თავი - 19
Previous1და შევიდა და გაიარა იერიქო.
2და აჰა, ვიღაც კაცი, სახელად ზაქე, და იგი იყო მეზვერეთა მთავარი და იყო მდიდარი
3და ცდილობდა ეხილა, რომელი იყო იესო, და არ შეეძლო დანახვა ხალხიდან, რადგან დაბალი იყო.
4და გაიქცა წინ და ავიდა ლეღვის ხეზე, რათა დაენახა იგი, რადგან იქ უნდა გაევლო.
5და როგორც კი მივიდა იმ ადგილზე, ახედა იესომ და უთხრა მას: ზაქე, იჩქარე და ჩამოდი, რადგან დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.
6და იჩქარა და ჩამოვიდა და მიიღო იგი სიხარულით.
7და დაინახა ყველამ და დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდა გასაჩერებლად.
8ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს გლახაკებს მივცემ და ვისაც რამეში ცილი დავწამე, მივაგებ ოთხმაგს.
9და უთხრა მას იესომ: დღეს მოხდა გამოხსნა ამ სახლისა, რადგან ესეც აბრაამის ძე არის,
10რადგან მოვიდა ძე კაცისა მოსაძიებლად და გამოსახსნელად წარწყმედილისა.
11და როდესაც ისმენდნენ ისინი ამას, დამატებით თქვა იგავი იმის გამო, რომ ახლოს იყო იგი იერუსალიმთან, და ეგონათ მათ, რომ მაშინვე უნდა გამოჩენილიყო სასუფეველი ღვთისა,
12და უთხრა: ვიღაც კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რათა მიეღო მეფობა და დაბრუნებულიყო.
13და მოუხმო თავის ათ მონას და მისცა მათ ათი მნა და უთხრა მათ: ივაჭრეთ, ვიდრე მოვალ.
14ხოლო მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და გაგზავნეს მოციქულები მის კვალდაკვალ და უთხრეს: არ გვინდა, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე.
15და იყო, როცა დაბრუნდა იგი, მიიღო რა მეფობა, ბრძანა, მოეხმოთ მასთან ის მონები, რომლებსაც მისცა ვერცხლი, რათა გაეგო, რა ივაჭრეს.
16და მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენს მნას ათი მნა შეემატა.
17და უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ, რადგან მცირედზე სარწმუნო იყავი, გექნება შენ ხელმწიფება ათ ქალაქზე.
18და მოვიდა მეორე და უთხრა: ბატონო, შენმა მნამ მოიგო ხუთი მნა.
19და უთხრა მასაც შენც დაგადგენ ხუთ ქალაქზე.
20და მესამე მოვიდა და უთხრა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც მქონდა შენახული ტილოში,
21რადგან შემეშინდა შენი, ვინაიდან კაცი ხარ სასტიკი, იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს.
22და უთხრა მას: შენი პირით განგსჯი შენ, ბოროტო მონავ; იცოდი, რომ მე კაცი ვარ სასტიკი, ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესავს,
23და რატომ არ დადე ჩემი ვერცხლი სავაჭროდ? და მე, როცა მოვიდოდი, მონაგებითურთ ავიღებდი მას.
24და უთხრა წინ მდგომებს: წაართვით მაგას მნა და მიეცით, ვისაც ათი მნა აქვს.
25და უთხრეს მას: ბატონო, აქვს ათი მნა.
26და გეუბნებით თქვენ: ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას;
27ხოლო ის ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდათ, რომ მე ვიმეფო მათზე, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემ წინ.
28და ეს რომ თქვა, წავიდა წინ, ადიოდა რა იერუსალიმში.
29და იყო, როცა მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთასთან, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა, გაგზავნა ორი მოწაფე
30და უთხრა: წადით მოპირდაპირე დაბაში და რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ კვიცს, რომელზეც კაცთაგან არავინ არასდროს მჯდარა, ახსენით იგი და მომიყვანეთ.
31და თუ ვინმე გკითხავთ თქვენ: რატომ ახსენით? — ასე უთხარით: უფალს სჭირდება იგი.
32და როცა წავიდნენ, რომლებიც გაგზავნა, იპოვეს ისე, როგორც უთხრა მათ.
33ხოლო როდესაც ხსნიდნენ ისინი კვიცს, უთხრეს მისმა პატრონებმა მათ: რად ხსნით კვიცს?
34და მათ უთხრეს: უფალს სჭირდება იგი.
35და მიიყვანეს იგი იესოსთან და დააგეს მათ სამოსი კვიცზე და შესვეს იესო.
36და როდესაც შედიოდა იგი, უფენდნენ თავის სამოსს გზაზე.
37და როცა მიუახლოვდნენ ზეთისხილის მთის ფერდობს, დაიწყო მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ დიდი ხმით სიხარულით ქება ღვთისა ყველა იმ ძალის გამო, რაც იხილეს,
38და ამბობდნენ: კურთხეულია მომავალი მეუფე უფლის სახელით (ფს.117,26)! მშვიდობა ცათა შინა და დიდება მაღალთა შინა!
39და ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, გაკიცხე შენი მოწაფეები.
40ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: გეუბნებით თქვენ: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ.
41და როდესაც მიუახლოვდა, იხილა ქალაქი და ტიროდა მის გამო
42და ამბობდა: ნეტავი გცოდნოდა შენც ამ დღეს, რა მოგიტანს მშვიდობას, ხოლო ახლა დაფარულია შენს თვალთაგან;
43რადგან მოვა დღეები შენთვის და შემოგავლებენ შენი მტრები სანგრებს და გარშემოგერტყმებიან შენ და შეგავიწროვებენ შენ
44და გაგანადგურებენ შენ და შენს შვილებს შენში და არ დატოვებენ ქვას ქვაზე შენში, რადგან არ გულისხმაყავი ჟამი შენი მოხედვისა.
45და შევიდა ტაძარში და დაიწყო გამოყრა მათი, ვინც ყიდდა და ყიდულობდა,
46და უთხრა მათ: წერია: იყოს სახლი ჩემი სახლი სალოცავი, ხოლო თქვენ იგი აქციეთ ავაზაკთა გამოქვაბულად (ეს.56,7; იერ.7,11).
47და იყო იქ და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში, ხოლო მღვდელმთავრები და მწიგნობრები და ერისმთავრები ეძიებდნენ, რომ დაეღუპათ იგი,
48და ვერ პოულობდნენ, რა ექნათ მისთვის, რადგან მთელი ხალხი განუშორებლად უსმენდა მას.
Next