Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1და იყო, როცა მივიდა იესო ვიღაც ფარისეველი მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად, ისინი უთვალთვალებდნენ მას.
2და აჰა, იყო ვიღაც წყალმანკიანი კაცი მის წინ.
3მიუგო იესომ და უთხრა სჯულისმოძღვრებს და ფარისევლებს: მართებულია თუ არა შაბათს განკურნება?
4ხოლო ისინი დუმდნენ. და მოიყვანა და განკურნა იგი და გაუშვა.
5და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ორმოში, განა მაშინვე არ ამოიყვანს მას შაბათ დღეს?
6და ვერ შეძლეს შეპასუხება ამაზე.
7და ეუბნებოდა წვეულებს იგავს, შეამჩნია რა წინა ადგილებს როგორ ირჩევდნენ, და უთხრა მათ:
8როცა მიგიწვევს ვინმე ქორწილში, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, ვაითუ შენზე პატივსაცემი იყოს მოწვეული მის მიერ;
9და მოვიდეს, ვინც შენ და ის მოგიწვიათ და გითხრას შენ: ადგილი დაუთმე ამას. მაშინ დაიწყებ სირცხვილით ბოლო ადგილის დაკავებას;
10არამედ, როცა მიგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რათა მოვიდეს, ვინც მოგიწვია შენ, და გითხრას: მეგობარო, ამოდი ზემოთ. მაშინ განდიდდები შენ ყველა შენი თანამეინახის წინაშე,
11რადგან ყოველი, რომელიც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება და რომელიც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
12და ეუბნებოდა იმას, ვინც მოიწვია იგი: როცა გამართავ სადილს ან ვახშამს, ნუ დაუძახებ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რომ მათაც არ მიგიწვიონ შენ საპასუხოდ და მოგეგოს შენ სანაცვლო,
13არამედ, როცა გამართავ წვეულებას, მოიწვიე გლახაკები, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.
14და ნეტარი იქნები, რადგან არაფერი აქვთ, რომ მოგაგონ შენ სანაცვლოდ, და მოგეგება შენ სანაცვლო მართალთა აღდგომისას.
15და გაიგონა ვიღაც თანამეინახემ ეს და უთხრა მას: ნეტარია, ვინც შეჭამს პურს ღვთის სასუფეველში.
16ხოლო მან უთხრა მას: ვიღაც კაცმა გამართა დიდი სერობა და მოიწვია მრავალნი.
17და გაგზავნა თავისი მონა სერობის დროს, რათა ეთქვა წვეულთათვის: მოდით, რადგან, აჰა, მზად არის ყველაფერი.
18და დაიწყო ყველამ სათითაოდ უარის თქმა. პირველმა უთხრა მას: ყანა ვიყიდე და უცილობლად უნდა მივიდე და ვნახო იგი. გთხოვ შენ, ვიყო მე შენგან განტევებული;
19და სხვამ თქვა: უღელი ხარი ვიყიდე, ხუთი, და მივდივარ მათ გამოსაცდელად. გთხოვ შენ, ვიყო მე შენგან განტევებული;
20და შემდეგ სხვამ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლა.
21და მოვიდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: გადი სწრაფად ქალაქის ქუჩებში და შესახვევებში და გლახაკები და ხეიბრები და ბრმები და კოჭლები შემოიყვანე აქ.
22და უთხრა მონამ: ბატონო, აღსრულდა შენი ბრძანება და კიდევ არის ადგილი.
23და უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებზე და ორღობეებში და აიძულე, რომ შემოვიდნენ, რათა გაივსოს ჩემი სახლი;
24რადგან გეუბნებით თქვენ: ვერავინ იხილავს იმ წვეულ კაცთაგან გემოს ჩემი სერობისას, რადგან ბევრია მოწვეული და ცოტა რჩეული.
25და იკრიბებოდა მასთან დიდძალი ხალხი და მიუბრუნდა და უთხრა მათ:
26ვინც მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას და ცოლს და შვილებს და ძმებს და დებს და მერე თავის სულსაც, ვერ შეძლებს, იყოს ჩემი მოწაფე;
27ვინც არ იტვირთავს თავის ჯვარს და შემომიდგება მე, ვერ შეძლებს, იყოს ჩემი მოწაფე.
28თქვენგან ვინმეს რომ უნდოდეს გოდლის აშენება, განა ჯერ არ დაჯდება და არ აღრიცხავს, რაც უნდა დაიხარჯოს, თუ აქვს, რომ ეყოს დასამთავრებლად?
29რათა, ვაითუ დაუდოს საფუძველი და ვერ შეძლოს დასრულება და ყველამ, ვინც ნახავს მას, არ დაუწყოს დაცინვა
30და არ თქვას: ამ კაცმა დაიწყო შენება და ვერ შეძლო დასრულება.
31ან რომელი მეფე წავა სხვა მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ არ დაჯდება ჯერ და არ მოითათბირებს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათასით მის წინააღმდეგ მომავალს?
32ხოლო თუ არა, ვიდრე იგი შორს არის, მოციქულს გაუგზავნის და სთხოვს მშვიდობას.
33ასევე ყოველი თქვენგანი, ვინც არ განეშორება მთელ თავის ქონებას, ვერ შეძლებს, იყოს ჩემი მოწაფე.
34კარგია მარილი, ხოლო თუ მარილი გამტკნარდა, რითღა დამარილდება?
35არც მიწად, არც ნაკელად არ გამოდგება, არამედ გარეთ გადაყრიან მას. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს!
Next