Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1და იყო იგი ერთ ადგილას და ლოცულობდა; და როგორც კი დაამთავრა ლოცვა, უთხრა მას ერთმა თავისმა მოწაფემ: უფალო, გვასწავლე ჩვენ ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.
2და უთხრა მათ: როცა ილოცებთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ასევე ქვეყანაზე;
3პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე.
4და მოგვიტევე ჩვენ ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
5და უთხრა მათ: რომელ თქვენგანს ეყოლება მეგობარი და მივა მასთან შუაღამისას და ეტყვის მას: მეგობარო, მასესხე მე სამი პური,
6რადგან მეგობარი მოვიდა ჩემთან გზიდან და არაფერი მაქვს, რომ შევთავაზო მას.
7ისიც მიუგებს შინიდან და ეტყვის: ნუ მაწუხებ მე, რადგან კარი დაკეტილია და ჩემი ბავშვები ჩემთან არიან საწოლში; არ შემიძლია ავდგე და მოგცე შენ.
8გეუბნებით თქვენ: თუ ვერ შეძლებს ადგომას და მიცემას იმის გამოც, რომ მისი მეგობარია, თავს რომ მოაბეზრებს იგი, ადგება და მისცემს მას, რამდენიც სჭირდება.
9ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ; ეძიეთ და იპოვით; აკაკუნეთ და გაგეღებათ თქვენ;
10რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს და ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
11რომელიმე თქვენგანი, მამა, თუ სთხოვს ძე პურს, განა ქვას მისცემს მას? და თუ თევზს სთხოვს, განა თევზის ნაცვლად გველს მისცემს მას?
12და თუ სთხოვს კვერცხს, განა მისცემს მას მორიელს?
13თუ თქვენ, უკეთურებმა, იცით კეთილი მისაცემის მიცემა თქვენი შვილებისთვის, რამდენად უფრო მამა ზეციდან მისცემს სულიწმიდას, ვინც სთხოვს მას?
14და განდევნა ეშმაკი ვიღაც კაცისგან, რომელიც იყო ყრუ. და იყო, როდესაც ეშმაკი გავიდა, ამეტყველდა ყრუ და უკვირდა ხალხს;
15ხოლო ზოგმა მათგანმა თქვა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნის ეშმაკებს.
16და სხვები სცდიდნენ და სასწაულს ითხოვდნენ ზეციდან მისგან;
17ხოლო მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, რომელიც თავის თავში გაიყო, მოოხრდება და სახლი სახლს დაეცემა.
18და თუ ეშმაკი თავის თავში გაიყო, როგორღა იდგება მისი სამეფო, რადგან ამბობთ ჩემზე, რომ ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს?
19და თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძეები რითღა განდევნიან? ამიტომ ისინივე იქნებიან თქვენი მსაჯულები;
20ხოლო თუ მე ღვთის თითით განვდევნი ეშმაკებს, მაშასადამე, მოიწია თქვენზე სასუფეველი ღვთისა.
21როცა ძლიერი, შეიარაღებული, იცავს საკუთარ ეზოს, მშვიდობით არის მისი ქონება;
22ხოლო როცა მასზე ძლიერი თავს დაესხმება, სძლევს მას და წაართმევს მას იარაღს, რისი იმედიც ჰქონდა, და ნატაცებს გაანაწილებს.
23ვინც არ არის ჩემთან, ჩემ წინააღმდეგ არის და ვინც არ შეკრებს ჩემთან, განაბნევს.
24როცა არაწმინდა სული გადის კაცისგან, მოივლის უწყლო ადგილებს და ეძებს მოსვენებას და ვერ პოულობს და ამბობს: მივბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
25და მივა და იპოვის დაგვილს და შემკულს;
26მაშინ წავა და თან მოიყვანს სხვა შვიდ სულს, თავისზე ბოროტს, და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იქნება იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი.
27და იყო, ვიდრე იგი ამას ამბობდა, ერთმა დედაკაცმა ხალხიდან აიმაღლა ხმა და უთხრა მას: ნეტარია მუცელი, რომელმაც გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთაც წოვდი.
