შეშფოთება ზღვის ხმისა და აზვირთების გაუსაძლისობის გამო;
26და კაცთა სულის განტევება შიშისა და მოლოდინისგან იმისა, რაც ელის ქვეყანას, რადგან ცათა ძალები შეიძვრება.
27და მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ღრუბლებზე ძალითა და დიდებით (დან.7,13-14).
28და როცა დაიწყება ამის აღსრულება, აიხედეთ და ასწიეთ თქვენი თავები, რადგან მოახლოვდა თქვენი გამოხსნა.
29და უთხრა იგავი მათ: იხილეთ ლეღვი და ყველა ხე;
30როცა ფოთოლი გამოვა, შეხედავთ და თავად იცით, რომ უკვე ახლოს არის ზაფხული.
31ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, იცოდეთ, რომ ახლოს არის სასუფეველი ღვთისა.
32ამინ გეუბნებით თქვენ, რომ არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ იქნება.
33ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა.
34და გაუფრთხილდით თქვენს თავს, რომ არ დამძიმდეს თქვენი გულები განცხრომით და სიმთვრალით და ამ სოფლის საზრუნავით და უეცრად არ მოიწიოს თქვენზე ის დღე,
35როგორც მახე, რადგან დაატყდება ყველა მკვიდრს მთელი ქვეყნის პირზე.
36ამიტომ იფხიზლეთ მარადჟამს და ევედრეთ, რომ ღირსი გახდეთ, თავი დააღწიოთ ამ ყველაფერს, რაც უნდა მოხდეს, და რომ დადგეთ წინაშე ძისა კაცისა.
37და დღისით იყო ტაძარში და ასწავლიდა, ხოლო ღამით გადიოდა და რჩებოდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.
38და მთელი ერი დილაადრიან მიდიოდა მასთან ტაძარში, რომ მოესმინათ მისთვის.
Next