თავი - 10
Previous1და ამის შემდეგ გამოირჩია უფალმა სხვა სამოცდაათიც და გაგზავნა ისინი ორ-ორი თავისზე წინ ყველა იმ ქალაქში და ადგილას, სადაც იგი უნდა მისულიყო,
2და ეუბნებოდა მათ: სამკალი ბევრია, ხოლო მუშაკი — ცოტა. ევედრეთ სამკალის პატრონს, რომ გამოიყვანოს მუშაკები თავის სამკალში.
3წადით, აჰა მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4ნუ წაიღებთ ქისას, ნურც აბგას, ნურც ხამლს და ნურც ვინმეს მიესალმებით გზაზე.
5და რომელ სახლშიც შეხვალთ, პირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
6და თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, დაივანებს მასზე თქვენი მშვიდობა და თუ არა, თქვენვე მოგიბრუნდებათ.
7იმავე სახლში გაჩერდით, ჭამეთ და სვით, რაც მათ ექნებათ, რადგან ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
8და რომელ ქალაქშიც შეხვალთ და მიგიღებენ თქვენ, ჭამეთ, რასაც დაგიდებენ თქვენ
9და განკურნეთ, ვინც მასში უძლური იქნება, და უთხარით მათ: მოახლოებულია თქვენზე სასუფეველი ღვთისა.
10და რომელ ქალაქშიც შეხვალთ და არ მიგიღებენ თქვენ, გამოდით მის მოედნებზე და უთხარით:
11და აჰა, მტვერს, რომელიც აეკრა თქვენი ქალაქისგან ჩვენს ფეხებს, დავიბერტყავთ თქვენზე, მაგრამ ეს იცოდეთ, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა.
12გეუბნებით თქვენ, რომ სოდომელებს იმ დღეს მეტი შვება ექნებათ, ვიდრე იმ ქალაქს.
13ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდა, რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ გამოვლენილიყო ძალები, რომლებიც გამოვლინდა თქვენში, დიდი ხანია, ძაძაში და ნაცარში მსხდომარენი შეინანებდნენ.
14მაგრამ ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავრო, ვიდრე თქვენთვის.
15და შენ, კაპერნაუმო, ცამდე არ ამაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე ჩაინთქმები.
16ვინც ისმენს თქვენსას, ჩემსას ისმენს და ვინც შეურაცხგყოფთ თქვენ, მე შეურაცხმყოფს, ხოლო ვინც მე შეურაცხმყოფს, შეურაცხყოფს ჩემს მომავლინებელს.
17და დაბრუნდნენ სამოცდაათნი სიხარულით და ამბობდნენ: უფალო, ეშმაკნიც გვემორჩილებიან ჩვენ შენი სახელით.
18და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, როგორც ელვას, ზეციდან გადმოვარდნილს.
19აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას, რომ დათრგუნოთ გველები და მორიელები და მტრის მთელი ძალა, და ვერაფერი გავნებთ თქვენ.
20მაგრამ ეს ნუ გიხარიათ, რომ უკეთური სულები დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში.
21იმ დროს გამხიარულდა სულიწმიდით იესო და თქვა: გაღიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაფარე ეს ბრძენთაგან და გონიერთაგან და გამოუცხადე ეს ჩვილებს. ჰო, მამაო, რადგან ასე იყო სათნო შენ წინაშე.
22ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ. და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა და ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ინებებს ძე გამოცხადებას.
23და მიუბრუნდა მოწაფეებს განმარტოებით და უთხრა: ნეტარნი არიან თვალები, რომლებიც ხედავენ, რასაც ხედავთ, და ყურები, რომლებიც ისმენენ, რაც გესმით;
24რადგან გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველს და მეფეს სურდა ეხილა, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს და ესმინათ, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.
25და აჰა, ერთი სჯულისმოძღვარი ადგა და სცდიდა მას და ეუბნებოდა: მოძღვარო, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?
26ხოლო მან უთხრა მას: სჯულში რა წერია? როგორ კითხულობ?
27და მან მიუგო და უთხრა: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი ძალით და მთელი შენი გონებით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი (ლევ.19,18; 2სჯ.6,5).
28და უთხრა მას იესომ: სწორად მომიგე. ეგ გააკეთე და ცხონდები.
29ხოლო მას სურდა ემართლებინა თავი და უთხრა იესოს: და ვინ არის ჩემი მოყვასი?
30მიუგო იესომ და უთხრა: ერთი კაცი ჩადიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და ავაზაკებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გახადეს მას და დაჭრეს, წავიდნენ და დატოვეს ცოცხალმკვდარი.
31და შემთხვევით ერთი მღვდელი ჩამოდიოდა იმ გზით და ნახა იგი და გვერდი აუარა.
32და ასევე ლევიანიც იმყოფებოდა იმ ადგილას, მივიდა და ნახა და გვერდი აუარა.
33და ვიღაც სამარიელი მიემგზავრებოდა, მიადგა მას და ნახა იგი და შეებრალა;
34და მივიდა და შეუხვია მას ჭრილობები და დაასხა ზეთი და ღვინო და შესვა იგი საკუთარ სახედარზე და მიიყვანა იგი სასტუმროში და იზრუნა მასზე.
35და მეორე დღეს, როცა გამოდიოდა, ამოიღო ორი დინარი და მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და რაც ზედმეტი დაგეხარჯება, როცა დავბრუნდები, მოგცემ შენ.
36ამ სამთაგან ვინ გგონია შენ მოყვასი მისი, ვინც ხელში ჩაუვარდა ავაზაკებს?
37და მან თქვა: ვინც გაიღო წყალობა მის მიმართ. უთხრა მას იესომ: წადი და შენც გააკეთე ასევე.
38და იყო, როდესაც წავიდნენ ისინი, იგი შევიდა ერთ დაბაში. და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიღო იგი თავის სახლში.
39და მას ჰყავდა და, რომელსაც ერქვა მარიამი, რომელიც დაჯდა იესოს ფეხთით და ისმენდა მის სიტყვებს;
40ხოლო მართა ბევრს ზრუნავდა, რომ მომსახურებოდა, და მიადგა და უთხრა: უფალო, არ ზრუნავ ჩემზე, რადგან ჩემმა დამ მარტო დამტოვა მე მსახურებისას. უთხარი მას, დამეხმაროს მე.
41და მიუგო და უთხრა მას იესომ: მართა, მართა, ზრუნავ და შფოთავ მრავლისთვის,
42მაგრამ ერთია საჭირო; ხოლო მარიამმა კეთილი ნაწილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
Next