თავი - 12
Previous1ამასობაში შეიკრიბა უამრავი ხალხი, ისე რომ თელავდნენ ერთმანეთს. და დაიწყო პირველად საუბარი თავის მოწაფეებთან: მოარიდეთ თავი ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა;
2რადგან არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება, და საიდუმლო, რომელიც ცნობილი არ გახდება.
3ამიტომ რაც ბნელში თქვით, ნათელში გაისმება და რაც ყურში უთხარით სარდაფებში, იქადაგება ერდოებზე;
4ხოლო გეუბნებით თქვენ, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ მათი, ვინც კლავს სხეულს და ამის შემდეგ მეტს ვერაფერს გაგიკეთებთ.
5ხოლო გიჩვენებთ თქვენ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისი, ვისაც მოკვლის შემდეგ ხელმწიფება აქვს, ჩაგაგდოთ გეენაში. ჰო, გეუბნებით თქვენ, მისი გეშინოდეთ.
6განა ხუთი ჩიტი არ იყიდება ორ ასარად? და ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღვთის წინაშე;
7არამედ თქვენს თავზე ყოველი თმაც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ჩიტზე უმჯობესნი ხართ.
8ხოლო გეუბნებით თქვენ: ყველას, ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, ძე კაცისაც აღიარებს მას ღვთის ანგელოზთა წინაშე;
9ხოლო ვინც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, უარყოფილი იქნება ღვთის ანგლოზთა წინაშე.
10და ყველას, ვინც იტყვის სიტყვას ძისა კაცისას შესახებ, მიეტევება მას, ხოლო სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება.
11და როცა მიგიყვანენ თქვენ შესაკრებლებში და მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ ზრუნავთ, როგორ ან რა მიუგოთ, ან რა თქვათ,
12რადგან სულიწმიდა გასწავლით თქვენ იმ დროს, რა უნდა თქვათ.
13და უთხრა მას ვიღაცამ ხალხიდან: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მე მემკვიდრეობა.
14ხოლო მან უთხრა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე თქვენზე მსაჯულად ან გამყოფელად.
15და უთხრა მათ: გაუფრთხილდით და დაიცავით თქვენი თავი ყოველგვარი ანგარებისგან, რადგან ვერავინ ცხონდება თავისი გადამეტებული ქონებით.
16და უთხრა იგავი მათ და თქვა: ვიღაც მდიდარ კაცს ჰქონდა ნაყოფიერი მიწა.
17და ფიქრობდა თავის გულში და ამბობდა: რა ვქნა, რადგან არა მაქვს ადგილი, სადაც შევაგროვებ ჩემს ნაყოფს.
18და თქვა: ამას გავაკეთებ — დავანგრევ ჩემს ბეღლებს და უფრო დიდებს ავაშენებ და შევაგროვებ იქ მთელ ჩემს ნაყოფს და ჩემს სიკეთეს
19და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, გაქვს მრავალი სიკეთე დაუნჯებული მრავალი წლისთვის; დაისვენე, ჭამე, სვი, გაიხარე.
20უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამ ღამეს სულს ამოგართმევენ შენ და რაც მოიმზადე, ვისი იქნება?
21ასევე არის ის, ვინც იუნჯებს თავისთვის და არა ღვთისთვის მდიდრდება.
22და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისთვის, რა შეიმოსოთ;
23რადგან სული მეტია საზრდოზე და სხეული — სამოსზე.
24დააკვირდით ყორნებს, რადგან არ თესენ, არც მკიან, რომელთაც არა აქვთ სარდაფი, არც ბეღელი და ღმერთი ასაზრდოებს მათ; რამდენად უმჯობესნი ხართ თქვენ ფრინველებზე?
25რომელი თქვენგანი იზრუნებს და შეძლებს მოუმატოს თავის სიმაღლეს ერთი წყრთა?
26თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღას ზრუნავთ?
27დააკვირდით შროშანებს, როგორ იზრდებიან: არ შრომობენ, არც ართავენ, ხოლო გეუბნებით თქვენ: არც სოლომონი შემოსილა მთელი თავისი დიდებისას, როგორც ერთი ამათგანი;
28ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, რამდენად უფრო მეტად თქვენ, მცირედმორწმუნენო?
29და თქვენ ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ და ნურც ღელავთ,
30რადგან ყოველივე ამას ამ სოფლის მოდგმა ეძიებს, ხოლო მამამ თქვენმა იცის, რა გჭირდებათ ამ ყველაფრიდან,
31არამედ ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ.
32ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან სათნო იყო თქვენი მამისთვის, რომ მოეცა თქვენთვის სასუფეველი.
33გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება; მოიმზადეთ თქვენთვის ქისები, რომელიც არ ძველდება, და მოუკლებელი საუნჯე ზეცაში, სადაც მპარავი ვერ მიუახლოვდება, ვერც ჩრჩილი გააფუჭებს;
34რადგან სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.
35იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სანთელი თქვენი ანთებული.
36და თქვენ ემსგავსეთ იმ კაცებს, რომლებიც მოელიან თავის ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდან, რათა, როცა მოვა და დააკაკუნებს, მაშინვე გაუღონ მას.
37ნეტარნი არიან ის მონები, რომელთა ბატონიც მოვა და იპოვის მათ მღვიძარეებს. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, წარუდგება და ემსახურება მათ.
38და თუ მეორე და მესამე სახმილავზე მოვა და იპოვის ასე, ნეტარნი არიან ისინი.
39ხოლო ეს იცოდეთ: რომ სცოდნოდა სახლის პატრონს, რა დროს მოვიდოდა მპარავი, იფხიზლებდა და არ დაუშვებდა თავისი სახლის მოთხრას.
40და თქვენც იყავით მზად, რადგან, რა დროსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
41უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?
42და უთხრა უფალმა: ვინ არის სარწმუნო და გონიერი მნე, რომელსაც დაადგენს ბატონი თავის მსახურებზე, რომ მისცეს თავის დროზე საწყაო ფქვილი?
43ნეტარია ის მონა, რომელთანაც მივა მისი ბატონი და იპოვის მას ამგვარად მოქმედს.
44ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დაადგენს მას;
45ხოლო თუ იტყვის ის მონა თავის გულში: აყოვნებს ჩემი ბატონი მოსვლას, და დაიწყებს მონების და მხევლების ცემას და ჭამას და სმას და თრობას,
46მოვა ბატონი იმ მონისა იმ დღეს, რომელსაც არ ელის, და იმ დროს, რომელიც არ იცის, და ორად გაკვეთს მას და მის ნაწილს ურწმუნოებთან დადებს;
47ხოლო ის მონა, რომელმაც იცის ნება თავისი ბატონისა და არ მოემზადება ან არ იმოქმედებს მისი ნებისამებრ, დაიტანჯება ძლიერ.
48და ვინც არ იცის და მოიმოქმედებს რაიმეს, ღირსს გვემისას, დაიტანჯება მცირედ, რადგან ყველას, ვისაც მისცეს ბევრი, ბევრი მოეკითხება მას და ვისაც მიანდეს ბევრი, უფრო მეტი მოეთხოვება მას.
49ცეცხლის მოსაფენად მოვედი ქვეყანაზე და როგორ მინდა, რომ ახლავე აღეგზნოს.
50ნათლისღება მაქვს, რომ მივიღო ნათელი, და როგორი შეურვებული ვარ, ვიდრე აღსრულდება.
51გგონიათ, რომ მშვიდობის მოსაფენად მოვედი ქვეყანაზე? არა, — გეუბნებით თქვენ, — არამედ გასაყოფად;
52რადგან იქნებიან ამიერიდან ხუთნი ერთ სახლში გაყოფილნი: სამნი — ორისგან და ორნი — სამისგან.
53და გაიყოფა მამა ძისგან და ძე — მამისგან, დედა ასულისგან და ასული — დედისგან; დედამთილი — თავისი რძლისგან და რძალი — თავისი დედამთილისგან.
54და ეუბნებოდა ხალხსაც: როცა ხედავთ ღრუბელს, ამომავალს დასავლეთიდან, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვა, — და არის ასე;
55და როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: სიცხეა, – და არის ასე.
56თვალთმაქცნო, ქვეყნისა და ცის სახის გამოცნობა იცით, ხოლო ეს ჟამი როგორ ვერ გამოიცანით?
57რატომ არ განსჯით თქვენ თვითონვე სიმართლით?
58რადგან როცა მიდიხარ გზაზე შენს მეტოქესთან ერთად მთავართან, მიეცი გამოსახსნელი, რათა განთავისუფლდე მისგან, რომ არ მიგიყვანოს შენ მსაჯულთან და მსაჯულმა არ გადაგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს შენ საპყრობილეში.
59გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ წვლილსაც არ მისცემ.
Next