თავი - 8
Previous1და იყო, ამის შემდეგ დადიოდა იგი ქალაქებსა და სოფლებში და ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს; და თორმეტნი იყვნენ მასთან ერთად
2და ზოგიერთი დედაკაციც, რომელიც განკურნებული იყო არაწმინდა სულისგან და უძლურებისგან — მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი იყო გასული,
3და იოანა, ცოლი ქოზასი, ჰეროდეს მოურავისა, და სუსანა და სხვა მრავალი, რომლებიც ემსახურებოდნენ მას იმით, რაც მათ ჰქონდათ.
4ხოლო მასთან მყოფ დიდძალ ხალხს და ვინც ქალაქებიდან მოდიოდა მასთან, ეუბნებოდა იგავით:
5გამოვიდა მთესველი დასათესად თავისი თესლისა და როცა თესავდა იგი, ზოგი დავარდა გზასთან და გაითელა და ცის ფრინველებმა შეჭამეს იგი;
6და სხვა დავარდა კლდეზე და აღმოცენდა და გახმა, რადგან არ ჰქონდა სინოტივე;
7და სხვა დავარდა ეკლებს შორის და აღმოცენდა ეკლები და მოაშთო იგი;
8და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და აღმოცენდა და გამოიღო ნაყოფი ასმაგი. ეს თქვა და აიმაღლა ხმა: ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს!
9და ეკითხებოდნენ მას თავისი მოწაფეები: რას ნიშნავს ეს იგავი?
10ხოლო მან უთხრა: თქვენთვის მოცემულია ღვთის სასუფევლის საიდუმლოს შეცნობა, ხოლო დანარჩენებისთვის იგავებით არის, რათა ხედავდნენ და ვერ იხილონ და ესმოდეთ და ვერ გაიგონ;
11და ეს იგავი ამას ნიშნავს: თესლი არის ღვთის სიტყვა;
12ხოლო რომელიც გზასთან არის, ისინი არიან, რომლებიც ისმენენ. შემდეგ მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ;
13ხოლო რომელიც კლდეზეა, ისინი არიან, რომლებიც, როცა ისმენენ, სიხარულით იღებენ სიტყვას, მაგრამ მათ ფესვი არა აქვთ; რომელთაც დროებით სწამთ და განსაცდელის ჟამს განდგებიან;
14ხოლო რომელიც ეკლებში დავარდა, ისინი არიან, რომლებიც ისმენენ და ამ ცხოვრების საზრუნავით, სიმდიდრითა და სიამოვნებით დადიან და აშთობენ და უმწიფარნი რჩებიან;
15ხოლო რომელიც კარგ მიწაშია, ისინი არიან, რომლებიც კარგი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას და იმარხავენ და ნაყოფი გამოაქვთ მოთმინებით.
16არავინ ანთებს სანთელს და ფარავს მას ჭურჭლით, არც სარეცლის ქვეშ დგამს, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემსვლელნი ხედავდნენ სინათლეს;
17რადგან არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება, არც დაფარული, რომელიც ცნობილი არ გახდება და გაცხადებულად არ მოვა;
18ამიტომ იხილეთ, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს, მიეცემა მას და ვისაც არა აქვს და რაც ჰგონია, რომ აქვს, წაერთმევა მას.
19და მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები და ვერ შეძლეს შეხვედრა მასთან ხალხის გამო.
20და აუწყეს მას და უთხრეს: დედა შენი და შენი ძმები დგანან გარეთ და შენი ნახვა უნდათ.
21ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ მას.
22და იყო, ერთ დღეს ავიდა იგი ნავზე, და მისი მოწაფეებიც, და უთხრა მათ: გავიდეთ ტბის გაღმა. და წავიდნენ.
23და მიცურავდნენ რა ისინი, ჩაეძინა. და ამოვარდა ქარიშხალი ტბაზე და ივსებოდა ნავი და იყვნენ საფრთხეში.
24და მივიდნენ და გააღვიძეს იგი და უთხრეს: მოძღვარო, ვიღუპებით! ხოლო იგი ადგა და შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრა და დადგა მყუდროება.
25და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო მათ შეეშინდათ და გაუკვირდათ და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ არის ეს, რომ ქარებსაც უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?
26და მიცურდნენ გადარინელთა მხარეში, რომელიც არის გალილეის გაღმა,
27და როცა გადავიდნენ იგი მიწაზე, შეხვდა მას ვიღაც კაცი ქალაქიდან, რომელიც ეშმაკეული იყო კარგა ხანია, არ იმოსებოდა სამოსით და არ ჩერდებოდა სახლში, არამედ საფლავებში.
