Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1მივიდა ზოგიერთი იმ დროს და აუწყა მას იმ გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლიც პილატემ შეურია მათ მსხვერპლს.
2და მიუგო იესომ და უთხრა მათ: გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რადგან ასე ევნოთ?
3არა, — გეუბნებით თქვენ, — მაგრამ თუ არ შეინანებთ, ყველა ამგვარადვე დაიღუპებით.
4ან ის თვრამეტნი, რომელთაც დაეცათ გოდოლი სილოამში და დახოცა ისინი, გგონიათ, რომ ისინი ყველა იმ კაცზე ცოდვილნი იყვნენ, ვინც მკვიდრობს იერუსალიმში?
5არა, — გეუბნებით თქვენ, — მაგრამ თუ არ შეინანებთ, ყველა ასევე დაიღუპებით.
6და ეუბნებოდა ამ იგავს: ლეღვი ჰქონდა ვიღაცას დარგული თავის ვენახში და მივიდა და ეძებდა ნაყოფს მასზე და ვერ იპოვა
7და უთხრა მევენახეს: აჰა, სამი წელია, რაც მოვდივარ და ვეძებ ნაყოფს ამ ლეღვზე და ვერ ვპოულობ, მოჭერი იგი, რისთვისღა აცდენს მიწას?
8ხოლო მან მიუგო და უთხრა მას: ბატონო, დატოვე იგი ამ წელსაც, ვიდრე არ მოვუთოხნი მას გარშემო და არ დავუყრი ნაკელს,
9იქნებ გამოიღოს ნაყოფი, ხოლო თუ არა, მერე მოჭერი იგი.
10და ასწავლიდა იესო ერთ შესაკრებელში შაბათს.
11და აჰა, დედაკაცი, რომელთანაც უძლურების სული იყო თვრამეტი წელი; და იყო მოხრილი და არ შეეძლო გამართვა სრულიად.
12დაინახა იგი იესომ, მოუხმო და უთხრა მას: დედაკაცო, განთავისუფლებული ხარ შენი უძლურებისგან.
13და დაადო მას ხელები; და მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.
14და უთხრა შესაკრებლის მთავარმა რისხვით, რადგან შაბათს განკურნა იესომ, და ეუბნებოდა ხალხს: ექვსი დღე არის, როცა მართებულია საქმიანობა; მაშინ მოდით და განიკურნეთ და არა შაბათ დღეს.
15მიუგო მას იესომ და უთხრა: თვალთმაქცო, თითოეული თქვენგანი შაბათს არ ხსნის თავის ხარს ან ვირს ბაგიდან, არ მიჰყავს და არ ასმევს მას?
16ხოლო ეს აბრაამის ასული შეკრა ეშმაკმა, აჰა, უკვე თვრამეტი წელია; არ იყო მართებული, გამეხსნა ამ საკვრელთაგან შაბათ დღეს?
17და როცა ამას ამბობდა იგი, რცხვენოდა ყველა მის მოწინააღმდეგეს; და მთელ ხალხს უხაროდა ყველა იმ დიდებულ საქმეთა გამო, რომლებიც აღესრულებოდა მის მიერ.
18და ამბობდა: რას ვამსგავსო სასუფეველი ღვთისა და რისი მსგავსია იგი?
19მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; და გაიზარდა და იქცა იგი ხედ და ცის ფრინველებმა დაიბუდეს მის რტოებში.
20და კვლავ თქვა: რას ვამსგავსო სასუფეველი ღვთისა?
21მსგავსია საფუვრისა, რომელიც აიღო დედაკაცმა და შეურია სამ საწყაო ფქვილს, ვიდრე არ აფუვდა მთლიანად.
22და დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში და ასწავლიდა და მიემართებოდა იერუსალიმისკენ.
23და უთხრა მას ვიღაცამ: უფალო, ნუთუ ცოტანი არიან, ვინც ცხონდებიან? ხოლო მან უთხრა მათ:
24იღვაწეთ, რომ შეხვიდეთ ვიწრო კარით, რადგან გეუბნებით თქვენ: მრავალნი ეძიებენ, რომ შევიდნენ, და ვერ შეძლებენ.
25როცა ადგება სახლის პატრონი და დაკეტავს კარს, გარეთ იდგებით და დაიწყებთ კაკუნს კარზე და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე ჩვენ. და მოგიგებთ და გეტყვით თქვენ: არ ვიცი, თქვენ საიდან ხართ.
26მაშინ დაიწყებთ თქმას: ვჭამდით შენ წინაშე და ვსვამდით და ჩვენს მოედნებზე გვასწავლიდი.
27და გეტყვით: გეუბნებით თქვენ, არ ვიცი, თქვენ საიდან ხართ, გამშორდით მე ყველა უსამართლობის მოქმედი.
28იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს, ისააკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში და თქვენს თავს გამოყრილს გარეთ;
29და მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და ინახით დასხდებიან ღვთის სასუფეველში.
30და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომლებიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომლებიც იქნებიან უკანასკნელნი.
31იმ დღეს მოვიდნენ ვიღაც ფარისევლები და ეუბნებოდნენ მას: გადი და წადი აქედან, რადგან ჰეროდე გეძებს შენ მოსაკლავად.
32და უთხრა მათ: წადით და უთხარით ამ მელას: აჰა, განვდევნი ეშმაკებს და კურნებას აღვასრულებ დღეს და ხვალ და მესამე დღეს აღვესრულები;
33მაგრამ დღეს და ხვალ და ზეგ უნდა ვიარო, რადგან შეუძლებელია წინასწარმეტყველის დაღუპვა იერუსალიმის გარეთ.
34იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელმაც დახოცე წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე შენთან მოვლინებულნი! რამდენჯერ მინდოდა შეკრება შენი შვილებისა, როგორც ფრინველს თავისი მართვეებისა ფრთების ქვეშ, და არ ისურვეთ.
35აჰა, გრჩებათ თქვენ სახლი თქვენი ოხრად. გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ მე ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით (ფს.117,26).
Next