Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე და სენთა განსაკურნავად.
2და გაგზავნა ისინი საქადაგებლად ღვთის სასუფევლისა და განსაკურნავად უძლურთა
3და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაზე, ნურც კვერთხს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორი სამოსელი გექნებათ.
4და რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ გაჩერდით, და იქიდან გამოდით.
5და თუ ვინმე არ მიგიღებთ თქვენ, გამოდით იმ ქალაქიდან და დაიბერტყეთ მტვერი თქვენი ფეხებიდან მათზე დასამოწმებლად.
6და გამოვიდნენ რა, დადიოდნენ სოფლებში და ახარებდნენ და კურნავდნენ ყველგან.
7და გაიგო ჰეროდე ტეტრარქმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა იგი, და საგონებელში იყო, რადგან ზოგი ამბობდა, რომ იოანე აღდგა მკვდრეთით,
8ხოლო ზოგი — რომ ელია გამოჩნდა, და სხვები — რომ ძველ წინასწარმეტყველთაგან რომელიღაც აღდგა.
9და თქვა ჰეროდემ: იოანეს მე თავი მოვკვეთე, ხოლო ვინ არის ეს, რომლის შესახებ ასეთი რამ მესმის? — და უნდოდა მისი ნახვა.
10და დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს იესოს, რაც გააკეთეს. და წაიყვანა ისინი და განმარტოვდა უდაბურ ადგილას ქალაქისა, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა;
11ხოლო ხალხმა გაიგო და გაჰყვა მას, და მიიღო ისინი და ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფევლის შესახებ და რომლებსაც სჭირდებოდათ განკურნება, კურნავდა.
12და როცა დღემ დაიწყო მიწურვა, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს მას: გაუშვი ხალხი, რომ წავიდნენ გარშემო სოფლებში და დაბებში და გაჩერდნენ და მოიპოვონ საზრდო, რადგან აქ უდაბურ ადგილას ვართ.
13ხოლო იესომ უთხრა მათ: თქვენ მიეცით მათ საჭმელი; და მათ უთხრეს: არაფერი გვაქვს ჩვენ ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი, თუ არ წავალთ ჩვენ და არ ვიყიდით მთელი ამ ერისთვის საჭმელს,
14რადგან იყო დაახლოებით ხუთი ათასი კაცი და უთხრა თავის მოწაფეებს: დასხით ისინი რიგებად ორმოცდაათ-ორმოცდაათი.
15და გააკეთეს ასე და დასხეს ყველა;
16ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი და ახედა ცას და აკურთხა ისინი და დატეხა და აძლევდა თავის მოწაფეებს, რომ დაერიგებინათ ხალხისთვის.
17და ჭამეს და გაძღა ყველა და აიღეს მათ დარჩენილი ნატეხები თორმეტი გოდორი.
18და იყო, როცა იგი ლოცულობდა განმარტოებით, მასთან ერთად იყვნენ მოწაფეები და ჰკითხა მათ და უთხრა: რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ ვარ?
19ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: იოანე ნათლისმცემელი, და სხვები — ელია, და სხვები ამბობენ, რომ ძველ წინასწარმეტყველთაგან რომელიღაც აღდგა.
20და უთხრა მათ: ხოლო თქვენ რას ამბობთ ჩემზე, ვინ ვარ მე? მიუგო პეტრემ და უთხრა: ცხებული ღვთისა.
21და შერისხა ისინი და უბრძანა, რომ არავისთვის ეთქვათ ეს,
22და უთხრა: მართებს ძეს კაცისას მრავალი ვნება და შეურაცხყოფა უხუცესებისგან, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისგან და მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.
23და ეუბნებოდა ყველას: ვისაც უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი და აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე;
24რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას და ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემთვის, ის გადაარჩენს მას.
25რა სარგებელი აქვს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას, ხოლო თავის თავს წარწყმედს ან ავნებს?
26რადგან ვისაც ერცხვინება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, იმას ძე კაცისა შეარცხვენს, როცა მოვა თავისი და მამისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით.
27და გეუბნებით თქვენ ჭეშმარიტად: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღვთის სასუფეველს.
28და იყო, ამ სიტყვებიდან დაახლოებით რვა დღის შემდეგ, წაიყვანა პეტრე და იოანე და იაკობი და ავიდა მთაზე სალოცავად.
29და ლოცვისას გახდა მისი პირისახე სხვაგვარი და სამოსი მისი სპეტაკი და ელვარე.
30და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას, რომლებიც იყვნენ მოსე და ელია,
31რომლებიც გამოჩნდნენ დიდებით და საუბრობდნენ მის გასვლაზე, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმში;
32ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როცა გამოფხიზლდნენ, იხილეს მისი დიდება და ორი კაცი, მასთან მდგომი.
