თავი - 4
Previous1ხოლო იესო, სავსე სულიწმიდით, დაბრუნდა იორდანიდან და მიჰყავდა სულს უდაბნოში,
2და ორმოცი დღე გამოიცდებოდა ეშმაკისგან. და არაფერი ჭამა იმ დღეებში და, როცა დასრულდა ის დღეები, მოშივდა.
3და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღვთისა, უთხარი ამ ქვებს, რომ იქცნენ პურებად.
4მიუგო იესომ და უთხრა მას: წერია, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით (2სჯ.8,3).
5და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო უმოკლეს დროში;
6და უთხრა მას ეშმაკმა: შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მომეცა, და ვისაც მინდა, მივცემ მას.
7თუ შენ თაყვანს მცემ მე, შენი იქნება ყველაფერი.
8მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა! წერია: უფალ ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (2სჯ.6,13).
9და მიიყვანა იგი იერუსალიმში და დააყენა იგი ტაძრის სახურავზე და უთხრა მას: თუ ძე ხარ ღვთისა, გადაიგდე თავი აქედან ქვევით,
10რადგან წერია, რომ თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან შენ;
11და ხელში აგიყვანენ შენ, რომ არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი (ფს.90,11-12).
12მიუგო იესომ და უთხრა: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (2სჯ.6,16).
13და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა ეშმაკმა, გაშორდა მას დრომდე.
14და მობრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და ამბავი გავრცელდა მთელ შემოგარენში მის შესახებ.
15და თავად ასწავლიდა მათ შესაკრებლებში და იდიდებოდა ყველასგან.
16და მივიდა ნაზარეთში, სადაც იყო აღზრდილი, და შევიდა, ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შესაკრებელში და ადგა წასაკითხად.
17და მისცეს მას წიგნი ესაია წინასწარმეტყველისა და გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც იყო დაწერილი:
18სული უფლისა არის ჩემზე, რომლის გამოც მცხო მე, რათა ვახარო გლახაკებს, რადგან მომავლინა მე, რომ განვკურნო გულით შემუსრვილნი და ვუქადაგო ტყვეებს განთავისუფლება და ბრმებს თვალების ახილვა და შეურვებულებს მიტევებით გაშვება,
19რომ ვიქადაგო წელიწადი უფლისგან შეწყნარებული (ეს.61,1-2).
20და დახურა წიგნი და მისცა მსახურს და დაჯდა. და შესაკრებელში ყველას თვალები მიპყრობილი იყო მისკენ.
21და დაუწყო საუბარი მათ: დღეს აღსრულდა ეს დაწერილი თქვენ ყურადსაღებად.
22და ყველა ემოწმებოდა მას და უკვირდათ სიტყვები მადლისა, რომლებიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ამბობდნენ: განა ეს არ არის ძე იოსებისა?
23და უთხრა მათ: უეჭველია, მეტყვით მე ამ ანდაზას: მკურნალო, განიკურნე თავი შენი; რაც გავიგეთ, რომ მოხდა კაპერნაუმში, გააკეთე აქაც, შენს მამულში.
24და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის შეწყნარებული თავის მამულში.
25ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალი ქვრივი იყო ელიას დღეებში ისრაელში, როცა დაიხშო ცა სამი წელი და ექვსი თვე ისე რომ იყო დიდი შიმშილი მთელ ქვეყანაზე,
26და არც ერთ მათგანთან არ გაიგზავნა ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა სიდონის სარეფთაში;
27და მრავალი კეთროვანი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს და არც ერთი მათგანი არ განიწმინდა, გარდა ნეემან ასურისა.
28და აივსო ყველა გულისწყრომით, ვინც იყო შესაკრებელში, როცა გაიგონეს ეს;
29და ადგნენ და გააძევეს იგი ქალაქის გარეთ და მიიყვანეს იგი იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი;
30ხოლო მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
31და ჩავიდა კაპერნაუმში, გალილეის ქალაქში, და ასწავლიდა მათ შაბათს.
32და განცვიფრებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ხელმწიფებით იყო მისი სიტყვა.
33და იყო შესაკრებელში კაცი, რომელთანაც იყო არაწმინდა სული, და შეჰღაღადა დიდი ხმით
34და უთხრა: რა გინდა ჩვენგან შენ, იესო ნაზარეველო? მოხვედი ჩვენს წარსაწყმედად, გიცნობ შენ, ვინ ხარ, წმიდა ღვთისა.
35და შერისხა იგი იესომ და უთხრა: გაჩუმდი და გადი მაგისგან. და დასცა იგი ეშმაკმა მათ შორის და გავიდა მისგან და არაფერი ავნო მას.
36და გაოცებული იყო ყველა და ეუბნებოდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებით და ძალით უბრძანებს არაწმინდა სულებს და გადიან?
37და გავრცელდა ხმა მის შესახებ გარემოსოფლების ყველა ადგილას.
38და ადგა და შესაკრებლიდან შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი იყო შეპყრობილი ძლიერი ცხელებით და უთხრეს მას მის შესახებ.
39და დაადგა თავზე და შერისხა ცხელება, და დატოვა იგი მაშინვე. ადგა და ემსახურებოდა მათ.
40და მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა უძლურნი სხვადასხვა სენით, მიიყვანა ისინი მასთან, ხოლო მან თითოეულ მათგანს დაადო ხელი და განკურნა ისინი.
41და მრავალთაგან გადიოდნენ ეშმაკებიც და ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა. და რისხავდა მათ და არ აძლევდა ნებას, ეთქვათ, რომ იცოდნენ, რომ ეს არის ქრისტე.
42და როცა გათენდა, გამოვიდა და წავიდა უდაბურ ადგილას. და ხალხი ეძებდა მას და მივიდნენ მასთან და აჩერებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან;
43ხოლო მან უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც უნდა ვახაროთ სასუფეველი ღვთისა, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი.
44და ქადაგებდა გალილეის შესაკრებლებში.
Next