თავი - 15
Previous1და მიუახლოვდნენ მას მეზვერეები და ცოდვილები, რათა მოესმინათ მისთვის.
2და დრტვინავდნენ ფარისევლები და მწიგნობრები და ამბობდნენ: ეს ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ერთად ჭამს.
3და უთხრა მათ ეს იგავი და თქვა:
4თქვენგან რომელიმე კაცს რომ ჰყავდეს ასი ცხვარი და დაეკარგოს ერთი მათგანი, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა იმ დაკარგულისთვის, ვიდრე არ იპოვის მას?
5და როცა იპოვის, დაისვამს თავის მხრებზე გახარებული;
6და მივა სახლში და დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: გიხაროდეთ ჩემთან ერთად, რადგან ვიპოვე ჩემი ცხვარი, დაკარგული.
7გეუბნებით თქვენ: ასევე იქნება სიხარული ცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელიც შეინანებს, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული;
8ან რომელი დედაკაცი, რომელსაც აქვს ათი დრაქმა და დაკარგავს ერთს, არ აანთებს სანთელს და არ დაგვის სახლს და არ მოძებნის გულდასმით, ვიდრე არ იპოვის მას?
9და როცა იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: გიხაროდეთ ჩემთან ერთად, რადგან ვიპოვე დრაქმა, რომელიც დავკარგე.
10ასევე, გეუბნებით თქვენ, იქნება სიხარული ღვთის ანგელოზთა წინაშე ერთი ცოდვილის გამო, რომელიც შეინანებს.
11და თქვა: ვიღაც კაცს ჰყავდა ორი ძე.
12და უთხრა უმცროსმა თავის მამას: მამა, მომეცი მე კუთვნილი წილი ქონებისა. და გაუყო მათ საცხოვრებელი.
13არცთუ მრავალი დღის შემდეგ შეაგროვა ყველაფერი უმცროსმა ძემ და წავიდა შორეულ ქვეყანაში და იქ გაფლანგა თავისი ქონება, რადგან ცხოვრობდა უწესოდ.
14ხოლო როცა დახარჯა ყველაფერი, იყო ძლიერი შიმშილი იმ ქვეყანაში და შემოაკლდა მას.
15და მივიდა და შეეკრა იმ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ხოლო მან გაუშვა იგი თავის მინდვრებში ღორების სამწყემსავად.
16და ეწადა გაეძღო მუცელი რკოთი, რომელსაც ჭამდნენ ღორები, და არავინ აძლევდა მას.
17და გონს მოეგო და თქვა: მამაჩემის რამდენ დაქირავებულს უხვად აქვს პური, ხოლო მე აქ შიმშილით ვკვდები;
18ავდგები და წავალ მამაჩემთან და ვეტყვი მას: მამაო, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე
19და აღარა ვარ ღირსი, ვიწოდებოდე შენს ძედ, არამედ მამყოფე მე, როგორც ერთი დაქირავებულთაგანი.
20და ადგა და წამოვიდა თავის მამასთან. და როცა ჯერ კიდევ შორს იყო, დაინახა იგი თავისმა მამამ და შეებრალა და გაიქცა და დაემხო მას ქედზე და ეამბორა მას.
21და უთხრა მას ძემ: მამაო, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარა ვარ ღირსი, ვიწოდებოდე შენს ძედ.
22და უთხრა მამამ თავის მონებს: გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი და წამოაცვით მას ბეჭედი ხელზე და ხამლი ფეხებზე.
23და მოიყვანეთ ნასუქი ხბო, დაკალით და ვჭამოთ და გავიხაროთ,
24რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა; – და დაიწყეს მხიარულება.
25და იყო მისი უფროსი ძე ველად. და როგორც კი მოვიდა და მოუახლოვდა სახლს, გაიგონა ხმა სიმღერისა და ფერხულისა,
26და მოუხმო ერთ მსახურთაგანს და ეკითხებოდა: რა არის ეს?
27ხოლო მან უთხრა მას: შენი ძმა მოვიდა და დაკლა მამაშენმა ნასუქი ხბო, რადგან ჯანმრთელი დაბრუნდა იგი.
28და განრისხდა და არ მოისურვა შესვლა; ხოლო მამა მისი გამოვიდა და ევედრებოდა მას.
29და მან მიუგო და უთხრა თავის მამას: აჰა, ამდენი წელია გემსახურები შენ და არასდროს გადავსულვარ შენს მცნებას და ჩემთვის არასდროს მოგიცია თიკანი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა;
30ხოლო როცა ეს შენი ძე მოვიდა, რომელმაც შეჭამა შენი საცხოვრებელი მეძავებთან, დაუკალი მას ნასუქი ხბო.
31და მან უთხრა მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ჩემი ყველაფერი შენია;
32ხოლო ახლა მხიარულება და სიხარული გვმართებს, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.
Next