Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1და იყო, მეორე-პირველ შაბათს გადიოდა იგი ყანებით; და წყვეტდნენ მისი მოწაფეები თავთავებს და ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ;
2ხოლო ზოგმა ფარისეველმა უთხრა მათ: რად აკეთებთ იმას, რაც არ არის მართებული შაბათს?
3და მიუგო მათ და უთხრა იესომ: არც ეს ამოგიკითხავთ, რა გააკეთა დავითმა, როცა მოშივდათ მას და მასთან მყოფებს?
4როგორ შევიდა ღვთის სახლში და შესაწირავი პურები აიღო და შეჭამა, რომელთა ჭამაც არ იყო მართებული არავისთვის მღვდლების გარდა, და მისცა იმათ, ვინც მასთან იყო?
5და ეუბნებოდა მათ: ძე კაცისა უფალი არის შაბათისაც.
6და იყო, სხვა შაბათსაც შევიდა იგი შესაკრებელში და ასწავლიდა. და იყო იქ კაცი და მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა მას.
7და უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, შაბათს განკურნავდა თუ არა, რათა ეპოვათ, როგორ დაესმინათ იგი;
8ხოლო მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა: ადექი და დადექი შუაში. ხოლო იგი ადგა და დადგა.
9და უთხრა იესომ მათ: გეკითხებით თქვენ, რა არის მართებული შაბათს, სიკეთის კეთება თუ ბოროტების კეთება? სულის ცხონება თუ დაღუპვა?
10და გადახედა მათ ყველას და უთხრა მას: გაშალე შენი ხელი, ხოლო მან გაშალა და აღუდგა მას ხელი.
11და ისინი აივსნენ უგუნურებით და ბჭობდნენ ერთმანეთში, რა ექნათ იესოსთვის.
12და იყო იმ დღეებში გავიდა იგი მთაზე სალოცავად და ღამეს ათევდა ლოცვაში ღვთის მიმართ.
13და როცა დადგა დღე, მოუწოდა თავის მოწაფეებს და გამოირჩია მათგან თორმეტნი, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14სიმონი, რომელსაც უწოდა პეტრე და ანდრია, ძმა მისი, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც ერქვა მოშურნე,
16იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც იყო გამცემი.
17და ჩამოვიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას; და მისი მოწაფეების კრებული და დიდი სიმრავლე ერისა მთელი ჰურიასტანიდან და იერუსალიმიდან და ზღვისპირა ტვიროსიდან და სიდონიდან
18მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისი და განკურნებულიყვნენ თავის სენთაგან; და შეწუხებულნი არაწმინდა სულთაგან იკურნებოდნენ.
19და მთელი ხალხი ცდილობდა, რომ შეხებოდა მას, რადგან ძალები გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20და მან მიაპყრო თვალები თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულით, რადგან თქვენია სასუფეველი ღვთისა;
21ნეტარნი ხართ, რომელთაც გშიათ ახლა, რადგან გაძღებით; ნეტარნი ხართ, რომელნიც ტირით ახლა, რადგან გაიცინებთ;
22ნეტარნი იქნებით, როცა მოგიძულებენ თქვენ ადამიანები და როცა გაგაძევებენ თქვენ და გაგლანძღავენ და გააცხადებენ თქვენს სახელს, როგორც ბოროტისას, ძისა კაცისას გამო;
23გიხაროდეთ იმ დღეებში და იმხიარულეთ, რადგან, აჰა, საზღაური თქვენი მრავალია ცაში, რადგან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან მიიღეთ თქვენი ნუგეში.
25ვაი თქვენ, მაძღარნო ახლა, რადგან მოგშივდებათ; ვაი თქვენ, რომლებიც იცინით ახლა, რადგან იგლოვებთ და იტირებთ,
26ვაი თქვენ, როდესაც კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველებს მათი მამები;
27არამედ გეუბნებით თქვენ, ვისაც გესმით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე გაუკეთეთ თქვენს მოძულეებს,
28აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი, ილოცეთ მათთვის, რომლებიც შეურაცხგყოფენ თქვენ.