28ხოლო მან თქვა: ნეტარია, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას.
29და როცა შეგროვდა ხალხი, დაიწყო საუბარი მათთან: ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა, სასწაულს ეძიებს და სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა;
30რადგან როგორც იყო იონა სასწაული ნინეველთათვის, ასე იქნება ძე კაცისაც ამ მოდგმისთვის.
31სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის კაცებთან ერთად და განსჯის მათ, რადგან მოვიდა ქვეყნის კიდიდან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, და აჰა, სოლომონზე მეტი არის აქ.
32ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განსჯიან მას, რადგან შეინანეს იონას ქადაგებით, და აჰა, იონაზე მეტი არის აქ.
33არავინ ანთებს სანთელს და დგამს დაფარულში, არც საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემსვლელები ხედავდნენ სინათლეს.
34სანთელი სხეულისა არის თვალი. როცა თვალი შენი წრფელი იქნება, მთელი შენი სხეული ნათელი იქნება და, თუ თვალი შენი ბოროტი იქნება, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება.
35დაუკვირდი, რომ ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი არ იყოს.
36თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა აქვს არც ერთი ბნელი ნაწილი, იქნება იგი ნათელი მთლიანად, ისე როგორც სანთელი ელვარებით განათებს შენ.
37და როდესაც ამას ამბობდა, ევედრებოდა მას ერთი ფარისეველი, რომ პური ეჭამა მასთან; და შევიდა და დაჯდა.
38ხოლო ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ ჯერ არ დაიბანა, ვიდრე ისადილებდა.
39უთხრა უფალმა მას: ახლა თქვენ ფარისევლები სასმისს ჯამს გარედან წმენდთ, ხოლო შინაგანი თქვენი სავსეა ნატაცებით და უკეთურებით.
40უგუნურებო, განა ვინც შექმნა გარეგანი, შინაგანიც მანვე არ შექმნა?
41ამიტომ რაც გაქვთ, გაეცით მოწყალებისთვის და ყველაფერი წმინდა იქნება თქვენთვის.
42მაგრამ ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან იხდით პიტნის, ტარხუნის და ყველა მხლის მეათედს და თავს არიდებთ სამართალს და ღვთის სიყვარულს. ამის გაკეთება გმართებდათ და არც იმის დატოვება.
43ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან გიყვართ წინ დასხდომა შესაკრებლებში და მისალმება მოედნებზე.
44ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან ხართ როგორც უჩინარი საფლავები და ადამიანები ზედ დადიან და არ იციან.
45და მიუგო ერთმა სჯულისმოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ჩვენც გვაგინებ.
46ხოლო მან უთხრა: თქვენც სჯულისმოძღვრებს, ვაი, რადგან ჰკიდებთ ადამიანებს ტვირთს, ძნელად სატვირთველს, და თავად ერთი თითითაც არ ეხებით ტვირთს.
47ვაი თქვენ, რადგან აშენებთ წინასწარმეტყველთა საფლავებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.
48ამიტომ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, რადგან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ აშენებთ მათ საფლავებს.
49ამის გამო ღვთის სიბრძნემაც თქვა: გავუგზავნი მათ წინასწარმეტყველებს და მოციქულებს და ზოგ მათგანს მოკლავენ და განდევნიან,
50რათა მოეკითხოს სისხლი ყველა წინასწარმეტყველისა, დათხეული ქვეყნის დასაბამიდან, ამ მოდგმას,
51სისხლიდან აბელისა სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლეს სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის. ჰო, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.
52ვაი თქვენ, სჯულისმოძღვარნო, რადგან მალავთ ცოდნის გასაღებს; თქვენ არ შედიხართ და შემსვლელებსაც აბრკოლებთ.
53და როდესაც იგი ამას ეუბნებოდა მათ მთელი ერის წინაშე, დაუწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ძლიერ შევიწროება და ეკითხებოდნენ მას ბევრ რამეს;
54და ჩასაფრებულები იყვნენ, რომ ეპოვათ რაიმე მისი ნათქვამიდან, რათა დაესმინათ იგი.
Next