Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1და ეუბნებოდა მათ იგავს, როგორ მართებთ მათ გამუდმებით ლოცვა და არ დაზარება,
2და უთხრა: ვიღაც მსაჯული იყო რომელიღაც ქალაქში, ღვთისა არ ეშინოდა და ადამიანებისა არ ერიდებოდა.
3და ვიღაც ქვრივი იყო იმავე ქალაქში და მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა: დამიცავი მე ჩემი მეტოქისგან.
4და არ ისურვა დრომდე; ხოლო ამის შემდეგ თქვა თავის გულში: თუმცა ღვთისა არ მეშინია, არც ადამიანებისა მერიდება,
5იმის გამო, რომ მაწუხებს მე ეს ქვრივი, დავიცავ მას, რომ არ მოდიოდეს და თავს არ მაბეზრებდეს მე.
6და უთხრა უფალმა: ისმინეთ, სიცრუის მსაჯული რას ამბობს.
7განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც უღაღადებენ მას დღე და ღამე, და სულგრძელი არ იქნება მათ მიმართ?
8გეუბნებით თქვენ: დაიცავს მათ მალევე. მაგრამ ძე კაცისა რომ მოვა, იპოვის კი რწმენას ქვეყანაზე?
9და უთხრა ზოგიერთებს, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ თავის თავში, რომ მართლები არიან და ამცირებდნენ დანარჩენებს, ეს იგავი:
10ორი კაცი ავიდა ტაძარში სალოცავად: ერთი — ფარისეველი და ერთი — მეზვერე.
11ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა თავისთვის: ღმერთო, გმადლობ შენ, რომ არა ვარ, როგორც დანარჩენი ადამიანები, მტაცებელი, ცრუ, მრუში ან როგორც ეს მეზვერე;
12ვმარხულობ ორგზის შაბათის განმავლობაში, მეათედს ვიხდი მთელი ჩემი მონაგებიდან.
13ხოლო მეზვერე შორს იდგა და თვალების აპყრობაც არ უნდოდა ზეცად, არამედ იცემდა მკერდში და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს.
14გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული ჩამოვიდა თავის სახლში, ვიდრე ის ფარისეველი, რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, ხოლო ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
15და მიჰყავდათ მასთან ყრმები, რათა შეხებოდა მათ და, როცა დაინახეს მოწაფეებმა, კიცხავდნენ მათ;
16ხოლო იესომ მოუხმო მათ და უთხრა: აცადეთ ყრმებს ჩემთან მოსვლა და ნუ აბრკოლებთ მაგათ, რადგან ასეთების არის სასუფეველი ღვთისა.
17ამინ გეუბნებით თქვენ: ვინც არ მიიღებს ღვთის სასუფეველს როგორც ყრმა, ვერ შევა მასში.
18და ჰკითხა მას ვიღაც მთავარმა: მოძღვარო სახიერო, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?
19უთხრა მას იესომ: რად მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი.
20მცნებები იცი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო და პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას (გამ.20,12-16).
21ხოლო მან თქვა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიჭაბუკიდან.
22და როცა გაიგონა ეს იესომ, უთხრა მას: ერთიღა გაკლია შენ; ყველაფერი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.
23ხოლო როცა გაიგონა მან ეს, დამწუხრდა, რადგან იყო ძლიერ მდიდარი.
24და როცა ნახა იგი იესომ, რომ დამწუხრდა, თქვა: როგორი ძნელია მათთვის, ვისაც სიმდიდრე აქვს, ღვთის სასუფეველში შესვლა,
25რადგან უფრო ადვილია, აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.
26და ვინც გაიგონა, უთხრა მას: და ვის შეუძლია ცხონება?
27და მან უთხრა: შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის.
28და უთხრა მას პეტრემ: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და გამოგყევით შენ.
29ხოლო იესომ უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც დატოვა სახლი ან მშობლები, ან ძმები, ან ცოლი, ან შვილები ღვთის სასუფევლისთვის,
30რომ არ მიიღოს ბევრწილად ამ დროში და მომავალ საუკუნეში საუკუნო ცხოვრება.
31და წაიყვანა თორმეტნი და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმში და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილია წინასწარმეტყველთა მიერ ძისა კაცისას შესახებ;
32რადგან გადასცემენ წარმართებს და დასცინებენ და აგინებენ და აფურთხებენ
33და გვემენ და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.
34და ისინი ვერაფერს მიხვდნენ და იყო ეს სიტყვა დაფარული მათთვის და ვერ იგებდნენ ნათქვამს.
35და იყო, როცა მიუახლოვდა იგი იერიქოს, ვიღაც ბრმა იჯდა გზის პირას და ითხოვდა მოწყალებას.
36და გაიგონა, რომ ხალხი მოდიოდა, და ეკითხებოდა: რა არის ეს?
37და აუწყეს მას: იესო ნაზორეველმა უნდა გაიაროს.
38და შეღაღადა და თქვა: იესო ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.
39და ვინც წინ უძღოდა, კიცხავდნენ მას, რათა დადუმებულიყო, ხოლო იგი უფრო მეტად ღაღადებდა: იესო ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.
40და შეჩერდა იესო და ბრძანა, მიეყვანათ იგი მასთან, და როცა მიუახლოვდა იგი, ჰკითხა მას:
41რა გინდა, რომ გაგიკეთო შენ? ხოლო მან უთხრა: უფალო, რომ ამეხილოს თვალები.
42და იესომ უთხრა მას: აგეხილოს! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.
43და მაშინვე აეხილა და გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. და მთელმა ერმა იხილა და აქებდა ღმერთს.
Next