29ვინც გაგარტყამს შენ ყვრიმალში, მიუშვირე მეორეც და ვინც წაგართმევს შენ სამოსს, კვართსაც ნუ დაუჭერ.
30ყველას, ვინც მოგთხოვს შენ, მიეცი და ვინც წაგართმევს შენსას, ნუ მოსთხოვ.
31და როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ თქვენ ადამიანები, თქვენც მოექეცით მათ მსგავსადვე.
32და თუ გიყვართ თქვენი მოყვარენი, რა მადლია თქვენთვის? რადგან ცოდვილებსაც უყვართ თავისი მოყვარენი.
33და თუ სიკეთეს უკეთებთ თქვენს კეთილისმყოფელებს, რა მადლია თქვენთვის? რადგან ცოდვილებიც ასე იქცევიან.
34და თუ ასესხებთ მათ, ვისი იმედიც გაქვთ, რომ დაგიბრუნებთ, რა მადლია თქვენთვის? რადგან ცოდვილებიც ცოდვილებს ასესხებენ, რომ დაიბრუნონ იმდენივე;
35ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე გაუკეთეთ და ასესხეთ და ნურაფერს დაელოდებით; და იქნება თქვენი საზღაური მრავალი და იქნებით ძეები მაღლისა, რადგან იგი ტკბილია უმადლოთა და უკეთურთათვის.
36იყავით მოწყალე, როგორც მოწყალეა მამა თქვენი.
37ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; ნუ დასდებთ მსჯავრს და მსჯავრი არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ;
38მიეცით და მოგეცემათ თქვენ. საწყაო კარგი, დატკეპნილი და დაწნეხილი და თავმობმული მოგეცემათ თქვენს წიაღში, რადგან იმავე საწყაოთი, რომლითაც მიუწყავთ, მოგეწყვებათ თქვენ.
39და ეუბნებოდა მათ იგავსაც: ნუთუ შეუძლია ბრმას ბრმის წინამძღვრობა? განა ორივე ორმოში არ ჩავარდება?
40არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე აღმატებული. ხოლო ყოველი, რომელმაც სისრულეს მიაღწია, იქნება როგორც თავისი მოძღვარი.
41რად ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო დირეს საკუთარ თვალში არ განიცდი?
42ან როგორ შეგიძლია, უთხრა შენს ძმას: ძმაო, მაცალე და ამოგიღებ ბეწვს შენი თვალიდან, — და თავად შენს თვალში დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ამოიღე პირველად დირე შენი თვალიდან და მაშინვე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
43რადგან არ არის კარგი ხე, რომელიც უვარგის ნაყოფს გამოიღებს, არც უვარგისი ხე, რომელიც კარგ ნაყოფს გამოიღებს;
44ვინაიდან თითოეული ხე საკუთარი ნაყოფით იცნობა, რადგან ეკლისგან არ კრებენ ლეღვს, არც მაყვლისგან კრეფენ ყურძენს.
45კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს სიკეთე და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტება, რადგან გულის სისავსისაგან მეტყველებს მისი პირი.
46რატომ მეუბნებით მე უფალო, — და არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47ყოველი, რომელიც მოდის ჩემთან და ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ თქვენ, ვისი მსგავსია:
48მსგავსია კაცისა, რომელიც აშენებს სახლს, რომელმაც ამოთხარა და გააღრმავა და დადო საძირკველი კლდეზე. და როცა წყალდიდობა იყო, ეკვეთა მდინარე იმ სახლს და ვერ შეძლო დაძვრა მისი, რადგან დაფუძნებული იყო კლდეზე;
49ხოლო ვინც ისმინა და არ შეასრულა, მსგავსია კაცისა, რომელმაც ააშენა სახლი მიწაზე საძირკვლის გარეშე, რომელსაც ეკვეთა მდინარე, და მაშინვე დაეცა და იყო დაქცევა იმ სახლისა დიდი.
Next