Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1და უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, საცდური არ მოვიდეს, მაგრამ ვაი იმას, ვისგანაც მოდის.
2უმჯობესია მისთვის, წისქვილის ქვა მოაბან მას ქედზე და ჩააგდონ ზღვაში, ვიდრე დააბრკოლოს ერთი ამ მცირეთაგანი.
3გაუფრთხილდით თქვენს თავს. თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაკიცხე იგი და, თუ შეინანოს, მიუტევე მას.
4და თუ დღეში შვიდგზის შეგცოდოს შენ და შვიდგზის მობრუნდეს და გითხრას: ვნანობ, — მიუტევე მას.
5და უთხრეს მოციქულებმა უფალს: შეგვმატე ჩვენ რწმენა.
6და უთხრა მათ უფალმა: თუ გექნებათ რწმენა მდოგვის მარცვლისოდენა და ეტყვით ამ თუთის ხეს: აღმოიფხვერი და დაინერგე ზღვაში, — დაგემორჩილებათ თქვენ.
7რომელ თქვენგანს ეყოლება მონა, მხვნელი ან მწყემსი, რომელსაც მინდვრიდან მოსულს მაშინვე ეტყვის: მოდი და დაჯექი?
8არამედ არ ეტყვის მას: მომიმზადე რამე, რომ ვივახშმო, და შემოირტყი სარტყელი და მემსახურე მე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, და ამის შემდეგ ჭამე და სვი შენც?
9განა იქნება მადლიერი იმ მონისა, რომ შეასრულა ნაბრძანები? არა მგონია.
10ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, თქვენთვის ნაბრძანებს, თქვით: ურგები მონები ვართ, რაც გვევალებოდა, გაგვეკეთებინა, გავაკეთეთ.
11და იყო, როცა მიდიოდა იერუსალიმში, მან გაიარა სამარიასა და გალილეას შორის.
12და როცა შევიდა იგი რომელიღაც დაბაში, მიეგება მას ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც დადგნენ მოშორებით.
13და მათ აიმაღლეს ხმა და ამბობდნენ: იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ.
14და დაინახა და უთხრა მათ: წადით და უჩვენეთ თქვენი თავი მღვდლებს. და იყო, როცა წავიდნენ ისინი, განიწმინდნენ.
15ხოლო ერთმა მათგანმა ნახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და დიდი ხმით ადიდებდა ღმერთს,
16და დავარდა პირქვე მის ფეხებთან და მადლობდა მას; და იგი იყო სამარიელი.
17და მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? და ცხრანი სად არიან?
18არც ერთი არ აღმოჩნდა, გარდა ამ უცხოტომელისა, რომ მობრუნებულიყო და ედიდებინა ღმერთი?
19და უთხრა მას: ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.
20და ჰკითხეს ფარისევლებმა: როდის მოვა სასუფეველი ღვთისა? მიუგო იესომ და უთხრა მათ: არ მოვა სასუფეველი ღვთისა ხილულად.
21არც იტყვიან: აჰა, აქ არის, ან იქ, რადგან, აჰა, სასუფეველი ღვთისა თქვენშია.
22და უთხრა მოწაფეებს: მოვა დღეები, როცა მოისურვებთ, იხილოთ ერთი დღე ძისა კაცისა, და ვერ იხილავთ.
23და გეტყვიან თქვენ: აჰა, აქ არის, ან: აჰა, იქ, — ნუ გახვალთ, ნურც გაჰყვებით;
24რადგან როგორც ელვა ელავს ცისქვეშეთიდან ცისქვეშეთამდე და ბრწყინავს, ასე იქნება ძე კაცისა თავის დღეს.
25მაგრამ ჯერ მართებს მას მრავალი ვნება და შეურაცხყოფა ამ მოდგმისგან.
26და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება ძისა კაცისას დღეებშიც:
27ჭამდნენ, სვამდნენ, ქორწინდებოდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე არ შევიდა ნოე კიდობანში, და მოვიდა წარღვნა და ამოწყვიტა ყველა.
28ისევე როგორც იყო ლოთის დღეებში: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ, აშენებდნენ,
29ხოლო რომელ დღესაც გავიდა ლოთი სოდომიდან, აწვიმა ცეცხლი და გოგირდი ზეციდან და ამოწყვიტა ყველა;
30ისევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა განცხადდება.
31იმ დღეს ვინც იქნება ერდოზე და მისი ქონება — სახლში, ნუ ჩამოვა მის ასაღებად და ველზე მყოფი ასევე ნუ მობრუნდება უკან.
32გაიხსენეთ ლოთის ცოლი.
33ვინც ცდილობს თავისი სულის გადარჩენას, წარწყმედს მას, ხოლო ვინც წარწყმედს, აცოცხლებს მას.
34გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთს წაიყვანენ და მეორეს დატოვებენ;
35ორნი იქნებიან, რომლებიც დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვანენ, ხოლო მეორეს დატოვებენ;
36ორნი იქნებიან ველზე, ერთს წაიყვანენ, ხოლო მეორეს დატოვებენ.
37და მიუგეს და უთხრეს მას: სად, უფალო? ხოლო მან უთხრა მათ: სადაც იქნება ხორცი, იქ შეიკრიბებიან ორბებიც.
Next