33და იყო, როცა შორდებოდნენ ისინი მას, უთხრა პეტრემ იესოს: მოძღვარო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი — შენთვის და ერთი — მოსესთვის და ერთი — ელიასთვის. — და არ იცოდა, რას ამბობდა.
34და როდესაც იგი ამას ამბობდა, გაჩნდა ღრუბელი და დაჩრდილა ისინი. და შეეშინდათ მათ, როცა შედიოდნენ ღრუბელში.
35და ხმა იყო ღრუბლიდან მეტყველი: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ.
36და როცა იყო ეს ხმა, აღმოჩნდა იესო მარტო, და ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში არაფერი იმის შესახებ, რაც ნახეს.
37და იყო, მომდევნო დღეს, როცა ჩამოვიდნენ ისინი მთიდან, მიეგება მას დიდძალი ხალხი.
38და აჰა, ერთმა კაცმა ხალხიდან შეღაღადა და თქვა: მოძღვარო, გევედრები შენ, მოხედე ჩემს ძეს, რადგან იგი ერთადერთი მყავს მე.
39და აჰა, უკეთური სული შეიპყრობს მას და უეცრად წამოაყვირებს და დასცემს მას და დუჟს ადენს და ძლივს გადის მისგან და გვემს მას
40და შევევედრე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ იგი, და ვერ შეძლეს.
41და მიუგო იესომ და უთხრა: ჰოი, მოდგმავ ურწმუნო და უკუღმართო, როდემდე ვიქნები თქვენთან და გიტვირთავთ თქვენ? მომგვარე მე აქ შენი ძე.
42და ვიდრე მივიდოდა იგი, დაახეთქა იგი ეშმაკმა და აძაგძაგებდა. და შერისხა იესომ არაწმინდა სული და განკურნა ყრმა და მისცა იგი თავის მამას.
43და განცვიფრებული იყო ყველა ღვთის დიდებულებით. და ყველას უკვირდა ყველაფერი, რასაც აკეთებდა იესო. და უთხრა თავის მოწაფეებს:
44ყურადიღეთ თქვენ ეს სიტყვები, რადგან ძეს კაცისას მოელის გადაცემა კაცთა ხელში.
45ხოლო მათ ვერ გაიგეს ეს ნათქვამი და იყო დაფარული მათთვის, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ ამას, და ეშინოდათ, ეკითხათ მისთვის ამ ნათქვამის შესახებ.
46და შევიდა გულისთქმა მათში, ვინ იქნებოდა უფრო დიდი მათ შორის.
47ხოლო იესომ იცოდა მათი გულისზრახვები და მოიყვანა ყრმა და დააყენა იგი თავისთან
48და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ყრმას ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს და ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს, რადგან ვინც უმცირესია ჩვენ ყველას შორის, ის არის დიდი.
49მიუგო იოანემ და უთხრა: მოძღვარო, ვნახეთ ვიღაც, ვინც შენი სახელით დევნიდა ეშმაკებს და დავუშალეთ მას, რადგან არ გამოგვყვა ჩვენ.
50და უთხრა მათ იესომ: ნუ უშლით, რადგან ვინც არ არის თქვენ წინააღმდეგ, თქვენკენ არის.
51და იყო, როდესაც შესრულდა მისი ასვლის დღეები, მან პირი იბრუნა იერუსალიმში წასასვლელად
52და გაგზავნა მაცნეები თავისზე წინ; და წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რომ მოემზადებინათ მისთვის.
53და არ მიიღეს იგი, რადგან მიემართებოდა იერუსალიმისკენ.
54და როდესაც ნახეს მისმა მოწაფეებმა: იაკობმა და იოანემ, უთხრეს: უფალო, გინდა ვთქვათ, რომ ცეცხლი გადმოვიდეს ზეციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?
55და მიუბრუნდა და გაკიცხა ისინი და უთხრა: არ იცით, რა სულისა ხართ თქვენ?
56რადგან ძე კაცისა არ მოსულა ადამიანთა სულების წარსაწყმედად, არამედ გამოსახსნელად. და წავიდნენ სხვა სოფელში.
57და იყო, მიდიოდნენ რა ისინი გზაზე, უთხრა ვიღაცამ მას: მოგყვები შენ, სადაც წახვალ.
58და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს ბუდეები, ხოლო ძეს კაცისას, არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
59და უთხრა სხვას: გამომყევი მე. და მან უთხრა: უფალო, ნება მომეცი მე, წავიდე და ჯერ დავმარხო მამა ჩემი.
60და უთხრა მას იესომ: აცალე მკვდრებს, დამარხონ თავისი მკვდრები, ხოლო შენ წადი და ახარე ღვთის სასუფეველი.
61და უთხრა სხვამაც გამოგყვები შენ, უფალო, მაგრამ ჯერ ნება მომეცი მე, რომ გამოვეთხოვო ჩემს სახლეულს.
62და უთხრა იესომ მას: ვინც ხელს ადებს სახნისს და უკან იყურება, არ გამოდგება ღვთის სასუფევლისთვის.
Next