თავი - 5
Previous1იყო, როდესაც ხალხი აწყდებოდა მას, რომ მოესმინა ღვთის სიტყვა, თვითონ იდგა გენესარეთის ტბის პირას.
2და დაინახა ორი ნავი, ტბის პირას მდგომი, ხოლო მებადურები გადმოვიდნენ იქიდან და რეცხავდნენ ბადეებს.
3და ავიდა ერთ ნავში, რომელიც იყო სიმონისა, და სთხოვა მას, ცოტა მოშორებოდა მიწას; და დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს;
4ხოლო როგორც კი დაამთავრა საუბარი, უთხრა სიმონს: შედი ღრმად და ჩაუშვით თქვენი ბადეები დასაჭერად.
5და მიუგო სიმონმა და უთხრა: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვით ჩავუშვებთ ბადეს.
6და ეს რომ გააკეთეს, დაიჭირეს დიდი რაოდენობით თევზი და წყდებოდა მათი ბადეები;
7და ანიშნეს ამხანაგებს, რომლებიც იყვნენ სხვა ნავში, რომ მისულიყვნენ და დახმარებოდნენ მათ. და მივიდნენ და აავსეს ორივე ნავი, ისე რომ იძირებოდნენ ისინი.
8და როცა იხილა სიმონ-პეტრემ, ჩაუვარდა მუხლებში იესოს და უთხრა: გამშორდი მე, რადგან ცოდვილი კაცი ვარ, უფალო,
9რადგან გაოცებამ მოიცვა იგი და ყველა მასთან მყოფი,
10ასევე იაკობიც და იოანეც, ზებედეს ძეები, რომლებიც იყვნენ სიმონის თანამოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: ნუ გეშინია, ამიერიდან იქნები კაცთა მონადირე.
11და გამოიტანეს ნავი მიწაზე და დატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.
12და იყო, როცა შევიდა იგი ერთ ქალაქში, აჰა, იყო კაცი, სრულიად კეთროვანი; და როდესაც დაინახა მან იესო, დავარდა პირქვე, ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
13და გაიწოდა ხელი და შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მაშინვე მოშორდა მას კეთრი.
14და მან უბრძანა მას: არავის უთხრა, არამედ წადი და უჩვენე შენი თავი მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, როგორც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.
15და უფრო მეტად გავრცელდა სიტყვა მის შესახებ და იკრიბებოდა დიდძალი ხალხი, რომ მოესმინა და განკურნებულიყო მის მიერ თავისი უძლურებისგან.
16ხოლო იგი გაერიდა უდაბნოში და ლოცულობდა.
17და იყო, ერთ დღეს იგი ასწავლიდა, და ისხდნენ ფარისევლები და სჯულისმოძღვრები, რომლებიც მოსულები იყვნენ გალილეის და ჰურიასტანისა და იერუსალიმის ყველა დაბიდან, და ძალა უფლისა იყო მათ განსაკურნავად.
18და აჰა, კაცებს მოჰყავდათ სარეცლით კაცი, რომელიც იყო დავრდომილი, და ცდილობდნენ, შეეყვანათ იგი და დაედოთ მის წინ;
19და ხალხის გამო ვერ ნახეს, საიდან შეეყვანათ იგი, და ავიდნენ ერდოზე და სახურავიდან ჩაუშვეს იგი სარეცელთან ერთად შუაში, იესოს წინ.
20და როცა იხილა მათი რწმენა, უთხრა მას: კაცო, მოგეტეოს შენ შენი ცოდვები.
21და დაიწყეს ბჭობა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა და ამბობდნენ: ვინ არის ეს, რომელიც მკრეხელობს? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, თუ არა მხოლოდ ღმერთს?
22და გულისხმაყო იესომ მათი ფიქრები და მიუგო და უთხრა მათ: რად ფიქრობთ თქვენს გულში?
23რა უფრო ადვილია, თქმა: მოგეტეოს შენ შენი ცოდვები, თუ თქმა: ადექი და იარე?
24ხოლო რათა იცოდეთ, რომ ხელმწიფება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვათა მიტევებისა, უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი და აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!
25და მაშინვე ადგა მათ თვალწინ, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს.
26და გაოგნებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და დაეცათ შიში და ამბობდნენ: საოცრება ვიხილეთ დღეს.
27და ამის შემდეგ გამოვიდა და ნახა მეზვერე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საზვერეში, და უთხრა მას: გამომყევი მე.
28და დატოვა ყველაფერი, და გაჰყვა მას.
29და გაუმართა ლევიმ დიდი წვეულება მას თავის სახლში და იყო დიდი შეკრება მეზვერეთა და სხვათა, რომლებიც ინახით ისხდნენ მათთან ერთად.
30და დრტვინავდნენ მათი მწიგნობრები და ფარისევლები მის მოწაფეებზე და ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მეზვერეებთან და ცოდვილებთან?
31და მიუგო იესომ და უთხრა მათ: არ სჭირდებათ ჯანმრთელებს მკურნალი, არამედ ავადმყოფებს;
32არ მოვედი მოსაწოდებლად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის.
33ხოლო მათ უთხრეს მას: რატომ მარხულობენ ხშირად და ვედრებას აღავლენენ მოწაფეები იოანესი და ასევე ფარისევლებისა, ხოლო შენები ჭამენ და სვამენ?
34და იესომ უთხრა მათ: განა შეიძლება სიძის ძეები, ვიდრე მათთან არის სიძე, ამარხულო?
35ხოლო მოვა დღეები, როცა ამაღლდება მათგან სიძე, მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.
36და ეუბნებოდა მათ იგავითაც: არავინ ადებს საკერებელს ახალი სამოსიდან ძველ სამოსს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ მოერგება ახლის საკერებელი.
37არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ თხიერებში, თორემ გახეთქავს ახალი ღვინო თხიერებს და იგი დაიღვრება და თხიერები უვარგისი გახდება;
38არამედ ახალ ღვინოს ახალ თხიერებში ასხამენ და ორივე შეინახება.
39და არავის, ვინც სვამს ძველს, არ მოუნდება ახალი, რადგან ამბობს: ძველი უფრო ტკბილია.
Next