თავი - 20
Previous1და იყო, ერთ დღეს, როცა ასწავლიდა იგი ხალხს და ახარებდა ტაძარში, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად
2და უთხრეს მას და თქვეს: გვითხარი ჩვენ: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ არის, ვინც მოგცა შენ ეს ხელმწიფება?
3ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: გკითხავთ მეც თქვენ ერთ სიტყვას და მითხარით მე
4ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან?
5ხოლო ისინი ბჭობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: თუ ვიტყვით: ზეციდან, — გვეტყვის: რატომ არ ირწმუნეთ მისი?
6ხოლო თუ ვიტყვით: კაცთაგან, მთელი ერი ჩაგვქოლავს ჩვენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ იოანე წინასწარმეტყველია.
7და მიუგეს: არ ვიცით, საიდან იყო.
8და იესომ უთხრა მათ: არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
9და დაიწყო ერთან საუბარი ამ იგავით: ვიღაც კაცმა გააშენა ვენახი და გადასცა იგი მიწათმოქმედებს და წავიდა დიდი ხნით.
10და თავის დროზე გაგზავნა მიწათმოქმედებთან მონა, რათა ვენახის ნაყოფი მიეცათ მისთვის, ხოლო მიწათმოქმედებმა სცემეს და გაუშვეს იგი ცარიელი.
11და დამატებით გაგზავნა სხვა მონა, ხოლო მათ ისიც სცემეს და შეურაცხყვეს და გაუშვეს ცარიელი.
12და დამატებით გაგზავნა მესამე, ხოლო მათ ისიც დაჭრეს და გააგდეს.
13და თქვა ვენახის პატრონმა: რა ვქნა? გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი მოერიდოთ.
14ხოლო როცა დაინახეს იგი მიწათმოქმედებმა, ბჭობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: ეს არის მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ, რომ ჩვენი იყოს მემკვიდრეობა.
15და გაიყვანეს იგი ვენახის გარეთ და მოკლეს. ახლა რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
16მივა და ამოწყვეტს იმ მიწათმოქმედებს და მისცემს ვენახს სხვებს. ხოლო მათ გაიგონეს ეს და თქვეს: ნუ იქნება!
17და მან შეხედა მათ და უთხრა: როგორ არის ეს დაწერილი: ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, იგი იქცა თავკიდურად (ფს.117,22)?
18ყველა, ვინც დაეცემა იმ ლოდზე, შეიმუსრება და ვისაც დაეცემა, გასრესს მას.
19და ეძებდნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები, რათა დაედოთ მისთვის ხელი იმ დროს, და ეშინოდათ ხალხისა, რადგან იცოდნენ, რომ მათ უთხრა ეს იგავი;
20და უთვალთვალებდნენ და მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც აჩვენებდნენ თავს მართლებად, რათა დაეჭირათ იგი სიტყვაში ისე, რომ გადაეცათ იგი მმართველის მთავრობისა და ძალაუფლებისთვის.
21და ჰკითხეს მას და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ამბობ და ასწავლი და არ პირმოთნეობ, არამედ ჭეშმარიტად ღვთის გზას ასწავლი.
22მართებულია ჩვენთვის კეისრისთვის ხარკის მიცემა თუ არა?
23და როცა მიხვდა მათ მზაკვრობას, უთხრა მათ: რად მცდით მე?
24მაჩვენეთ მე დინარი, ხოლო მათ აჩვენეს. და უთხრა: ვისია ეს სახე და წარწერა? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: კეისრისა.
25და იესომ უთხრა მათ: ასე რომ, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს.
26და ვერ შეძლეს მისი დაჭერა სიტყვაში ერის წინაშე და გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
27და მივიდნენ ვიღაც სადუკევლები, რომლებიც ამბობდნენ: აღდგომა არ არსებობს, — და ჰკითხეს მას
28და უთხრეს: მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა ჩვენ: თუ ვინმეს ძმა მოუკვდეს და ჰყავდეს ცოლი, და იგი უშვილო იყოს, მოიყვანოს მისმა ძმამ მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას (2სჯ.25,5).
29შვიდი ძმა იყო ჩვენ შორის; და პირველმა მოიყვანა ცოლი და მოკვდა უშვილო,
30და მეორემაც მოიყვანა ცოლად და ესეც მოკვდა უშვილო,
31და მესამემაც მოიყვანა იგი, და ამგვარადვე შვიდივემ და არ დარჩათ შვილები და დაიხოცნენ.
32ყველაზე ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
33აღდგომისას დედაკაცი რომელი მათგანის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა იგი ცოლად?
34და მიუგო და უთხრა მათ იესომ: ამ სოფლის შვილები ქორწინდებიან და თხოვდებიან,
35ხოლო ვინც ღირსი იქნება, მიაღწიოს იმ საუკუნეს და აღდგომას მკვდრეთით, არც ქორწინდება და არც თხოვდება;
36აღარც სიკვდილი შეუძლიათ, რადგან ანგელოზთა სწორნი არიან და ღვთისა და აღდგომის ძეები არიან.
37ხოლო რომ აღდგებიან მკვდრები, მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, როცა უწოდა უფალს ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა (გამ.3,6) —
38და არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა, რადგან ყველა ცოცხალია მის წინაშე.
39მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი.
40და ვეღარ გაბედა ვერავინ, ეკითხა მისთვის.
41და უთხრა მათ უფალმა: როგორ ამბობენ ქრისტეზე, რომ ძე არის დავითისა?
42ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
43ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენ ფეხთქვეშ (ფს.109,1).
44დავითი უფალს უწოდებს მას და როგორ არის მისი ძე?
45და როცა ესმოდა ეს მთელ ხალხს, უთხრა თავის მოწაფეებს:
46ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ სიარული შესამოსლებით და უყვართ მისალმება მოედნებზე და წინ დასხდომა შესაკრებლებში და ინახით წინ სხდომა ნადიმებზე,
47რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობენ; ისინი მიიღებენ უმეტეს სასჯელს.
Next