Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1და ეუბნებოდა მოწაფეებსაც: და იყო ვიღაც მდიდარი კაცი, რომელსაც ჰყავდა მნე, და იგი დაასმინეს მასთან, როგორც გამფლანგველი მისი ქონებისა.
2და მოიხმო და უთხრა მას: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე ანგარიში შენს სამნეოზე, რადგან ვეღარ შეძლებ მნეობას.
3და თქვა თავის გულში მნემ: რა ვქნა, რადგან ჩემი ბატონი მართმევს ჩემს სამნეოს? მუშაობა არ შემიძლია, თხოვნისა მრცხვენია.
4ვიცი, რა ვქნა, როცა გადამაყენებენ მნეობიდან, რომ მიმიღონ მე თავის სახლებში.
5და მოუხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალეებს და უთხრა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
6ხოლო მან უთხრა: ასი საწნეხელი ზეთი. და უთხრა მას: მიიღე შენი ხელწერილი და დაჯექი ჩქარა და დაწერე — ორმოცდაათი.
7შემდეგ სხვას უთხრა: შენ რამდენი გმართებს? ხოლო მან თქვა: ასი საწყაო ხორბალი. უთხრა მასაც: მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე — ოთხმოცი.
8და შეაქო ბატონმა სიცრუის მნე, რადგან მოხერხებულად მოიქცა, რადგან ამ სოფლის ძეები მოხერხებულნი არიან ნათლის ძეებზე თავის მოდგმაში.
9და მე გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ თქვენთვის მეგობრები სიცრუის მამონით, რათა, როცა მოაკლდებით ამ სოფელს, შეგიწყნარონ თქვენ საუკუნო სამყოფელში.
10სარწმუნო მცირედზე მრავალზეც სარწმუნოა; და ვინც მცირედზე ცრუა, მრავალზეც ცრუა.
11თუ სიცრუის მამონის მიმართ სარწმუნო არ იქნებით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?
12და თუ სხვისაზე სარწმუნო არ იქნებით, თქვენსას ვინ მოგცემთ თქვენ?
13არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონება: რადგან ან ერთს მოიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს დაემორჩილება და მეორეს უგულებელყოფს ვერ შეძლებთ მონებას ღვთისა და მამონისა.
14ესმოდათ ეს ყველაფერი ფარისევლებს, რომლებიც ვერცხლისმოყვარენი იყვნენ, და დასცინოდნენ მას.
15და უთხრა მათ: თქვენ ხართ, ვინც იმართლებს თავს კაცთა წინაშე, ხოლო ღმერთმა იცის თქვენი გული, რადგან რაც კაცთა შორის ამაღლებულია, სისაძაგლეა ღვთის წინაშე.
16სჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ სასუფეველი ღვთისა ეხარება და ყოველი იძულებით აღწევს მას.
17უფრო ადვილია ცისა და ქვეყნის გადასვლა, ვიდრე სჯულის ერთი წერტილის დაკარგვა.
18ყოველი, რომელიც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს და ვინც ქმრისგან გაშვებულს შეირთავს, ისიც მრუშობს.
19ერთი კაცი იყო, მდიდარი, და იმოსებოდა ძოწეულით და ბისონით და მხიარულობდა ყოველდღე ბრწყინვალედ.
20და ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, დავრდომილი იყო მის ჭიშკართან დაწყლულებული,
21და უნდოდა გამძღარიყო მდიდრის ტაბლიდან გადმოცვენილი ნამცეცებით, მაგრამ ძაღლებიც მოდიოდნენ და მის წყლულებს ლოკავდნენ.
22და იყო, მოკვდა გლახაკი და მიიყვანეს იგი ანგელოზებმა აბრაამის წიაღში. მოკვდა მდიდარიც და დაიმარხა
23და ჯოჯოხეთში აახილა თავისი თვალები; და იყო რა ტანჯვაში, დაინახა აბრაამი შორიდან და ლაზარე — მის წიაღში;
24და მან შეჰყვირა და თქვა: მამაო აბრაამ, შემიწყალე მე და გამოგზავნე ლაზარე, რათა ჩაყოს თავისი თითის წვერი წყალში და გამიგრილოს ენა, რადგან ვიტანჯები მე ამ ალში;
25ხოლო აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე, რომ მიიღე შენი სიკეთე შენს ცხოვრებაში და ლაზარემ მსგავსადვე — ბოროტება; და ახლა აქ ეს ნუგეშცემულია, ხოლო შენ იტანჯები.
26და ყოველივე ამასთან, ჩვენსა და შენ შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, რადგან ვინც მოისურვებს გადასვლას აქედან თქვენთან, ვერ შეძლებს და ვერც მანდედან გადმოვა ჩვენთან.
27და უთხრა: გთხოვ შენ, მამაო, რომ გაგზავნო იგი მამაჩემის სახლში,
28რადგან მყავს ხუთი ძმა, და დაარწმუნოს ისინი, რომ არ მოვიდნენ ისინიც ტანჯვის ამ ადგილზე.
29და უთხრა მას აბრაამმა: ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი ისმინონ.
30ხოლო მან უთხრა: არა, მამაო აბრაამ, არამედ, მკვდართაგან თუ ვინმე მივა მათთან, შეინანებენ.
31და უთხრა მას: თუ მოსეს და წინასწარმეტყველებს არ უსმენენ, მკვდრეთით თუ ვინმე აღდგება, არც იმისას ირწმუნებენ.
Next