28და როცა დაინახა იესო, შეღაღადა და დავარდა მის წინაშე და დიდი ხმით უთხრა: რა გინდა ჩემგან შენ, იესო, ძეო ღვთისა მაღლისაო? გევედრები შენ, ნუ მტანჯავ მე,
29რადგან უბრძანა არაწმინდა სულს, გასულიყო კაცისგან, ვინაიდან დიდი ხანია შეეპყრო იგი; და კრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით და იცავდნენ და გლეჯდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკისგან უდაბნოში.
30ჰკითხა მას იესომ: რა არის სახელი შენი? ხოლო მან უთხრა: ლეგიონი, — რადგან მრავალი ეშმაკი იყო შესული მასში.
31და ევედრებოდნენ მას, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32და იყო იქ ღორების მრავალრიცხოვანი კოლტი, რომელიც ძოვდა მთაზე და ევედრებოდნენ მას, რომ ებრძანებინა მათთვის ღორებში შესვლა; და უბრძანა მათ.
33და გამოვიდნენ ეშმაკები კაცისგან და შევიდნენ ღორებში და გადაეშვა კოლტი კბოდიდან ტბაში და დაიხრჩო.
34და როდესაც ნახეს მწყემსებმა, რაც მოხდა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებში.
35და გამოვიდნენ, რათა ენახათ, რა მოხდა, და მივიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გასულიყვნენ, შემოსილი და გონს მოსული, მჯდომარე იესოს ფეხებთან, და შეეშინდათ.
36და აუწყეს მათ, ვინც ნახა, როგორ გადარჩა ეშმაკეული.
37და ევედრებოდა მას მთელი სიმრავლე გადარინელთა გარემოსოფლებისა, რომ წასულიყო მათგან, რადგან დიდი შიშით იყვნენ შეპყრობილნი; ხოლო იგი ავიდა ნავზე და დაბრუნდა.
38ევედრებოდა მას კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები, რომ ყოფილიყო მასთან; ხოლო მან გაუშვა იგი და უთხრა:
39დაბრუნდი შენს სახლში და უამბე, რა გაგიკეთა შენ ღმერთმა. და წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა მას იესომ.
40და იყო, როცა დაბრუნდა იესო, მიიღო იგი ხალხმა, რადგან ყველა ელოდა მას.
41და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი. და იგი იყო შესაკრებლის მთავარი და ჩაუვარდა იესოს ფეხებში და ევედრებოდა მას, რომ შესულიყო მის სახლში,
42რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა მას, რომელიც იყო დაახლოებით თორმეტი წლისა, და კვდებოდა. და როცა მიდიოდა იგი, ხალხი აწყდებოდა მას.
43და იყო დედაკაცი, რომელსაც სისხლდენა ჰქონდა თორმეტი წელი და რომელმაც ექიმებთან დახარჯა მთელი ქონება, და ვერავინ შეძლო განკურნება.
44და მივიდა ზურგიდან და შეეხო მისი სამოსის კიდეს და უცბად გაუჩერდა მას სისხლდენა.
45და თქვა იესომ: ვინ შემეხო მე? და უარყოფდა ყველა; და უთხრა პეტრემ და ვინც მასთან იყო: მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია შენ და გავიწროებენ და ამბობ: ვინ შემეხო მე?
46ხოლო იესომ უთხრა: შემეხო მე ვიღაც, რადგან ვიგრძენი ძალის გასვლა ჩემგან.
47და როცა ნახა დედაკაცმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მივიდა და დავარდა მის წინაშე და აუწყა მთელი ერის წინაშე, რა მიზეზითაც შეეხო მას და როგორ უცბად განიკურნა;
48ხოლო იესომ უთხრა მას: გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.
49და როცა იგი ჯერ კიდევ ამას ამბობდა, მოვიდა ვიღაც შესაკრებლის მთავრის სახლიდან და უთხრა მას: მოკვდა შენი ასული, ნუღარ აწუხებ მოძღვარს.
50ხოლო იესომ, როდესაც გაიგონა, უთხრა მას: ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.
51და როცა მივიდა სახლში, ნება არ დართო, რომ შესულიყო ვინმე მასთან ერთად გარდა პეტრესი და იოანეს და იაკობისა და ბავშვის მამისა და დედისა.
52და ტიროდა ყველა და გლოვობდა მას. ხოლო მან უთხრა: ნუ ტირით, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს.
53და დასცინოდნენ მას, რადგან იცოდნენ, რომ მოკვდა.
54ხოლო მან გამოყარა გარეთ ყველა და მოჰკიდა ხელი მას, შესძახა და უთხრა: ყრმაო, ადექი!
55და დაუბრუნდა მას სული და ადგა მაშინვე და უბრძანა, რომ მიეცათ მისთვის საჭმელი.
56და გაოგნდნენ მისი მშობლები, ხოლო მან გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
Next