Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1როდესაც დაასრულა იესომ თავისი სიტყვები, ერის ყურადსაღებად ნათქვამი, შევიდა კაპერნაუმში.
2და ასისთავის ერთი მსახური, რომელიც იყო მისთვის პატივსაცემი, ავად იყო და ელოდა აღსასრულს;
3და როცა გაიგონა იესოს შესახებ, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესები, რათა ეთხოვათ მისთვის, რომ მისულიყო და განეკურნა მისი მსახური.
4და როცა მივიდნენ იესოსთან, ევედრებოდნენ მას გულმოდგინედ და ეუბნებოდნენ: ღირსია, გააკეთო ეს მისთვის,
5რადგან უყვარს ჩვენი ერი და შესაკრებელი მან აგვიშენა ჩვენ.
6და იესო წავიდა მათთან ერთად; ხოლო როცა იგი უკვე ახლოს იყო სახლთან, გაუგზავნა მას ასისთავმა მეგობრები და უთხრა: უფალო, ნუ წუხდები, რადგან არა ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე;
7ამიტომ არც ჩემი თავი მივიჩნიე ღირსად, რომ მოვსულიყავი შენთან, არამედ თქვი სიტყვა და განიკურნება ჩემი მსახური;
8რადგან მეც კაცი ვარ ხელმწიფების ქვეშ განწესებული და მყავს ხელქვეით მეომრები და ვეუბნები ამას: წადი, — და მიდის; და სხვას: მოდი, — და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
9ხოლო როცა გაიგონა ეს იესომ, გაუკვირდა მას და მიუბრუნდა ხალხს, რომელიც მას მიჰყვებოდა, და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.
10და მიბრუნდნენ, რომლებიც გამოგზავნილი იყვნენ, სახლში და ნახეს მსახური გამოჯანმრთელებული.
11და იყო, ამის შემდეგ მიდიოდა ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მას თავისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
12და როცა მიუახლოვდა ქალაქის კარიბჭეს, აჰა, მოასვენებდნენ მკვდარს, ერთადერთ ძეს თავისი დედისას, და იგი იყო ქვრივი და ქალაქის დიდძალი ხალხი იყო მასთან.
13და იხილა იგი უფალმა და შეებრალა იგი და უთხრა მას: ნუ ტირი.
14და მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო რომლებსაც მიჰქონდათ, დადგეს, და უთხრა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!
15და წამოჯდა მკვდარი და დაიწყო ლაპარაკი, და მისცა იგი მის დედას.
16და შიშმა შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი აღდგა ჩვენ შორის და გადმოხედა ღმერთმა თავის ერს.
17და გავრცელდა ეს სიტყვა მის შესახებ მთელ ჰურიასტანში და მთელ შემოგარენში.
18და აუწყეს იოანეს თავისმა მოწაფეებმა ამ ყველაფრის შესახებ.
19და მოუხმო იოანემ თავის ორ მოწაფეს და გაგზავნა იესოსთან და უთხრა: შენ ხარ, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას ველოდოთ?
20და როცა მივიდნენ მასთან კაცები, უთხრეს: იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა ჩვენ შენთან და თქვა: შენ ხარ, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას ველოდოთ?
21იმ დროს განკურნა მრავალნი სენთაგან და სატკივართაგან და ბოროტ სულთაგან და მრავალ ბრმას მიჰმადლა მხედველობა.
22და მიუგო იესომ და უთხრა მათ: მიდით და აუწყეთ იოანეს, რაც ნახეთ და გაიგონეთ: ბრმები ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან, გლახაკებს ეხარებათ.
23და ნეტარია, ვინც არ დაბრკოლდება ჩემ მომართ.
24და როდესაც წავიდნენ იოანეს მოწაფეები, დაიწყო საუბარი ხალხთან იოანეზე: რის სანახავად გამოხვედით უდაბნოში? ლერწმისა, ქარისგან შერხეულისა?
25ან რის სანახავად გამოხვედით? კაცისა, ფაფუკი სამოსლით შემოსილისა? აჰა, რომლებიც დიდებულ სამოსში და ფუფუნებაში არიან, სამეფო კარზე იმყოფებიან.
26ან რის სანახავად გამოხვედით? წინასწარმეტყველისა? ჰო, — გეუბნებით თქვენ, — და წინასწარმეტყველზე უმეტესისა;
27რადგან ეს არის, რომლის შესახებ წერია: აჰა, მე მივავლენ ჩემს ანგელოზს შენი პირის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე (მალ.3,1);
28რადგან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი წინასწარმეტყველი არავინ არის, ხოლო უმცირესი ღვთის სასუფეველში უფრო დიდია მასზე.
29და მთელი ერი, რომელიც ისმენდა, და მეზვერეები აქებდნენ ღმერთს და ნათელს იღებდნენ იოანეს ნათლისცემით.
30ხოლო ფარისევლებმა და სჯულისმოძღვრებმა ზრახვა ღვთისა შეურაცხყვეს თავის თავში და არ მიიღეს ნათელი მისგან.
31ვის ვამსგავსო ამ მოდგმის ადამიანები? და ვისი მსგავსნი არიან?
32მსგავსნი არიან ყრმებისა, რომლებიც მოედნებზე სხედან და უხმობენ ერთმანეთს და ეუბნებიან: ვუკრავდით თქვენთვის და არ ცეკვავდით, ვგოდებდით თქვენთვის და არ ტიროდით;
33რადგან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და ამბობთ: ეშმაკეულია.
34მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა.
35და გამართლდა სიბრძნე თავისი ყველა შვილისგან.
36და ევედრებოდა მას ვინმე ფარისეველთაგანი, რათა ეჭამა მასთან; და შევიდა ფარისევლის სახლში და დაჯდა ინახით.
37და აჰა, იყო ქალაქში ვიღაც დედაკაცი, რომელიც ცოდვილი იყო; და გაიგო, რომ იგი ინახით ზის ფარისევლის სახლში, და აიღო ნელსაცხებლის ალაბასტრი
38და დადგა მის ფეხებთან და ტიროდა და დაიწყო ცრემლით დასველება მისი ფეხებისა და თავისი თმებით უმშრალებდა და ეამბორებოდა მის ფეხებს და სცხებდა ნელსაცხებელს.
39როცა ნახა ფარისეველმა, რომელმაც მიიწვია იგი, თქვა თავისთვის: ეს რომ წინასწარმეტყველი ყოფილიყო, ეცოდინებოდა ვინ და როგორი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია.
40და მიუგო იესომ და უთხრა მას: სიმონ, მაქვს შენთვის სათქმელი; ხოლო მან უთხრა: მოძღვარო, თქვი.
41ორი მოვალე ჰყავდა ვიღაც მევალეს; ერთს ემართა ხუთასი დინარი, ხოლო მეორეს ორმოცდაათი.
42და რადგან არ ჰქონდათ მათ, რომ მიეცათ, ორივეს აპატია. რომელი მათგანი უფრო მეტად შეიყვარებს მას?
43მიუგო სიმონმა და უთხრა: მგონია, რომელსაც მეტი აპატია. ხოლო მან უთხრა მას: სწორად განსაჯე.
44და მიუბრუნდა დედაკაცს და სიმონს უთხრა: ხედავ ამ დედაკაცს? შემოვედი შენს სახლში, წყალი არ მომეცი ფეხებისთვის, ხოლო ამან ცრემლით დაასველა ჩემი ფეხები და თავისი თმით შეამშრალა.
45არ მეამბორე მე, ხოლო ამას, რაც შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების ამბორი.
46ზეთი არა მცხე თავზე, ხოლო ამან ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე.
47რის გამოც გეუბნები შენ: მიეტეოს თავისი მრავალი ცოდვა, რადგან შეიყვარა ძლიერ; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედ შეიყვარებს.
48და უთხრა მას: მოგეტეოს შენი ცოდვები.
49და დაიწყეს თანამეინახეებმა თქმა თავის გულში: ვინ არის ეს, რომელიც ცოდვებსაც მიუტევებს?
50და უთხრა დედაკაცს: შენმა რწმენამ გიხსნა შენ, იარე მშვიდობით.
Next